სამომავლო ინდულგენცია იქნება ნაციონალური მოძრაობისთვის

სამომავლო ინდულგენცია იქნება ნაციონალური მოძრაობისთვის

„როგორც სააკაშვილი ვერ უმკლავდებოდა რუსეთის ოკუპაციას, ისე ჩვენ ვერ ვუმკლავდებით“, - ასე უპასუხა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რათა სოფელ დიცში მავთუხლართების გაბმის პროცესი შეჩერდეს.როგორც ზაქარეიშვილი აცხადებს, საუბედუროდ, ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება და ეს არა ერთდღიანი აქციაა, არამედ - პროცესია.

როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა აქტიურად ცდილობს დასავლეთისგან შესაბამისი რეაქცია დაფიქსირდეს - იუსტიციის მინისტრმა დიცთან შექმნილი ვითარება შტეფან ფულესა და სესილია მალმსტრომთან განიხილა და საკუთარი პოზიციაც დააფიქსირა: „განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ეს ქმედებები აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებზე განხორციელებული ზეწოლის ფონზე ხდება, რათა მათ თავი შეიკავონ ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შეთანხმების პარაფირებისაგან. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განვითარებული მოვლენები დროში ემთხვევა ბრიუსელში იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის მიერ საქართველოს ევროპული არჩევანის დადასტურებას“.

რას უკავშირდება რუსეთის გააქტიურება, საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, ვილნიუსის სამიტს თუ რუსეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდს; რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და რა დასაყრდენი მოძებნა რუსეთმა საქართველოში ამ თემებზე ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის შესახებრომელიც არის ერთგვარი შეჯამება ევროკავშირის მისიის საქმიანობისა საქართველოში. თქვენი შეფასებით, შესაძლებელი იყო თუ არა, ამ მისიას უფრო ეფექტურად ემუშავა? მაგალითად, არ მომხდარიყო დიცის ინცინდენტი...

- სიმშვიდე საქართველოს მიმართულებით არ შედის რუსეთის ხელისუფლების ინტერესებში. მათ ვერ მოიხალისეს ბოლომდე თავისი სამხედრო გამარჯვება საქართველოზე და სხვა არგუმენტი, რომ მოიპოვონ საკუთარი მოსახლეობის სიმპათია საერთაშორისო ასპარეზზე გადადგმული რაიმე ნაბიჯით, მათ არ გააჩნიათ. უფრო ხშირად უცხოეთიდან რუსეთი  წკიპურტებს ღებულობს.საფრთხეს შეიცავს არა რუსულ-ქართული ურთიერთობა, არამედ კონკრეტული მმართველების არც თუ ჯანსაღი ფსიქიკა.

ვის გულისხმობთ?

- ვინც არის მზად, რომ საკუთარ ქვეყანას მეზობლებთან ურთიერთობის გასარკვევად საუკეთესო გამოსავლის სახით ომი შესთავაზოს. ომს ერთი მხარე არ აწარმოებს და ის, რაც საქართველოს მოსახლეობამ მოახერხა 2012 წლის ოქტომბერში და რასაც დაადასტურებს კიდევ ერთხელ 2013 წლის ოქტომბერში, ჯერ კიდევ მიუწვდომელია რუსული საზოგადოებისთვის.

ამიტომ, ვიდრე დემოკრატიის ყლორტები არ გახდება რუსული პოლიტიკის რეალობა, ნებისმიერი მმართველის პირობებში ანალოგიური საფრთხე საქართველოსთვის შეიძლება იყოს რეალობა.

დღეს სრულიად მკაფიოა რუსეთის ხელისუფლების ხელაღებული ხულიგნობა საერთაშორისო ასპარეზზე და რა მიმართულებითაც არ უნდა გამოთქვან მათ საწინააღმდეგო აზრი საერთაშორისო ხედვასთან დასაპირისპირებლად, ამის დადასტურებას ცდილობენ მხოლოდ საქართველოს მიმართულებით.

თუმცა არჩევანი მათ ფართო აქვთ - ყარაბაღის საკითხს იყენებენ, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტს ერევანსა და ბაქოზე, დნესტრისპირეთის საკითხი მათი მუდმივი იარაღია კიშინოვის მიმართულებით და ყველაზე უფრო საშიშია მათ ხელში თემა, რასაც ჰქვია ყირიმი და უკრაინა.

