დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში შედგა შეხვედრა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენლებთან.
შს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა, თამარ ტალიაშვილმა სტუმრებს გააცნო შს მინისტრის მიერ ბრძანებით დამტკიცებული „არჩევნების პერიოდში უწყების მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია“, რომელიც არჩევნების პერიოდში პოლიციელთა უფლება-მოვალეობებს, კანონით დადგენილ აკრძალვებსა და შეზღუდვებს განსაზღვრავს. აღნიშნული ბრძანების იმპლემენტაცია იმ რეფორმის გაგრძელებაა, რომელიც შს მინისტრმა სტრუქტურის დეპოლიტიზების მიზნით განახორციელა. გარდა ამისა, შეხვედრაზე ისაუბრეს არჩევნების პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის საკითხებზე.