„მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დიდ სიტყვას იტყვის!“

„მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დიდ სიტყვას იტყვის!“

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი თვლის, რომ 27 ოქტომბრამდე, საარჩვენო განწყობები კვირიდან-კვირამდე შეიცვლება, რადგან ხალხი ძილბურანიდან გამოდის, მდგომარეობას რეალურად აფასებს და ხვდება, რომ ქვეყნის უკუსვლა რამენაირად უნდა შეჩერდეს.

ოპოზიციონერი ხელისუფლებას მოუწოდებს კონკრეტული საქმეების კეთება დაიწყოს და ერთწლიან უმოქმედობას თავი დაანებოს.

რას ფიქრობენ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხელისუფლებაში დაბრუნების თაობაზე და რა რჩევას აძლევს ლევან ბეჟაშვილი პრემიერ-მინისტრს? - ამას for.ge-ს ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც კონტროლის პალატის ყოფილ ხელმძღვანელთან ჩავწერეთ:

ლატვიურ ტელეგრაფთანინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ვიდრე საქართველო არსებობს, „ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება. პრემიერის პროგნოზზე, რას ფიქრობთ?

- ქვეყნის ხელისუფლება თუ ვინ იქნება, ამას ქართველი ხალხი წყვეტს. ამიტომ, პრემიერს ვურჩევდი მსგავსი განცხადებების კეთების ნაცვლად, ის დაპირებები შეასრულოს, რის გამოც, მას ნდობა გამოუცხადეს. საზოგადოებაში მოლოდინი კვლავ დიდია და ხალხი მთავრობისგან კონკრეტული საქმეების გაკეთებას ელის. თუ ის უმოქმედობა გაგრძელდა, რასაც ერთი წლის განმავლობაში ვხედავთ, ეს საზოგადოებაში უფრო მეტ ნიჰილიზმს გააჩენს როგორც მთავრობის, ასევე ქართული სახელმწიფოს მიმართ. თუ დაპირებები არ შესრულდა და ვინმეს სიცრუე გაუვიდა, მაშინ გამოჩნდება, რომ ამ ქვეყნის საშველი ნამდვილად არ არის. ყველა პოლიტიკურ გუნდს თავისი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს. ჩვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ნამდვილად გვქონდა და ქვეყნისთვის უამრავი კეთილშობლური საქმე გავაკეთეთ, თუმცა, იყო გარკვეული შეცდომები, რის გამოც, პირველი ოქტომბრის შემდეგ ოპოზიციაში ვართ. ხელისუფლებამ კონკრეტული საქმეების კეთება უნდა დაიწყოს და ერთწლიან უმოქმედობას თავი უნდა დაანებოს.

მოლოდინი გაქვთ, რომ უახლოეს მომავალში, საზოგადოება ნდობის მანდატს ისევ მოგცემთ?

- საზოგადოება განსხვავებას უკვე ხედავს - თუ რა იყო გუშინ და რა არის დღეს, რა იყო კარგი და რა ცუდი. სამწუხაროდ, დღესდღეობით, მოსახლეობა კარგს ვერ ხედავს, რადგან ეკონომიკა გაჩერებულია, ათასობით ადამიანმა სამუშაო ადგილი დაკარგა, კრიმინალი იზრდება და ა.შ. ფაქტია, რომ ქვეყანა დიდი ნაბიჯებით უკან-უკან მიდის. საზოგადოება იმასაც ხედავს, რომ ის პერიოდი გადავაფასეთ, რაც გავიარეთ. ვაღიარებთ, რომ გარკვეული შეცდომები იქნა დაშვებული, რის გამოც, საკუთარ შეცდომებზე ვწავლობთ და ამ შეცდომების გამოსწორებას ვცდილობთ. ამჟამინდელი ხელისუფლება კი, სხვის შეცდომებზე არ სწავლობს, როგორც ამას გონიერი ადამიანი გააკეთებდა. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება შეცდომებს გადაჭარბებით უშვებს.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შავ-თეთრ ფერებში ხატავთ. თავად თქვენი შეცდომების გამოსწორებაზე კი, აპელირებთ. ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში, რომელი შეცდომა გამოასწორეთ?

- შეცდომების დაშვების ანალიზი ხდება. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობა, შეიძლება, ვინმეს შეცდომად მოეჩვენოს, მაგრამ ის საფუძვლებიც უნდა გავითვალისწინოთ, რის გამოც, ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადება მოხდა. იგივე ციხეებში გამოჩენილ სიმკაცრესთან დაკავშირებით, გარკვეული წინაპირობები არსებობდა, რადგან ცალკე ადმინისტრაცია ბობოქრობდა და ცალკე ქურდული სამყარო. ფაქტია, რომ სიმკაცრემ რაღაც შედეგი გამოიღო. შეიძლება, პატიმრების უფლებების დაცვის კუთხით, ვითარება დამძიმდა, მაგრამ ჩვენ უკვე სხვა ხედვები გვაქვს.

