საპარლამენტო ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ დაძაბულობა დღითიდღე მატულობს. რამდენიმე დეპუტატი წინასაარჩევნო პროცესებში ჩართვას ითხოვს. ზოგს კი,საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის რაიონული საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელობა სურს.
უმრავლესობის წევრებმა - სოსო ჯაჭვლიანმა, ზაზა პაპუაშვილმა, ომარ ნიშნიანიძემ და დავით ლორთქიფანიძემ საკუთარი პრეტენზიებზე ყურადღება, ფრაქციის დახურულ სხდომაზე გაამახვილეს, რის გამოც, შეხვედრა ცხარე კამათისა და ხმაურის ფონზე წარიმართა.
პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მაჟორიტარი დეპუტატები წინასაარჩევნო კამპანიაში უნდა ჩართონ და კანონმდებლები, თუნდაც დავით უსუფაშვილის აქტიურობის შესახებ ინფორმაციას ტელევიზიებიდან არ უნდა ღებულობდნენ.
თანაგუნდელის პათოსს სოსო ჯაჭვლიანიც იზიარებს, რომელიც გლდანის საარჩევნო შტაბის თანამშრომელთა დაიგნორებაზე აქცენტირებდა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მისი გამარჯვება შტაბის წევრებმა განაპირობეს, თუმცა, დღეს, ეს ადამიანები უმუშევრები არიან და მათ შტაბებშიც არავინ ასაქმებთ.
„არსად წასვლას არ ვაპირებთ, უბრალოდ, პროცესებში ჩართვას ვითხოვთ“, - მიმართავდნენ აღნიშნული პირები ფრაქციის ხელმძღვანელ პირებს.
კანონმდებლებს საარჩევნო პროცესებში თუ ფორმით სურთ ჩართულობა, ამას თავად არაკონკრეტებენ, მაგრამ for.ge-ს ინფორმაციით, დავით საგანელიძესა და სწორედ აღნიშნულ დეპუტატებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც დავით საგანელიძემ მათ რაიონული შტაბის ხელმძღვანელობაზე უარი უთხრა.
კერძოდ, წყაროს ცნობით, რამდენიმე დეპუტატს, მათ შორის - ლორთქიფანიძეს, ჯაჭვლიანს, ნიშნიანიძესა დ აქავთარაძეს შესაბამისი შტაბების ხელმძღვანელობა სურდათ, რაზეც ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელმა ისინი კატეგორიული უარით გაისტუმრა. უფრო მეტიც, for.ge-ს ინფორმაციით, გოგი ქავთარაძემ ცენტრალურ შტაბს ზესტაფონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის პოსტიდან გათავისუფლება მოსთხოვა, თუმცა, აქ მნიშვნელოვანი ერთი დეტალია -თავის დროზე, ზესტაფონის შტაბის ხელმძღვანელს კოალიციაში რეკომენდაციას სწორედ ქავთარაძემ გაუწია, დღეს კი, ზესტაფონის მაჟორიტარი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამ პირთან კონფლიქტი აქვს.
„საარჩევნო კამპანია საშიშროების წინაშე დგას, რადგან ამ შტაბს სათავეში ისეთი კაცი უდგას, რომელიც ვერაფერს გააკეთებს. თუ რაღაც არ მოვიფიქრეთ და არ გამოვფხიზლდით, ზესტაფონში საარჩევნო კამპანია ჩავარდება. როცა, ამ პოსტზე ამ კაცს ნიშნავდნენ, ეს მე არ შემეკითხნენ. პარტიის ყრილობის დროს კი, მას მხარი მეც დავუჭირე. ახლა, ჩვენ ერთმანეთთან კონფლიქტში ვართ“, - განმარტავს დეპუტატი და შტაბის ხელმძღვანელი სპოსტზე დანიშვნისთვის დეპუტატთა მხრიდან დაყენებულ მოთხოვნას ეხმაურება.
