საქართველოს მოქალაქეებისათვის გაცემული ე.წ. აფხაზური პასპორტების ანულირების მოთხოვნით დღეს სოხუმში სახალხო აქცია გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აფხაზეთის ე.წ. მოქალაქის პასპორტი უკვე გაცემულია საქართველოს 26 ათასზე მეტ მოქალაქეზე და კიდევ რამდენიმე ათასი დოკუმენტი მზადაა გასაფორმებლად.
„ყოველივე ეს კი საქართველოს აძლევს საშუალებას, თავისი მოქალაქეების მეშვეობით გავლენა მოახდინოს აფხაზეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე, რითაც საფრთხის ქვეშ დგას აფხაზეთის თავისუფლება და ჩვენი შვილების მომავალი. ამ პროცესს დროულად უნდა მოეღოს ბოლო", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
აღსანიშნავია, რომ 18 სექტემბერს აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სხდომა უნდა გაიმართოს, რომელზეც პასპორტიზაციის კანონიერების საკითხის შესახებ ანგარიშის მოსმენა იგეგმება.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ რუსული პასპორტები აფხაზეთის უამრავ მოქალაქეს აქვს, თუმცა, პარალელურ რეჟიმში მათ აქვთ აფხაზური პასპორტებიც, რომლებიც ჯერჯერობით მარტო აფხაზეთში გამოიყენება. ასეთივე პასპორტები აქვთ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს და მათთვის ამ პასპორტების გაცემის გადაწყვეტილება სპონტანურად არ არის მიღებული. დე ფაქტო ხელისუფლების აზრი ის იყო, რომ მაქსიმალური დემოკრატიულობა ეჩვენებინათ, თითქოს აფხაზური პასპორტი ყველას ეკუთვნის, ვინც კი აფხაზეთში ცხოვრობს და, ვინც ამ პასპორტს არ აიღებს, მას შეეზღუდება გარკვეული უფლებები აფხაზეთის ტერიტორიაზე.
„აფხაზური პასპორტებისა და საკუთარი მოქალაქეების მეშვეობით საქართველოს ხელისუფლება არანაირ პროვოკაციას ან პოლიტიკური ზეგავლენის მოპოვებას არ ცდილობს. ამიტომ დღევანდელი აქცია უფრო მეტად არსებული დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული და ამისთვის პატრიოტულ ლოზუნგს იყენებენ, რათა გარკვეული ჯგუფი დაუპირისპირდეს ანქვაბს თავისი პოლიტიკური მოსაზრებებით“ - აღნიშნა გია ვოლსკიმ for.ge-სთან საუბრისას.
მანვე განმარტა, რომ დე ფაქტო აფხაზური ხელისუფლება ისედაც აპარტეიდული კონსტიტუციით მოქმედებს. კერძოდ, აფხაზეთის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს სხვა ეროვნების ადამიანი, გარდა აფხაზისა. ამიტომ ამას თუკი დაემატება, რომ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს საერთაშორისო დონეზე ისედაც არაფრის მაქნის პასპორტებს ჩამოართმევენ, ეს პატარა ხავსიც გაწყდება, რაზეც დღეს ჩამოკიდებულია დე ფაქტო ხელისუფლება და ამ ხავსს დემოკრატიულობას ეძახის. ასე რომ, გია ვოლსკის აზრით, ანქვაბისთვის ძალზე ძნელი იქნება საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნების შესრულება და, სავარაუდოდ, მათ გაზიარებას იგი არც აპირებს.
აფხაზეთის უშიშროების ექს-მინისტრი, გენერალი ლევან კიკნაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აფხაზეთში გართულება ქართველი ეროვნების ადამიანებზე აქვთ. კერძოდ, გალის მოსახლეობის 90%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობით.
რაც შეეხება სეპარატისტთა ლიდერებს, ისინი ქართველებზე აფხაზური პასპორტის გაცემის წინააღმდეგნი ყოველთვის იყვნენ. არინბას ხელისუფლებამ საერთოდ აკრძალა გალის მოსახლეობისთვის აფხაზური პასპორტის გაცემა, რითაც აფხაზურ არჩევნებში გალის მოსახლეობის დაბლოკვას შეეცადა. ამით არძინბას სურდა, ბაღაფშს დაეკარგა ხმები და გალის მოსახლეობას, რომელიც ძირითადად ბაღაფშს უჭერდა ხმას, არ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა, რითაც გზა ეხსნებოდა არძინბას ფავორიტს - ხაჯიმბას.
„ამიტომ, ეს თემა ახალი აგორებული არაა და აფხაზეთში ხშირად გორდება ხოლმე იმის მიხედვით, თუ რა პერიოდთან გვაქვს საქმე. განსაკუთრებით, არჩევნების წინ ხდება აქტუალური. ასე რომ, მათი აქცენტი ახლაც გალის მოსახლეობაზეა, რომელთაც აფხაზეთის სრულფასოვან მოქალაქეებად არ თვლიან. თვითონ ამ აქციის მონაწილეები ხელოვნურად არიან შეცდომაში შეყვანილნი. რატომღაც, თუ ისინი ფიქრობენ, რომ აფხაზური პასპორტები აქვთ საქართველოს იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც გალის მოსახლეობას არ მიეკუთვნებიან, მაშინ ეს რაოდენობა შესაძლოა, ძალიან მცირე იყოს ან საერთოდაც არ იყოს. იყო შემთხვევები, როცა არჩევნების წინ ხმების მობილიზების მიზნით აფხაზებმა რუსეთში გაიტანეს აფხაზური პასპორტები და კრიმინალებს მისცეს, რათა იქიდან ხმები წამოეღოთ“, - აღნიშნა ლევან კიკნაძემ.
მისივე ინფორმაციით, ამ კრიმინალთა სიაში, სხვათა შორის, ქართველებიც მოხვდნენ, რომლებსაც არავითარი შეხება აფხაზებთან არ ჰქონიათ. თუ ამ მოქალაქეებზეა საუბარი, მათი რიცხვი ძალიან მიზერულია და სათვალავში არ არის მისაღები.