„სწორედ კოაბიტაციის გამო არიან ჯერ კიდევ მმართველობაში კრიმინალები“

„სწორედ კოაბიტაციის გამო არიან ჯერ კიდევ მმართველობაში კრიმინალები“

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი დღეს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში წყნეთელებსა და წყნეთში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე მას იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და დევნილთა მინისტრი დავით დარახველიძე ახლდა, რომელმაც პირველმა მიმართა მოსახლეობას და მარგველაშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ყველა დევნილის პრობლემის გადაჭრის პირობა დადო.

გიორგი მარგველაშვილი კი თავის გამოსვლაში შეეცადა აეხსნა მოსახლეობისთვის თუ რა რთული იყო კოაბიტაციის ერთწლიანი პერიოდი მისთვის და მთელი მთავრობისათვის და როგორ იზარალა ხალხმა ამ იძულებითი ურთერთობის გამო.

„მე 20 წელია ვარ ოპოზიციაში, მაგრამ არ მქონია ისეთი რთული პერიოდი, როგორც ბოლო წლის განმავლობაში, სწორედ ამ კოაბიატაციის გამო. კოაბიატაცია ყველანაირად რთულია ყველასთვის, მაგრამ ყველაზე უფრო მთავრობისთვის, რადგან რაც გინდა გააკეთო ხალხის კეთილდღეობისთვის ვერ აკეთებ. დღესაც ის კანონები, რაც შეტანილი მაქვს მინისტრობის პერიოდში, მიმდინარეობს ვეტოს დაძლევა, დღესაც არ არიან დამტკიცებული ელჩები, დღესაც ყველა დოკუმენტს, რაც მიმართულია უკეთესი ცხოვრებისთვის, ადევს პროცედურული პრობლემები. დღესაც პრეზიდენტი დადის მთელს მსოფლიოში და არწმუნებს ყველას, რომ საქართველოში არის უარღესად ცუდი ვითარება და ამას აკეთებს იმისთვის, რომ შეაჩეროს ინვესტიციები. სწორედ კოაბიტაციის გამო არიან ჯერ კიდევ მმართველობაში კრიმინალები, არა ჩემი აზრით, არამედ ისინი ვინც სასამართლომ თქვა, რომ სასჯელი უნდა მოიხადონ, არიან გუბერნატორები“, - განაცხადა მარგველაშვილმა და ოლეგ მელნიკოვის საქართველოში ექსტრადიციის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, ბევრი დამნაშავე გაქცეულია საქართველოდან, თუმცა ერთ-ერთი მათგანი დღეს დააბრუნეს საქართველოში.

პრეზიდენტობის კანდიდატმა მოსახლეობას რამდენჯერმე მოუწოდა არ აჰყვნენ ჭორებს, რომელსაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები „ქართული ოცნებისა“ და მოსახლეობის ერთობის დასანგრებად ავრცელებს.

„მიუხედავად ერთი წლის წინ მოპოვებული გამარჯვებისა, ამ წლის განმავლობაში, ყველას ერთად გვიჭირდა. იმ ფონზე, როდესაც ყველა ოჯახში იყო მოსასმენი აპარატი, ყველა ოჯახს ჰყავდა პრობაციონერი, ცდილობდნენ, რომ ხალხს არ ჰქონოდა ერთიანი ხედვა და ეს გრძლდება ახლაც.

გრძელდება ჭორების სისტემა, ჩვენი ერთობის დასანგრევად. მაგრამ მაშინ ვერ გვაჯობეს და ახლა როგორ უნდა გვაჯობონ. წინ კიდევ თვენახევარია და ნუ გავჩერდებით, მივაწვდინოთ ხმა მეზობლებს, არ დაიჯერონ ჭორები, რადგან ეს ერთიანი ხედვა არის, როცა პრეზიდენტი, პარლამენტი და მთავრობა ერთმანეთთან ითანამშრომლებენ ხალხის კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა გიორგი მარველაშვილმა.

მან მოსახლეობას მოუწოდა სწორად შეაფასონ პრემიერ-მინისტრის მიერ გადაგმული ნაბიჯები და ის სამომავლო გეგმები რაზეც საუბრობს ბიძინა ივანიშვილი.

„როდესაც ბიძინამ დაიწყო ეს ბრძოლა და ადამიანების მოკრება ირგვლივ, ძალიან ცოტას ეგონა, რომ ის მართლაც მიაღწევდა მიზანს და იმ ხალხს, რომელიც 9 წლის განმავლობაში ნახეთ რისი გამკეთებელიც იყო, გავუშვებდით ერთი წვეთი სიხლის გარეშე. ეს შეგვაძლებინა იმან, რომ ბიძინამ ძალიან სწორად გათვალა სამოქმედო ნაბიჯები. ამბობენ, რომ ბიძინა პოლიტიკაში გამოუცდელია და ახალია, მაგრამ როგორც მან გათვალა, როგორც მან დაინახა პირველივე დღიდან, ის უნდა ვაკეთოთ, ასე უნდა ვაკეთოთ, მისმა სტრატეგიამ მიგვიყვანა მიზნამდე. ახლა ამ ადამიანის გეგმა არის სახელმწიფო ემსახუროს ხალხს, როგორც თვითონ ამას წლების განმავლობაში აკეთებდა უსიტყვოდ. ოღონდ ახლა ამას გააკეთებს ისე, რომ კი არ დაატერორებენ ხალხს, არამედ თქვენ მოგემსახურებიან“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ კანდიდატი პირადად ესაუბრა მოსახლეობას. მან უამრავი პრობლემა მოისმინა და წერილებისა და განცხადებების საკმაოდ მოზრდილი დასტა დააგროვა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ დევნილები. მიუხედავად იმისა, რომ მარგველაშვილს გამოსვლის დროს სამჯერ დაუკრეს ტაში, როგორც შეხვედრაზე მოსულებმა for.ge-სთან საუბარში განაცხადეს, მმართველი გუნდის კანდიდატისგან უფრო მეტ პომპეზურობას ელოდნენ, ვიდრე ასეთ საქმიან შეხვედრას.