„შოვის ტრაგედიის დროს უამრავი დეზინფორმაცია გავრცელდა. მათ შორის, ერთ-ერთია, თითქოს ამ ტერიტორიაზე ტყეები გაიჩეხა. სინამდვილეში, არავითარი ტყეები არ გაჩეხილა, რადგან ძალიან ციცაბო ფერდობებია და შეუძლებელია ტყის ჭრა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი, ჰიდროლოგი, მეცნიერებათა დოქტორი გია გაჩეჩილაძე.
მდინარე ბუბისწყალი არ ხასიათდებოდა ღვარცოფული მოვლენებით, მაგრამ შოვის ტრაგედია მაინც დატრიალდა. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, 1965 წლიდან მოყოლებული, მყინვარ ბუბაზე დაფიქსირებული იყო სტაციონარული დაკვირვების ყველაზე გრძელი რიგი, მაგრამ აღნიშნული კვლევები 90-იან წლებში შეწყდა. შოვში მომხდარი სტიქიის დროს რა იყო დეზინფორმაცია და რა იყო სიმართლე?
- მთავარია, რომ ღვარცოფის პროგნოზირება შეუძლებელი იყო. საერთოდ, ასეთი კომპლექსური კატასტროფების პროგნოზირება შეუძლებელია. ცხადია, შეიძლება ცალკე წყალდიდობის პროგნოზი გააკეთო, მაგრამ როდესაც ერთმანეთს ემთხვევა წვიმა, მყინვარის დნობა, მეწყერის ჩამოწოლა, ეროზიული პროცესები, ამის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. მით უმეტეს, რომ საქართველოში ასეთი 53 ათასი ადგილია. საქართველო მთიანი რეგიონია და მეწყერსაშიში ტერიტორიები აქ უამრავია. ასი ათასობით ადამიანი ცხოვრობს ასეთ ტერიტორიებზე. წარმოიდგინეთ, ახლა ვიღაცამ თქვას, 53-ათასივე ადგილას დავაყენოთ შეტყობინების საშუალებებიო, ეს საკმაოდ ძვირადღირებული და რთული სისტემებია და ამას ყველგან ვერ დავდგამთ. ერთადერთი გამოსავალია, რომ იქ მაინც იყოს შეტყობინების საშუალებები, სადაც ხალხის კონცენტრაცია მაღალია და სახლები განლაგებულია მეწყერსაშიშ ზონაში. რაც შეეხება ბუბისწყალს, მანდ ღვარცოფული ნაკადი ბოლო ათწლეულებში არ ყოფილა. მართალია, წყალდიდობები იყო, მაგრამ ღვარცოფი, რაც ახლა წამოვიდა, არ ყოფილა. ძალიან გამიკვირდა, როცა არასამთავრობო სექტორმა გამოაქვეყნა გეოლოგიური დასკვნა, 2021 წლის მონაცემები, არ ვიცი, შეეშალათ, თუ სპეციალურად გააკეთეს, სადაც საუბარია სულ სხვა მდინარეზე, ბუბა არის მდინარე ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი, ხოლო დღვიორა მარცხენა შენაკადია. რატომღაც დღვიორას მდინარეს მიაბეს ბუბისწყლის მონაცემები და ეს იყო საშინელი დეზინფორმაცია.
თქვენ ამბობთ, რომ მომხდარის პროგნოზირება რთული იყო, მაგრამ ღვარცოფით დაზარალებული ადამიანები მაინც ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას უნდა გაეთვალა, რა მოხდებოდა ამ ზონაში, რადგან ადამიანებს 8-10 წუთით ადრე რომ სცოდნოდათ სტიქიის შესახებ, თავს უშველიდნენ. საყვედური გამოითქვა ვერტმფრენების მიმართაც, რომ ვერტმფრენები მიფრინდნენ სტიქიის ზონაში, მაგრამ ღამის ხედვის საშუალება არ ჰქონდათ.
- ცხადია, შეტყობინების საშუალებები არ იდგა იმ ტერიტორიაზე და მოსახლეობასაც ვერავინ გააფრთხილებდა. მით უფრო, როცა ამ ხეობაში ღვარცოფის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ამიტომ მანდ შეტყობინების სისტემის დაყენება არავის არ მოუვიდოდა თავში. თორემ ნამდვილად 10 წუთი საკმარისი იყო იმისათვის, რომ მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას გადაეყვანათ. რაც შეეხება ვერტმფრენებს, ამ საკითხში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ 3 საათზე მოხდა ეს უბედურება და გარკვეული პერიოდი სჭირდებოდა ვერტმფრენით ჩასვლას სტიქიის ზონაში. იქ დრონები მუშაობდნენ, რომელთაც სითბური სენსორები გააჩნიათ, რომელიც წყალში ტემპერატურის სხვაობას აფიქსირებს. თუ სადმე ცოცხალი ორგანიზმია, იქ ტემპერატურა მაღალია.
