„გიორგი მარგველაშვილს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რაც ძალიან კარგ პრეზიდენტს სჭირდება“

„გიორგი მარგველაშვილს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რაც ძალიან კარგ პრეზიდენტს სჭირდება“

მიხეილ სააკაშვილმა, ერთპიროვნული მმართველობით და მისგან გამოწვეული კატასტროფული შედეგებით, პრეზიდენტის ინსტიტუტის სრული დისკრედიტაცია მოახდინა. საზოგადოებაში არ დარჩა ფენა, რომელსაც პრეზიდენტის მიმართ ნდობა ჰქონდეს შენარჩუნებული. სააკაშვილმა პრეზიდენტის ისედაც ფართო უფლებები, 2004 წლის 6 თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებებით უფრო გაიფართოვა, პარლამენტსა და მინისტრთა კაბინეტს ნომინალური ფუნქციები დაუტოვა და კლასიკური ტიპის ავტოკრატად იქცა. სწორედ ეს გახდა საფუძვლად იმ უმძიმესი პროცესებისა, რომელიც შემდგომი 8 წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარდა.

საპრეზიდენტო არჩევნები კარს არის მომდგარი. ახალი პრეზიდენტისთვის ახალი პოსტი ერთგვარი გამოცდაც იქნება - რამდენად შესძლებს გაუძლოს მის ხელთ არსებული ძალაუფლების ცდუნებებს? შესძლებს კი ახალი პრეზიდენტი თავისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციის-პარლამენტსა და მინისტრთა კაბინეტს შორის არბიტრის ფუნქციის შესრულებას თუ ქვეყანაში ახალ-ახალი კონფლიქტებისა და დაპირისპირებების წყაროდ იქცევა? იქნება ახალი პრეზიდენტი ქვეყნისა და ხალხის მსახური, თუ ისიც სააკაშვილივით მხოლოდ საკუთარი და ვიწრო პარტიული ჯგუფის კეთილდღეობისთვის, კომფორტული ცხოვრებისთვის გამოიყენებს ხალხის მიერ მინიჭებულ ძალაუფლებას? საზგადოებას, ცხადია, აინტერესებს ამ კითხვებზე პასუხი.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვე დარჩა. სადღეისოდ, ყველა კომპენტენტურ კვლევითი ორგანიზაციის მონაცემებით, პრეზიდენტობის ყველაზე რეალური კანდიდატი გიორგი მარგველაშვილია - ის ყველა კვლევის შედეგად საგრძნობლად უსწრებს სხვა, მეტ-ნაკლებად რეალურ კანდიდატებს. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ მარგველაშვილს განაღდებული აქვს პირველსავე ტურში გამარჯვება. ამავე კვლევებით, მეორე სარეიტინგო ადგილზე „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეა, შემდეგ კი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით ბაქრაძე მოდის. პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებს იმდენად დაბალი რეიტინგი აქვთ, რომ ამ ეტაპზე მათ შანსებზე არც კი ღირს საუბარი. ჩვენ პარლამენტის წევრს, ლევან ბერძენიშვილსა და ექსპერტს პოლიტიკის საკითხებში, ნათელა სახოკიას ვთხოვეთ, შეეფასებინათ პრეზიდენტობის ეს სამი კანდიდატი ერთადერთი კუთხით-რომელ მათგანს შეუძლია დაკარგული ნდობა დაუბრუნოს პრეზიდენტის ინსტიტუტს, ანუ რომელი მათგანი იქნება ქვეყნის დემოკრატი მმართველი და ხალხის რეალური მსახური.

ლევან ბერძენიშვილი:

მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა სუპერსაპრეზიდენტო ინსტიტუტის სრული დისკრედიტაცია, ერთი კაცის ხელში მოაქცია მთელი ძალაუფლება. მისმა თვითნებობამ, კომფორტის მიმართ უზომო სიყვარულმა, რაც პატარა ადამიანებს ახასიათებთ, საბოლოოდ დაუკარგა ხალხს პრეზიდენტის მიმართ წარმოდგენა და სწორედ ამიტომაც მოხდა ახალი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვა. ყველაზე დიდი დანაშაული, რაც სააკაშვილმა ჩაიდინა, როგორც პრეზიდენტმა, ისაა, რომ ის საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვის გარანტი კი არა, მათი უფლებების უპირველესი დამრღვევი იყო, ის ხალხს ესხმოდა თავს და თანაც, არაერთხელ მოქცეულა ასე. მან ყველა საპრეზიდენტი ბერკეტი გამოიწერა საიმისოდ, რომ მისი მმართველობის დროს, საქართველოში ხალხს რაც შეიძლება ცუდად ეცხოვრა. არადა, პრეზიდენტი, უპირველესად, სწორედ, ხალხის უფლებების დამცველი უნდა იყოს. სააკაშვილმა შესძლო ქვეყნის წინსვლისა და განვითარების შეეფერხებაც- სამწუხაროდ, ესეც წარმატებით მოახერხა.

გიორგი მარგველაშვილს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რაც ძალიან კარგ პრეზიდენტს სჭირდება. მას მეტად მნიშვნალოვანი საქმეები აქვს გაკეთებული. სადაც კი საქმიანობდა, ყველგან წარმატებას მიაღწია. მისი პოლიტიკური კარიერა პირდაპირ პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეობით არ დაწყებულა, როგორც ეს სააკაშვილის შემთხვევაში იყო. ის დიდი ხანია პოლიტიკაშია, პოლიტიკური გემოვნება, მსოფლმხედველობა დიდი ხნის წინ, ახალგაზრდობაში ჩამოუყალიბდა -ცალსახად პროდასავლური პოლიტიკური კურსის, დემოკრატიის მომხრეა და ზოგიერთისგან განსხვავებით, ერთხელ არჩეული გზისგან არ გადაუხვევია. ეს უმნიშვნელოვანესი გზავნილია ჩვენი საზოგადოებისთვის. გიორგი ბოლომდე დარჩა თავისი პრინციპების ერთგული, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ კატაკლიზმებშიც არაერთხელ მოჰყოლია. ის ძალაუფლებას არასოდეს ელტვოდა, თუმცა, ამდენი ხანია პოლიტიკაშია, ხშირად ახლოსაც იყო ძალაუფლებასთან, მაგრამ მის მოპოვებაზე არ უფიქრია. რაღა შორს წავიდე, კაცი განათლების მინისტრი იყო, მაგრამ ძალაუფლების ხიბლში არ ჩავარდნილა. მეტიც, როცა პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს, იმაზე ადრე გადადგა მინისტრის პოსტიდან, ვიდრე ამას კანონი მოითხოვდა. მინისტრად მუშაობის პერიოდში კი ერთი უმნიშვნელო შეცდომაც კი არ დაუშვია. მისი ყველა გადაწყვეტილება ხალხის ინტერესების შესატყვისი იყო. ის ამ ხალხის წიაღიდანაა და ამიტომაც კარგად ესმის მათი. მოკლედ, გიორგი შემდგარი კაცი და პოლიტიკოსია.

თავისი კონკურენტებისგან განსხვავებით, გიორგი მარგველაშვილს ვერც პოლიტიკურ და ვერც სხვა სახის წარსულის ცოდვებს ვერ მოჰკითხავ, რადგან ასეთი ცოდვები არ გააჩნია. ნინო ბურჯანაძისგან განსხვავებით, მისი ოჯახის წევრები არასდროს ყოფილან შემჩნეულნი ისეთ საქმიანობაში, რის გამოც მას შესაძლოა შერცხვეს, ან მომავალში წამოაძახონ. გადაჭრით ვიტყვი, რომ გიორგი მარგველაშვილი შესძლებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნოს საზოგადოების ნდობა, ემსახუროს ხალხს და არა-ხალხი იმსახუროს.

