უხარისხო საკვების გამო უკვე უცხოელი ტურისტებიც ჩივიან. ამიტომ მომავალი წლიდან სურსათის ეროვნულ სააგენტო უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყებს სავაჭრო ობიექტების შემოწმებას.
ამ დრომდე ინსპექტირების სამსახური მხოლოდ თბილისში მუშაობდა, რეგიონებში გასვლა კი გარკვეულ დროსთან და ფინანსებთან იყო დაკავშირებული. 2014 წლიდან კი სურსათის ეროვნულ სააგენტოს უვნებლობის კონტროლის გაზრდის მიზნით ინსპექტირების სამსახური რეგიონებშიც გადააქვს.
მაკონტროლებელთა აზრით, ინსპექტირების სამსახურების რეგიონებში განაწილება წვრილი ობიექტების კონტროლს გაზრდის, ხოლო მსხვილი საწარმოების შემოწმებას კვლავ თბილისის ცენტრალური დეპარტამენტი განახორციელებს.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ უხარისხო და ვადაგასული საკვები პროდუქტების რეალიზაციის ფაქტი ერთობ თვალშისაცემი განსაკუთრებით რეგიონებშია. მაგალითად, მომხმარებელთა უფლებების ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე აცხადებს, წელს აჭარის საკურორტო ზონა ზაფხულის სეზონს მოუმზადებელი შეხვდა. ამიტომაც ფედერაციაში ზაფხულის განმავლობაში ყველაზე მეტი მიმართვიანობა, უხარისხო კვების პროდუქტებთან დაკავშირებით, ბათუმისა და ურეკის საკურორტო ზონებიდან დაფიქსირდა.
წელს, პირველად, ფედერაციას უცხოელმა ვიზიტორებმაც მიმართეს, რომლებიც საკვები პროდუქტების ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზიებს გამოთქვამდნენ. კოიძის ცნობით, უხარისხო პროდუქტით ბათუმში ერთ-ერთი უკრაინელი ტურისტი მოიწამლა კიდეც.
მართალია, სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი წლის განმავლობაში ძალიან აქტიურობს, მაგრამ დისტრიბუტორებს და სავაჭრო ქსელების მფლობელებს ეს მაინცდამაინც არ აშფოთებთ. ამიტომ ისინი უდრტვინველად აგრძელებენ საკვებად გამოსადეგარი სურსათის გასაღებას. შესაბამისად, ყოველ დღე ვრცელდება ახალ-ახალი ფაქტი ვადაგასული თუ უხარისხო პროდუქციის აღმოჩენის შესახებ. გუშინ თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა ბახტრიონის ქუჩაზე და ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სუპერმარკეტებიდან („ეკოლარი“ და „გრანდი“) ვადაგასული სურსათი ამოიღეს. ჰოლანდიური გამდნარი ყველი, კარაქი, ხაჭოს „ვარენიკი“, ძეხვი, იოგურტი, კისრის ჩალაღაჯი და სხვა პროდუქტები დაილუქა და უახლოეს დღეებში განადგურდება.
საერთოდ კი, პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ვადაგასული სურსათის რეალიზაციის 379 ფაქტი გამოვლინდა. შარშან კი მსგავსი კონტროლი არ განხორციელებულა. სააგენტოს მიერ გამოვლენილი ვადაგასული და მავნე პროდუქტი განადგურდა.
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში სულ განადგურდა 55 442 კგ. მყარი სურსათი, 825, 7 ლ. თხევადი სურსათი, 12 160 კგ. ხორცი და ხორცპროდუქტები. მათ შორის, 5 ტონაზე მეტი ცხენის ხორცი და 300 000 ცალზე მეტი კვერცხი.
სულ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2013 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით 365 საწარმო შეამოწმა. სააგენტოს ინფორმაციით, 2013 წლის განმავლობაში პრიორიტეტია საბავშვო ბაგა-ბაღების, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების და სასაკლაოების შემოწმებაა.