ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ

ორი კვირის წინ დავწერე იმაზე, რომ სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა, რუსეთის თაოსნობით შექმნილ საბაჟო კავშირში გაწევრიანება გადაწყვიტა, ნაცვლად იმისა, რომ ბოლომდე მიეყვანა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, რომელზეც ერევანი სამის წლის განმავლობაში მუშაობდა.

სომხეთის ამ მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ ევროკავშირისათვის გამომაფხიზლებელი ეფექტი იქონია – იქ მიხვდნენ, რამდენად სერიოზულად მუშაობს რუსეთი იმისთვის, რომ სომხეთის პრეცედენტი უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთანაც გაიმეოროს.

ნოემბერში ვილნიუსში ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტია დაგეგმილი, ხოლო 25 ოქტომბერს – დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის სამიტი, ე.ი. მზადება გეოპოლიტიკური ორთაბრძოლისთვის რუსეთსა და ევროკავშირს შორის მთელი ძალით მიმდინარეობს. ევროკავშირისთვის ამ ბრძოლის წაგება დაუშვებელია, თუ სამეზობლო პოლიტიკაში წარმატების მიღწევა სურს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამას არასდროს ჰქონია ანტირუსული მიზნები. რუსეთი თავის დასავლურ სამეზობლოს სტრატეგიულ იმპერატივად განიხილავს, ხოლო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამას – შეკავების ინსტრუმენტად. ამიტომაც ქმნის საკუთარ ინტეგრაციულ პროგრამებს. თუმცა არ არსებობს არგუმენტი, რომელიც საბაჟო კავშირში შესვლის სასარგებლოდ გაიჟღერებდა. იმ ქვეყნებმა, რომლებიც კავშირში გაერთიანდებიან, ამ ახალ ზენაციონალურ გაერთიანებას არა მხოლოდ საკუთარი ბიუჯეტის სოლიდური წილი უნდა დაუთმონ, არამედ სუვერენიტეტიც. ამიტომაა, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც რუსეთი მათ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე ითანხმებს, ხელების ხშირი გადაგრეხა და დაშინებაა.

იმ დროს, როდესაც უკრაინა და მოლდოვა უშუალოდ ესაზღვრებიან ევროკავშირს, ხოლო უკრაინა მისი მასშტაბების, რეგიონული როლისა და ეკონომიკური პოტენციალის გამო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოც არ უნდა დავივიწყოთ. ამიტომ ვიყავი იმედგაცრუებული ლიტვის პრეზიდენტის, დალია გრიბაისკუტეს ამასწინანდელი გამოსვლით, სადაც მან განაცხადა, რომ ევროკავშირი იბრძოლებს უკრაინისა და მოლდოვისთვის, ხოლო, როდესაც საქართველოზე ჰკითხეს, მან უპასუხა – საქართველომ მიანიშნა, რომ ის დაინტერესებულია ორივე შესაძლებლობით. ეჭვს გარეშეა, ის ბიძინა ივანიშვილის იმ კომენტარს გულისხმობდა, სადაც ის საბაჟო კავშირის წევრობაზე ლაპარაკობდა, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის არაერთი განცხადების თანახმად, ევროპული ინტეგრაცია მათი პრიორიტეტია.

მართალია, საქართველო უფრო შორს მდებარეობს და უფრო რთული სამეზობლო აქვს, მაგრამ ის თანაბარწილად მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი იდეალურად არ არის, საქართველომ ბევრი იშრომა იმისთვის, რომ ევროკავშირის კრიტერიუმები დაეკმაყოფილებინა. უფრო მეტიც, ეს ერთადერთი ქვეყანაა ამიერკავკასიაში, სადაც ევროკავშირს რეალური გავლენა აქვს. სომხეთი დაკარგულია, ხოლო ბერკეტები აზერბაიჯანზე ზემოქმედებისა თითქმის არ არსებობს. რუსეთმა უკვე ბევრ ხისტ ზომას მიმართა საქართველოსთან მიმართებით. ისინი შეიჭრნენ ქვეყანაში, დაიპყრეს ორი რეგიონი, განამტკიცეს თავისი სამხედრო ძალები, შეწყვიტეს აირის მიწოდება და აკრძალეს ქართული ღვინისა და წყლის იმპორტი. მართალია, ქართველებს მოსკოვთან კარგი ურთიერთობები სურთ, მაგრამ ეს ურთიერთობები ორმხრივ პატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს. არა მგონია, ქართველებს დაავიწყდეთ ის, თუ როგორ მოექანებოდნენ რუსული ტანკები თბილისისაკენ სულ რამდენიმე წლის წინ. მოსკოვს ჯერ კიდევ შეუძლია, თბილისი აცდუნოს, გაავრცელოს ხმები, რომ რუსეთი უარს იტყვის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე, ან წავა გარიგებაზე და ამ რეგიონებიდან ერთი, საქართველოს დაუბრუნდება.

ევროკავშირმა რუსეთის ასეთ აგრესიულ ქმედებაზე ირეაგირა, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვიერად. ევროპის პარლამენტის რეზოლუციაში ნათქვამია, „ევროპარლამენტარები სწუხან იმ მიუღებელი ზეწოლის გამო, რომელსაც რუსეთი ახორციელებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ქვეყნებზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტის მოახლოებასთან ერთად. ისინი მოუწოდებენ მოსკოვს,პატივის სცეს დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენიტეტს და არ ჩაერიოს მათ შიდა საქმეებში, როგორც ამას საერთაშორისო სამართალიც ითხოვს“. სამწუხაროდ, ამ მოთხოვნასაც, ალბათ, ისე შეასრულებენ, როგორც ლომი შეასრულებდა თხოვნას და უარს იტყოდა ხორცზე.

ისეთმა პატარა მოწყვლადმა ქვეყნებმა, როგორიც საქართველოა, უნდა იცოდნენ, რომ ევროკავშირი ბოლომდე დგას მათ გვერდით, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ კონტექსტში. ევროკავშირმა უარი უნდა თქვას პოზიციაზე, რომელიც ხშირად აღიქმება, როგორც პასიური მიდგომა და უნდა აჩვენოს მართლაც სტრატეგიული ხედვა. მან უნდა ანახოს ყველას, რომ მის სამეზობლო პოლიტიკას აქვს ძალა და შეუძლია შედეგების მოტანა. ევროკავშირმა უნდა დაიწყოს საკუთარი ბაზრების გახსნა, გაზარდოს ფინანსური დახმარება და უფრო სწრაფად გააუქმოს ვიზები. მეორე, მან უნდა დააჩქაროს თავისი ტექნიკური მზადყოფნა, არადა, ხშირად ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს კუს ნაბიჯით მოძრაობს. უფრო მეტიც, მან უნდა დაადასტუროს, რომ ბილეთს, რომელიც მეზობლებს მიჰყიდა, აქვთ დანიშნულების პუნქტი, რაც ამჟამად არ ჩანს.

foreignpress.ge