ნინო ბურჯანაძე ორჯერ უყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ორჯერ იყო პარლამენტის თავმჯდომარე, მაგრამ კარგით ვერაფრით ვერ დაგვამახსოვრა თავი. ბურჯანაძე მრავალი წლის მანძილზე იყო ხელისუფლებაში, ამის მიუხედავად, ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ გადადგმული თუნდაც ერთი ნაბიჯის გახსენებაც უჭირს საზოგადოებას, რადგან ასეთი არ არსებობს. მან პოლიტიკაში საკუთარი თავი ამოწურა, პარლამენტის თავმჯდომარეობა მისი პოლიტიკური კარიერის პიკი იყო. მოდით, ერთი წამით დავუშვათ ის, რაც არასდროს მოხდება - წარმოვიდგინოთ ნინო ბურჯანაძე საქართველოს პრეზიდენტად. ის ვერ შესძლებს პრეზიდენტის ინსტიტუტის შელახული სახელისა და მის მიმართ ხალხის ნდობის აღდგენას. ეს რომ შესძლოს, ხალხი მას, როგორც პრეზიდენტს უნდა ენდობოდეს. ნინო ბურჯანაძეს კი ხალხი არ ენდობა. მიხეილ სააკაშვილის გვერდით დგომა და წლების მანძილზე მისი თანამოაზრეობა, 2007 წლის 7 ნოემბერი, „ნაცმოძრაობის“ ანუ სააკაშვილისა და ბურჯანაძის გუნდის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულობები - ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რამაც ბურჯანაძეს ხალხის ნდობა დაუკარგა. მას ერთხელ არ გაუპროტესტებია ის საშინელებები, რასაც ნაციონალები მისი პარლამენტის თავმჯდომარეობისას სჩადიოდნენ. ამას ბურჯანაძის მამის ჯერ კომუნისტური, შემდგომ შევარდნაძის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მინისტრის იმიჯი დავუმატოთ და მივიღებთ პოლიტიკოსს, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტს ხალხის ნდობას ვერ დაუბრუნებს.

დავით ბაქრაძე ცუდი პიროვნება არ არის, მაგრამ მთელი მისი პოლიტიკური წარსული „ნაცმოძრაობასთანაა“ დაკავშირებული. 1-ელ ოქტომბერს კი ხალხმა სწორედ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დასასრულს მისცა ხმა. ხალხს ამ პარტიის მიმართ ნდობა აქვს დაკარგული, შესაბამისად, ვერც მისი კანდიდატი დაუბრუნებს ამ ნდობას პრეზიდენტის ინსტიტუტს

ნათელა სახოკია:

მიხეილ სააკაშვილმა, უპირველესად, საკუთარი თავის დისკრედიტაცის მოახდინა. ცხადია, ეს ნეგატიურად აისახა პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი ხალხის ნდობაზე - ხალხი პრეზიდენტს დიდი ხანია აღარ ენდობა. თუ ქვეყანას კარგი პრეზიდენტი ეყოლება, ის საზოგადოების ნდობის მოპოვებას შესძლებს.

გიორგი მარგველაშვილი ბუნებით დემოკრატი პიროვნებაა. ეს გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ის დემოკრატი პრეზიდენტი იქნება. მარგვალაშვილი უშიშარი ადამიანია - წლების მანძილზე მედგრად ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს, საკუთარი კეთილდღეობა ქვეყნისა და ხალხის ინტერესების გამო, საკუთარი პრინციპების დასაცავად არაერთხელ შეაგდო სასწორზე. პრეზიდენტი კი სწორედ უშიშარი და პრინციპების ერთგული უნდა იყოს. გიიორგი მაღალზნეობრივი ადამიანია, მან მთელი ცხოვრება ზნეობრივად იცხოვრა და პოლიტიკაშიც ამ პრინციპების ერთგულია. საქართველოში კი მაღალი მორალის მქონე პოლიტიკოსების დეფიციტია. ეს ის ღირებულებებია, რომელიც ქართველი ხალხის მოთხოვნებს, მის ღირებულებებს შეესაბამება. ამიტომ არ მიკვირს მისდამი ხალხის ასეთი მხარდაჭერა.