რომელი მიმართულებით გააგრძელებენ ისინი საერთაშორისო საზოგადოების საბოტაჟს ეს ძნელად პროგნოზირებადია, რადგან არაპროგნოზირებადია თავად ქცევითი ნორმები რუსეთის დღევანდელი უმაღლესი ხელისუფლებისა.

ვიმეორებ, ჩვენ ეს პროცესი გავიარეთ და ახლა ვართ მოწმენი, როგორია არაჯანსაღი ქცევითი მანერების მქონე მაღალი თანამდებობის პირის აგონია ერთი თვით ადრე პოლიტიკიდან გარიყვამდე.

რუსეთის ქმედებას საქართველოში მოსახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებიც შიძლება უკავშირდებოდეს?

- რუსეთს აფრთხობს საქართველოს დემოკრატიული განვითარება, მაგრამ გულს უხეთქავს შესაძლებლობა უკრაინის დემოკრატიული განვითარებისა. ამიტომ ვილნიუსის სამიტი საჯარო განცხადებებისთვის შეიძლება  მისთვის იყოს მიუღებელი საქართველოს მიმართულებით, მაგრამ რეალურად მისთვის გულისგამხეთქი არის უკრაინის მზაობა, მოაწეროს ხელი ამ დოკუმენტს.

ანუ, რუსეთის რეალური მოტივაცია ვილნიუსის სამიტია? საქართველოს მთავრობაშიც გამოითქვა მსგავსი მოსაზრება...

- რასაკვირველია ეს მის ინტერესებშია, მაგრამ გარკვეული ბუმერანგის სახით მას წინ აქვს ჩასატარებელი ოლიმპიადა. უკვე მკვიდრდება აზრი, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ბოლოს და ბოლოს, მკაფიოდ უნდა გამოთქვას მოსაზრება, რა ღონისძიების ჩატარების უფლება მოიპოვა რუსეთმა, რა უნდა ჩაატაროს მოსკოვმა სოჭში, ოლიმპიადა თუ პუტინიადა.

თუ პუტინი, თავისი ახირებული ხასიათიდან გამომდინარე, ოლიმპიური პრინციპების შეურაცხყოფას დაიწყებს, ეს არის სწორედ საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში გადატანა იმ ოკუპაციური მავთულხლართებისა და ასეთ შემთხვევაში არა მხოლოდ საქართველო იქნება ის ქვეყანა, რომელიც ზურგს შეაქცევს სოჭის პუტინიადას ისე, რომ გამო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან არანაირ გაკიცხვას არ მიიღებს ამის.

თუ რუსეთი ასე ყოველდღიურად არღვევს ოლიმპიური სულისკვეთებით განსაზღვრულ წესებს, თუ მას საკუთარ თავზე აქვს აღებული ქვეყნების სია, ვის შეიყვანს აკრედიტირებულად და ვის - მონაწილედ, და ამ სიაში შეჰყავს მხოლოდ მის მიერ აღიარებული ტერიტორიები საქართველოსი, რასაკვირველია, ასეთ პუტინიადაში საქართველოსთვის მონაწილეობა მიუღებელია და ვფიქრობ, არა მხოლოდ მისთვის.

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, შესაძლოა, დამოუკიდებელი რესპუბლიკების სახით იყოს წარმოდგენილი ოლიმპიადაზე, თუმცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან დადასტურება ან უარყოფა მსგავსი ფაქტის არსებობის შესახებ ცნობილი არ არის. შესაძლებელია მსგავსი რამ მართლაც მოხდეს?

- ასეთი რამ ვერ მოხდება, რადგან ამას განსაზღვრავს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, რომლის წევრები არ გახლავთ დასახელებული ტერიტორიები ჩვენი ქვეყნისა, მაგრამ ის, რომ აკრედიტირებულ ჟურნალისტთა სიებში ეს ტერიტორიები მოიხსენიება, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნები და ეს რუსული დოკუმენტია, საკმარისია იმ პროტესტისთვის, რომელიც უნდა გააჟღეროს საქართველოს მხარემ. როგორც მინიმუმი, არანაირი ოფიციალური დელეგაცია საქართველოსი ამ პუტინიადაში არ უნდა იყოს ჩართული.

არ გამოვრიცხავ, რომ სპორტსმენებმა იგუნდაონ და იციგავონ, რადგან სხვა სახეობები სპორტისა ჩვენთან მაინცდამაინც არ არის განვითარებული, მაგრამ სახელმწიფო დელეგაციას ასეთ შემთხვევაში იქ ნამდვილად არაფერი არ ესაქმება.