თქვენ ფიქრობთ, რომ ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადებამ შედეგები გამოიღო, თუმცა, როგორც ნათელი გახდა, საპატიმროებში ადამიანებს ცოცხებით აუპატიურებდნენ...

- სიმკაცრე რომ იყო, ამის შესახებ ცნობები არსებობდა, მაგრამ ცოცხებთან დაკავშირებით, მე კი არა და საზოგადოების უმეტესი ნაწილი თვლის, რომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნო ტალღის ასაგორებლად იყო დაგეგმილი. ეს კი, ყველაზე კარგად იმ პატიმრებმა იციან, რომლებიც უკვე თავისუფლები არიან. მართალია, გადაჭარბებული სიმკაცრე იყო, მაგრამ ეს გამოყენებული იქნა და სპექტაკლი დაიდგა.

თუმცა, ამ სპექტაკლის წყალობით, თქვენ ოპოზიციაში აღმოჩნდით და პრემიერი პროგნოზირებს, რომ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ 10 პროცენტს აიღებთ. თავად, რა მოლოდინი გაქვთ?

- მკითხაობას არ აქვს აზრი. პრემიერი იმასაც აცხადებდა, რომ შუალედურ არჩევნებში მხოლოდ ხუთ პროცენტს ავიღებდით, მაგრამ მისი პროგნოზი არ გამართლდა და ნაძალადევის ოლქში, ჩვენმა კანდიდატმა დაახლოებით ოცი პროცენტი აიღო. 27 ოქტომბრამდე საარჩვენო განწყობები კვირიდან-კვირამდე შეიცვლება, რადგან ხალხი ძილბურანიდან გამოდის, მდგომარეობას რეალურად აფასებს და მიხვდება, რომ ქვეყნის უკუსვლა რამენაირად უნდა შეჩერდეს. ჩვენი კონკურენტები - ბურჯანაძე და მარგველაშვილი ერთმანეთის ელექტორატზე მუშაობენ და მათი წინასაარჩევნო ლოზუნგებიც კი, ერთი და იგივეა. მარგველაშვილი ამბობს, რომ კოაბიტაცია დამთავრდება, ბურჯანაძე კი, სამართლიანობის აღდგენაზე საუბრობს.

თქვენ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე კი, ყურადღებას შეცდომების გამოსწორებაზე ამახვილებს. თქვენ ხმას ამომრჩეველთა რა კატეგორია მოგცემთ?

- ნდობას საზოგადოების ის ნაწილი გამოგვიცხადებს, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სტაგნაციაშია და უკან მიდის. ასევე ხმას ის ადამიანები მოგვცემენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“ და არა რომელიმე ფულიან ბიძიას, რომელიც ფულს დაგვირიგებს და ავშენდებით.

მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო კამპანიებში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა. ამჯამად, რატომ არის პრეზიდენტი ჩრდილში?

- არ აქტიურობს? პრეზიდენტი ყოველ დღე, სხვადასხვა ტიპის განცხადებებს აკეთებს. იგივე რკინიგზასთან დაკავშირებით, ის ძალიან აქტიურობს.

პრეზიდენტი ბოლო პერიოდში, ძირითადად მთასვლელობას ეწევა. თქვენგან გარიყულია?

- არაფერი გარიყული არ არის! პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად რჩება და ის ყოველთვის პარტიის ლიდერი იქნება. მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ძალიან დიდ სიტყვას იტყვის.

პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით, ოპტიმისტურად ხართ განწყობილნი, თუმცა, თქვენგან განსხვავებით, პრემიერი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში საერთოდ ვერ მოხვდებ...

- ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რაღაც პერიოდი იყო, როცა ძლიერი ოპოზიცია არ გვყავდა და ამან კარგი არ მოგვიტანა. ახალი ხელისუფლება კი, იგივე შეცდომებს ათმაგად იმეორებს და სხვის შეცდომებზე ვერ სწავლობს. ძალიან ბევრ სფეროში დიდი გამოცდილება გვაქვს და კეთილშობლური იდეა, რომ მთავრობას ქვეყნის წინსვლაში დავეხმაროთ, მაგრამ ისინი ამაზეც უარს ამბობენ.

კეთილშობილური იდეებითცხრა წლის განმავლობაში, რატომ არ გამოდიოდით?

- ვფიქრობ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მეტი უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ არის პერიოდი, როცა ჩქარობ.