მისი თქმით, რამდენიმე დეპუტატმა დღის წესრიგში საკითხი დააყენა, რომ მაჟორიტარები შტაბის ხელმძღვანელები ყოფილიყვნენ, მაგრამ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
„თავიდანვე გვითხრეს, რომ ეს არ შეიძებოდა და ეს საკითხი მოიხსნა, რის შემდეგაც, ცენტრალურ შტაბს ვთხოვე, რომ არ იფიქრონ რაიმე ინტერესი მაქვს და სხვა პირი თბილისიდან დანიშნონ“, - დასძენს ქავთარაძე.
ვანში შტაბის ხელმძღვანელობა დავით ლორთქიფანიძესაც სურდა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალმა პაატა ლეჟავამ დაამარცხა.
For.ge-სთან საუბარში ლორთქიფანიძემ თავდაპირველად, საკუთარი სურვილის დამალვა სცადა, თუმცა, მოგვიანებით, აღნიშნა, რომ რამდენიმე დეპუტატს სურვილი ჰქონდა, შტაბის ხელმძღვანელის პოსტი ჩაებარებინა.
„შტაბის ხელმძღვანელი პარლამენტის არც ერთი წევრი არ არის. ამის პრეტენზია, მე როგორ უნდა მქონოდა?!“, - აცხადებდა ლორთქიფანიძე, რომელიც ჩვენს კითხვებს ვეღარ გაექცა და აღნიშნა, რომ თავდაპირველად, დეპუტატების სურვილი იყო, რომ შტაბის ხელმძღვანელებად დანიშნულიყვნენ, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ამ პოსტზე დეპუტატები არ დაინიშნებოდნენ.
„ამ პოსტზე, ჩემი თავი მშვენივრად წარმომიდგენია, რადგან ვანში სერიოზული გუნდი მყავს. თუ პროცესებს თავს ვერ გავართმევდი, გვერდზე გავიწეოდი“, - დასძენს კანონმდებელი.
ცენტრალური შტაბის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს კიდევ ერთი დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე, რომელიც აცხადებს, რომ თერჯოლის მაჟორიტარი არ არის, მაგრამ თერჯოლის საარჩევნო შტაბის მიმართ მასაც პრეტენზიები აქვს.
„პრეტენზია იმაზე გვქონდა, რომ იმ რაიონებში, სადაც კენჭს ვიყრიდით, ხალხი გვიცნობს,სამეგობრო და სანათესაო გვყავს. გვსურდა, რომ შტაბის დაკომპლექტებაში მონაწილეობა მიგვეღო და კურატორი მაინც ვყოფილიყავით. საარჩევნო პროცესში ჩართულობას ვითხოვდით. მართალია, ეს უკვე დაგვიანებულია, მაგრამ ჩვენი რესურსი მაინც გამოსაყენებელია. საგანელიძე გვარიგებდა, რომ ჩვენი შტაბის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნა შეუძლებელი იყო, მაგრამ ბრძოლას ისევ გავაგრძელებთ, რომ პროცესში ჩაგვრთონ. შეხვედრების გრაფიკიც კი,არ ვიცით. მცდელობა არის,რომ ამ პროცესს გაგვარიდონ. მათ ჰგონიათ, რომ არჩევნები ადვილად მოსაგებია და თავზე დაფნის გვირგვინის დადგმა სურთ, მაგრამ პასუხისმგებლობა ასაღებია. საგანელიძე ამბობს, რომ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.თუმცა, არ მგონია, ასე იყოს, რადგან წააგებულ რაიონებში პასუხისმგებლობა არავის აუღია. აი, ჯაჭვლიანის მაგალითზე, რომ გესაუბროთ,მისი შტაბის ხელმძღვანელი სამსახურის გარეშეა და შტაბს არ აკარებენ. მან რა დააშვა? იგივე რესურსი რატომ არ გამოიყენეს?!“, - განუცხადა for.ge-ს ნიშნიანიძემ.
აღნიშნული დეპუტატების პრეტენზიებში ლოგიკის პოვნა შეიძლება, რადგან იმ კადრებს დაფასება სჭირდება, რომელთაც კოალიციის გამარჯვებაში წვილი შეიტანეს, თუმცა, ზოგიერთი კანონმდებელი პრემიერ-მინისტრის შეფასების არ იყოს, მართლაც „ფეოდალს“ დაემსგავსა.