როგორ შიძლება უკავშირდებოდეს სოჭის ოლიმპიადა დიცში განვითარებულ მოვლენებს, თუ ზეწოლის მექანიზმია, რისი დათმობა სურს რუსეთს ჩვენგან?

- მეტი დათმობა. გარდა იმისა, რაც გამოითქვა ახალი ხელისუფლების მიერ, რომ ისინი ცვლიან წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებას და არ უცხადებენ ბოიკოტს სოჭის ოლიმპიადას, გახდა პასუხის ღირსი რუსეთის მხრიდან იმ სახით, რომ მავთულხლართები სულ უფრო ღრმად შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე; სულ უფრო ხშირად ისმის ცინიკური განცხადებები საქართველოს მიმართ, რომ პირდაპირი კავშირი იქონიოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან. თითქოს ეს მავთულხლართები ავსტრალიის ხელისუფლების მიერ არის იქ გაკეთებული.

როგორი იქნება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება სოჭის ოლიმპიადის მიმართ, ეს ჯერ კიდევ საფიქრალია. არ მგონია, საზოგადოებისთვის ნებისმიერი გადაწყვეტილება იყოს ცალსახად მისაღები, მაგრამ  ხელისუფლება უნდა ეცადოს, რომ ძალიან ახლოს იყოს ჩვენი მოსახლეობის განწყობასთან ამ პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმისას. გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა ოლიმპიადაში მონაწილეობას, ხელისუფლებამ მსჯელობისათვის თავიდან უნდა გახსნას.

ბოლო დროს გააქტიურდა ევრაზიული კავშირის თემაც. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ეს თემა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტუალური იყო. ბიძინა ივანიშვილმაც ახსენა, სააკაშვილმაც აკეთა განცხადებები... შეიძლება ეს თემა უშუალო კავშირში იყოს რუსეთის აგრესიასთან ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე?

- კატეგორიულად არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ევრაზიის კავშირს რაიმე აქტუალობა გააჩნია საქართველოსთვის  და რომ ამ თემის აქტუალიზაციაში რაიმე წვლილი მიუძღვის ბატონ ივანიშვილს. როდესაც ადამიანი თავისი პრესკონფერენციის პირველ ნაწილში 15-ჯერ მაინც ამბობს, საქართველოს მთავარი სტრატეგიული მიმართულება არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია - საუბარია ევროკავშირსა და ნატოზე, ამას მოჰყვა სრულიად მაპროვიცირებელი შეკითხვა, ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით. პასუხი, ჩემი აზრით, იყო სრულიად დიპლომატიურ ჩარჩოში მოქცეული - აქსიომაა, რომ არასოდეს თქვა „არასოდეს“. ადამიანმა თქვა, დავინტერესდები, შევისწავლი რას წარმოადგენს ეს კავშირი.

თუმცა, სააკაშვილმა აქტიურად გააგრძელა ეს თემა...

- იმიტომ, რომ დიდი მზაობა იყო ამ კითხვის დასასმელად რუსეთში და „ნაციონალურ მოძრაობაში“. მე თავად აღმოვჩნდი გარკვეულ მოულოდნელობაში, როდესაც „რია ნოვისტიმ“ ჯერ კიდევ ივანიშვილის პრესკონფერენციამდე ორი დღით ადრე მიმწვია ტელეხიდზე მოსკოველ კოლეგებთან სადისკუსიოდ. არ ვიცი, მე არასწორად მომესმა თუ შეგნებულად გამაფრთხილეს ასე, თემა უნდა ყოფილიყო „რა არის საქართველოსთვის ევროკავშირთან სწრაფვის მოტივაცია“.

სწორედ ივანიშვილის ამ პრესკონფერენციის მეორე დღეს, „რია ნოვოსტის“ ოფისში მისული სრულ გაუგებრობაში აღმოვჩნდი. როგორც დამპირდნენ, ეკრანზე ვხედავდი მოსკოვში შეკრებილ ადამიანებს, ესენი გახლდათ პუტინის პირადი მრჩევლები, დუმის წევრები, რუსეთის პრეზიდენტის საზოგადოებრივი აზრის საბჭოს წევრები.