აღსანიშნავია, რომ მაშველებთან ერთად რაჭის მოსახლეობამაც თავგანწირვა გამოიჩინა სტიქიის ზონაში და არაერთი ადამიანი გადაარჩინა. ხომ არ აჯობებს, ადგილობრივები ჩართონ ასეთ სამუშაოებში, თუნდაც იმიტომ, რომ მათ უკეთესად იციან მისასვლელი გზები?
- მოსახლეობა იქ იყო, იმ ადგილას, თორემ სანამ რეაგირება მოხდება, ვერტმფრენი ადგილზე მიფრინდება და ტექნიკური აღჭურვილობა ჩავა, ამას დრო სჭირდება. რაჭის მოსახლეობა, ადგილობრივები გმირები არიან, მათ სტიქიის ზონაში ადამიანები გადაარჩინეს, მოგეხსენებათ, ღვარცოფში მუშაობა ძალიან რთული ამბავია, როგორც ჭაობი ისეა, ითრევს ადამიანს. ადგილობრივებმა ფიცრები გადეს, როცა ნახეს, რომ ისეთი გრუნტია, შეიძლება ჩაითრიოს ადამიანი და ასე უშველეს ხალხს.
ამ დღეებში ყველაზე მეტად ნაციონალები გააქტიურდნენ, თითქოს მათ დროს არ მოხდა მეცნიერების „ჩარეცხვა“, 600-კაციანი გეოლოგიის დეპარტამენტის გაუქმება, გარემოს დაცვის სამინისტროს დანაწევრება და გასაუქმებლად გამზადება, რაც ვეღარ მოასწრეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის გამო. ნაცების დროს არ ხდებოდა სტიქიური უბედურებები? ისინი მომზადებულნი იყვნენ?
- 2012-ში, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, მეც იმ კოალიციის წევრი ვიყავი. ჩვენ თავიდან მოგვიხდა მონიტორინგის სისტემის შექმნა, დანგრეული იყო მთელი გარემოს დაცვის, უსაფრთხოების სისტემები. ვერ წარმოიდგენთ, რეები ჰქონდათ გაკეთებული ნაციონალებს, ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ცინიზმი ნახეთ, 2011 წელს გარემოს დაცვის კანონში შეიტანეს თავი და დაარქვეს „შეთანხმება გარემოს დაცვის სფეროში“, რაც გულისხმობდა, თუ ფულს წინასწარ გადაიხდიდა ვინმე, ყველაფრის უფლება ეძლეოდა გარემოსთან მიმართებით.
ანუ ხეების ჭრის, მდინარის კალაპოტში კოტეჯების ჩადგმის უფლება?
- არა მარტო, ცხოველთა მიმართ სისასტიკე და ა. შ. ეს პათოლოგია იყო, თან გარემოს დაცვის კანონში ჩაწერეს ეს ყველაფერი. ეს კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს მე პირადად გავაუქმებინე. წარმოიდგინეთ, მოსამართლეებიც კი აღშფოთებულები იყვნენ, ისეთი ბარბაროსული რაღაცები იყო ამ კანონში ჩადებული. რაც შეეხება თანხებს, აქ მილიონებზე იყო საუბარი. კატასტროფულად დამაბინძურებელი მაშინ იყო ბოლნისის ოქროს საბადო, რომელმაც ბოლნისის რაიონი გაანადგურა. ნაციონალების პერიოდში 20 მილიონი გადაახდევინეს წინასწარ მის მფლობელს და უთხრეს, რაც გინდა, ის გააკეთეო. მათ გააუქმეს ყველა სტრუქტურა, რომელიც უსაფრთხოებასთან იყო დაკავშირებული. გარემოს დაცვის სამინისტრო მთლიანად გამოშიგნეს. ამაზე ერთი ამბავი ავტეხეთ და მერე აღვადგინეთ. თევზის ლიცენზირებაც კი გადაიტანეს ენერგეტიკის სამინისტროში, ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი დაარქვეს, თევზი რომელი ენერგეტიკული რესურსია? ან ცხოველებზე ნადირობა ენერგეტიკული რესურსია? ასეთ სიგიჟეებს აკეთებდნენ. რაც შეეხება მონიტორინგის სისტემას, ქვეყანა ვალდებულია, ჰქონდეს გარემოზე დაკვირვების მონიტორინგის სისტემა.