ზოგს ჰგონია, რომ პრეზიდენტი აუცილებლად მუშტს უნდა ურტყამდეს მაგიდაზე, ეს მცდარი წარმოდგენაა. პრეზიდენტი უნდა იყოს საკუთარი ხალხის ქომაგი, დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დამცველი, პარლამენტსა და მთავრობას შორის არბიტრის როლის შემსრულებელი. გიორგი მარგველაშვილი ამ ყველაფერს თავს გაართმევს, რადგან საამისოდ საჭირო ყველა თვისება გააჩნია. ერთ შემთხვევას გავიხსენებ - განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა, გეხსომებათ, „თავისუფალ ინსტიტუტს“ აკრედიტაცია შეუჩერა. ამას დიდი ვნებათაღელვა და საპროტესტო აქციები მოჰყვა. გიორგი მარგველაშვილმა სხვისი გაფუჭებული საქმის მოგვარება თავად ითავა- არაერთხელ შეხვდა სტუდენტებს, ინსტიტუტის მესვეურთ და პრობლემა უმოკლეს დროში დადებითად გადაწყვიტა. სწორედ ასეთი კაცი უნდა იყოს პრეზიდენტი, რომელიც ბრძოლას არ გაურბის, რომელსაც კონფლიქტის მოგვარება შეუძლია. გიორგი მარგველაშვილი ნამდვილად შესძლებს დაკარგული ნდობა აღუდგინოს პრეზიდენტის ინსტიტუტს.

ნინო ბურჯანაძე კომფორტულად გრძნობდა თავს იმ ხელისუფლებაში, რომელმაც ათასი რისხვა დაატეხა ამ ქვეყანას, ხალხის ყოფა კი გაუსაძლისი გახადა. ამიტომ, მას უფლება არ აქვს, პრეზიდენტობაზე პრეტენზია განაცხადოს. ახლა იძახის, რომ სააკაშვილი ცუდი იყოო. თუ იცოდა, რომ ცუდი იყო, მაშინ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას მას გაპრეზიდენტებაში არ უნდა დახმარებოდა. დაეხმარა კი არა, წინასაარჩევნოდ ყველგან ფეხდაფეხ დაჰყვებოდა (სხვათაშორის, ამით კანონს არღვევდა), ყველაფერი გააკეთა, რომ სააკაშვილი ისევ ქვეყნის პირველი პირი გამხდარიყო და მის უალტერნატივობაში ხალხს მთელი მონდომებით არწმუნებდა. რატომ ჰგონია ნინო ბურჯანაძეს, რომ ხალხს ეს ყველაფერი დაავიწყდა? არა, ხალხს ყველაფერი კარგად ახსოვს. ვინმეს სჯერა რომ სააკაშვილი ცუდი მმართველი ნინო ბურჯანაძის ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ გახდა და მანამდე უცოდველი იყო? ეს მხოლოდ ბურჯანაძის ზოგიერთ გულუბრყვილო მხარდამჭერს სჯერა. სააკაშვილი როცა უკვე ჩამოყალიბებული ავტოკრატი იყო, როდესაც ის და მისი პოლიტიკური გუნდი ამ ქვეყანას აქცევდნენ, ბურჯანაძე ამ გუნდის წევრი იყო. ის კომფორტსა და თანამდებობას ვერ ელეოდა და ამიტომ არ დატოვა სააკაშვილის გუნდი. ბურჯანაძე მუდამ გვევლინებოდა დანაშულებრივი ხელისუფლების არაერთი სიავკაცის დამცველად და გამამართლებლად. თუნდაც, 2007 წლის 7 ნოემბერი და 2008 წლის 5 ნოემბრის გაყალბებული არჩევნები გავიხსენოთ. ეს არჩევნები სწორედ მაშინ ჩატარდა, როცა ის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. ვფიქრობ, ჩემი დასკვნა ნათელია - ნინო ბურჯანაძე ვერაფერს შემატებს საპერზიდენტო ინსტიტუტს, ვერც დაკარგულ ნდობას დაუბრუნებს.

დავით ბაქრაძე იმ გუნდის წარმომადგენელია, რომელმაც უმძიმეს დღეში ჩააგდო ხალხი და ქვეყანა. მას ქართველი ხალხისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი. ამის ნაცვლად, დღეს საპრეზიდენტო კანდიდატია. წესით, ვერც ბაქრაძე უნდა ბედავდეს საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობას. ეს ნონსესია, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობაა. ბაქრაძე პრეზიდენტის ინსტიტუტს ნდობას ვერ დაუბრუნებს, რადგან მას ნდობა სწორედ იმ პრეზიდენტმა დაუკარგა, რომლის გუნდის წარმომადგენელიც თავად გახლავთ.