გამაკვირვა ქართულმა აუდიტორიამ. აღმოვჩნდი ბატონ ვალერი ხაბურძანიას გვერდით, მის გვერდით ისხდნენ დამფუძნებლები არასამთავრობო ორგანიზაციისა, „ევრაზიული კავშირი - საქართველო“. იქ იყო დაახლოებით 30 ჯან-ღონით სავსე, საკმაოდ კუშტი გამომეტყველების ახალგაზრდა. ასევე მოწვეული იყო ზუგდიდიდან ე.წ. სტაროობრიადცების წინამძღოლი მღვდელი.

„სტაროობრიადცები“ ვინ არიან?

- რუსეთში გამიგია ეს მიმართულება, მაგრამ აქ მათი არსებობის შესახებ არ მსმენოდა, გამოვიდა მათგან ერთ-ერთი და პირდაპირ განუცხადა მოსკოვში შეკრებილ აუდიტორიას, რომ ზუგდიდიდან იმიტომ ჩამოვიდა, რუსეთისთვის რომ გაეგებინებინა, ვალერი ხაბურძანიას მსგავსი ადამიანი საქართველოში მეორე არსებობს და მას უნდა მოვუფრთხილდეთო.

ეს იყო ფრაზა, რომლის შემდეგაც დავტოვე დარბაზი, თუმცა მანამდე საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩადგნენ ჩემი ოპონენტები მოსკოვში, რადგან საშუალება მქონდა, მესაუბრა, თუ როგორი დისკრედიტაციაა დსთ-ს გამოცდილება.

სრულიად უსაფუძვლოდ ჩავთვალე ხალისი მოსკოვური აუდიტორიისა იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთი შევიდა საბაჟო კავშირში, რადგან კარგად გვახსოვს როგორი იძულებითაც აღმოჩნდა დსთ-ში საქართველო და მაშინ, როდესაც მოსკოვში ხალისობდნენ ამ თემაზე, ერევანში საპროტესტო აქციები იმართებოდა. არც ის დამიმალავს ჩვენი მოსკოველი მსმენელებისთვის, რომ სწორედ ზეწოლით, ყარაბაღის თემით გახადეს იძულებული სომხეთი, ამგვარი გადაწყვეტილება მიეღო.

როდესაც საუბარი იყო საბაჟო კავშირში გაწევრიანების შესახებ და მოსკოველი კოლეგები გვარწმუნებდნენ, ამაზე კარგი საქართველოს არაფერი უნდა ეგულებოდესო, ძლიან დაიბნენ, როდესაც საბაჟო საკითხებში რუსეთის სანდოობიოს თემა წამოვწიე და დავსვი კითხვა, რომელი უწყება აწვდის რომელ უწყებას საქართველოში იმის შესახებ ინფორმაციას, რა ტიპის ტვირთი შედის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან.

თავის დროზე რუსეთმა ამ ინფორმაციის გადმოცემაზე ვალდებულება აიღო, როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების წინაპირობა, მაგრამ რატომღაც ყოფილი და ახლანდელი ხელისუფლებაც დუმს ამაზე. როგორც ჩანს, რუსებმა ჩათვალეს, რომ ხუმრობა იყო ქართული ხელისუფლების მხრიდან ამ ჩანაწერის დაფიქსირება. ფაქტია, რომ მესამე წელია არავითარი ინფორმაცია არ მოდის და ნურავინ იფიქრებს, რომ ერთი კილოგრამი შაქარიც კი არ შეუტანიათ ამ ტერიტორიებზე რუსეთიდან.

არ არის გამორიცხული, რომ საბაჟო კავშირში საქართველოს შესვლის თემა გაააქტიუროს რუსეთმა?

- დარწმუნებული ვარ, რომ წინა დღეს დასმული კითხვა ბიძინა ივანიშვილისთვის და ეს შეხვედრა „რია ნოვოსტიში“, ვიღაცის მიერ მშვენივრად იყო დაგეგმილი და ამ გეგმის ერთ-ერთი განმახორციელებელი გამოდის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ყიჟინით იმ თემაზე, რომელსაც საქართველოში სერიოზულად არავინ განიხილავს, გარდა იმ აუდიტორიისა, რომელთანაც ორიოდე საათი დავყავი.

ცოტა უცნაურია, „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში პრორუსული ძალების გააქტიურებით რომ არის დაინტერესებული...

- რაც უფრო დიდი იქნება დღევანდელი საქართველოს და მისი მმართველი პოლიტიკური ძალის კრიტიკის საფუძველი, რატომღაც მათ მიაჩნიათ, რომ ეს სამომავლო ინდულგენცია იქნება „ნაციონალური მოძრაობისთვის“.