საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ლატვიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ლატვიელ კოლეგას შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და ბელარუსის რესპუბლიკაში დაიწყო. ვიზიტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის კოლეგასთან - ლატვიის შს მინისტრთან რიჰარდ კოზლოვსკისთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრაზე ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დასადებად აუცილებელი პროცედურების განხორციელების თაობაზე“ ერთობლივ განცხადებას.

დღესვე შეხვედრები გაიმართება ლატვიის თავდაცვის სამინისტროში, სადაც ხელი მოეწერება „საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის ერთობლივი დაცვის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ოქმს.

დღეს ასევე გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო პოლიციის უფროს ინტს კიუზისთან. შეხვედრის დროს მხარეებმა უწყებებს შორის სამართალდამცავ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები განიხილეს.

ამის შემდეგ დაგეგმილია შს მინისტრის შეხვედრები თავის კოლეგებთან ესტონეთისა და ლიტვის რესპუბლიკებიდან. ხელი მოეწერება შეთანხმებებს: „საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“.

ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტის შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ბელარუსის რესპუბლიკაში გაემგზავრება, სადაც გაიმართება შეხვედრები ბელარუსის რესპუბლიკის შს მინისტრთან და საგანგებო სიტუაციების მინისტრთან. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრები ხელს მოაწერენ „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დასადებად აუცილებელი პროცედურების განხორციელების თაობაზე“ ერთობლივ განცხადებას.

შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში 28 სექტემბერს დასრულდება.