დღეს ნაცები შოვის ტრაგედიას ამოფარებიან, თითქოს გული შესტკივათ, არადა, ბუნებრივ ტრაგედიაზე რა უნდა ვთქვათ, როცა უამრავი ხელოვნური ტრაგედია მოუწყვეს ქვეყანას.
- ვისი ბრალია ეს? ვინ გააძლიერა? „ოცნებას“ რვა პარტია ჰყავდა კოალიციაში, ყველა მოიშორეს თავიდან და ნაცები დატოვეს, რადგან კარგია, რომ ნაცებს 24 საათის განმავლობაში სისხლიანი რეჟიმი წამოაძახო. ამას კოაბიტაცია დაარქვეს.
ამბობთ, რომ საქართველოში 53 ათასი მეწყერსაშიში ადგილია. კიდევ სად შეიძლება დაიწყოს მგავსი კატასტროფა?
- ამის პროგნოზი რთულია. ეს 53 ათასი მხოლოდ მეწყერსაშიში ზონაა, თორემ წყალდიდობა რომ ემუქრება, ისეთი ზონებიცაა. ბოლოს და ბოლოს, საქართველოში 26 ათასი მდინარეა.
მყინვარული საფრთხე უფრო დასავლეთ საქართველოს ემუქრება, რადგან ბევრი მყინვარი სწორედ დასავლეთ საქართველოშია თავმოყრილი, განსაკუთრებით, რაჭაში, სვანეთში, კავკასიონის სხვა ტერიტორიებზე კი მყინვარები არ არის. შესაბამისად, მყინვარის დნობა სწორედ დასავლეთ საქართველოშია პრობლემური?
- მარტო მყინვარში ხომ არ არის პრობლემა? რიონზეც არანაკლები წყალდიდობა ხდება. გლობალური დათბობაა, მთელ მსოფლიოში ხდება ასეთი მოვლენები, განსაკუთრებით, მთიან რეგიონებში, რომლებიც მოწყვლადია. ამიტომაა მსოფლიოში ერთი ამბავი ატეხილი იმაზე, რომ გლობალური დათბობა შეაჩერონ. მსოფლიოს თუნდაც მაღალგანვითარებული ქვეყნების ბიუჯეტი ვერ უზრუნველყოფს ამისთანა პროცესებში უსაფრთხოების დაცვას, იმხელა ხარჯებთანაა ეს დაკავშირებული.
დასკვნის სახით რომ ვთქვათ, შოვის სტიქია მყინვარის დნობამ გამოიწვია?
- ფაქტია, რომ ასეთი დიდი რაოდენობის წყალი რაღაცისგან წარმოიშვა. ჩვეულებრივი ამბავია, რომ მყინვარის ტანში ყოველთვის არსებობს დიდი რაოდენობით მდნარი წყალი, რომელიც ზაფხულის პერიოდში მყინვარის ნაპრალებში გროვდება და ეს შეიძლება დაიცალოს. როგორც გეოლოგები ამბობენ, სტიქია მყინვარში არსებულმა წყლის რაოდენობამ გამოიწვია.
კიდევ ერთ არგუმენტს იშველიებს ოპოზიცია, თითქოს შოვის ტერიტორიაზე ტყეები გაიჩეხა.
- ესეც დეზინფორმაციაა. შოვის ტერიტორიაზე არავითარი ტყეები არ გაჩეხილა, რადგან ძალიან ციცაბო ფერდობებია და შეუძლებელია ტყის ჭრა. რატომ არ ახსოვს არავის, რომ წინა ხელისუფლებამ 2006 წელს ფანტასტიკურად დიდი რაოდენობის, 166 ათასი ჰექტარი ირანელებს, ჩინელებს მრავალწლიანი სარგებლობით გადასცა ტყის მოჭრის თვალსაზრისით, რამაც კატასტროფული შედეგი მოიტანა. არსებობს სატელიტური გადაღებები, პირდაპირ მოშიშვლებული ადგილებია ჩვენს ტყეებში. 2014 წელს ჩვენ საერთოდ ავკრძალეთ კერძო პირებზე ტყის ფართობის გადაცემა. ტყე ეკოლოგიური უსაფრთხოების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, განსაკუთრებით, მთიან რეგიონებში, რადგან სწორედ ტყე იცავს ტერიტორიას მეწყრული პროცესებისგან, ღვარცოფისა და წყალდიდობისგან.