ვინ რას შეიტანს და გამოიტანს თანაინვესტირების ფონდში

ვინ რას შეიტანს და გამოიტანს თანაინვესტირების ფონდში

თანაინვესტირების ფონდის დაფუძნებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება და დეტალებიც თანდათან მჟღავნდება. ფონდის დონორებს შორის მოიაზრება რამდენიმე მდიდარი ბიზნესმენი, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი, რუსეთში მოღვაწე ბათუმელი ბიზნესმენი შალვა ბრეუსი და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი. ასევეა რამდენიმე მხვილი კომპანია, მათ შორის „სოკარი“ და „რაკიინი“, თუმცა ამ უკანასკნელის იმედი ექპერტთა ნაწილს ნაკლებად აქვს.

ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს, „რაკიინის“ დაპირებების ეეჭვება. მისი აზრით, კომპანია თუ საქართველოში გრძელვადიან საქმიანობას აპირებს, ქვეყნიდან კაპიტალს არ გაიტანდა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ოთხშაბათს ექსპერტებს კიდევ ერთხელ შეხვდა და საინვესტიციო პროექტების ბანკის, საინფორმაციო ვებ-გვერდის ფორმირებისა და ბიზნესაქტივობის ხელშემშლელი საკანონმდებლო ბარიერების მოხსნაზე ისაუბრა.

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სტრატეგიის პროექტთან დაკავშირებით დარგის სპეციალისტებისგან საინტერესო წინადადებები მოისმინეს. მისი უწყება ექსპერტების წინადადებებს აუცილებლად გაითვალისწინებს.

„დღეს სტრატეგიის დოკუმენტის ფართო განხილვა გაიმართა. ექსპერტების მხრიდან წარმოდგენილი იყო ბევრი წინადადება. შევთანხმდით, რომ დარგობრივ ჭრილში შეხვედრები გაგრძელდება ცალ-ცალკე მიმართულებით - ისინი დამოუკიდებლად შეხვდებიან სოფლის მეურნების, ასევე ენერგეტიკის მინისტრს. მათ აქვთ მნიშვნელოვანი შენიშვნები და წინადადებები“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ თანაინვესტირების ფონდს, იქ 5-6 მილიარდის ოდენობით გაცხადებული კაპიტალია, მათ შორის, პრემიერის. “ამ ფონდის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა უცხოელს და არა მარტო მათ, ვისაც ინვესტიციების სურვილი ექნებათ, გამზადებული ფონდი დახვდებათ, ძალიან მაღალი დონის მენეჯმენტით.

მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ ფონდიდან ნაწილი, ჰესების მშენებლობაშც ჩაიდოს, მაგრამ რაც მთავარია, ძალიან ძლიერი ფონდი იქნება, რომელიც ინვესტიციების შემოდინებას ძალიან გააძლიერებს“, - ამბობს ივანიშვილი.

ამასთან, პრემიერის თქმით, ოქტომბერში კოაბიტაციის პროცესი დასრულდება, რაც საინვესტიციო საქმიანობაზე დადებითად აისახება.

„მე მქონდა ექსპერტებთან შეხვედრა და კიდევ ვაპირებ. მათ გამოთქვეს აზრი, რომ ბიზნესი მოლოდინის რეჟიმშია და ყველა ამ არჩევნებს ელოდება. ვფიქრობ, ეს არჩევნები საქართველოს ისტორიაში საუკეთესო იქნება და ყველა დანარჩენ არჩევნებს მომავალში ტიპიურად ევროპულად ჩავატარებთ. ამით ახალი გუნდის შეცნობის პროცესს წერტილს დავუსვამთ“, - განაცხადა პრემიერმა.

გავრცელებული ინფორმაციით, თანაინვესტირების ფონდიდან დაფინანსების მისაღებად ბიზნესპროექტის მინიმალური ღირებულება 25 მილიონი ლარი უნდა იყოს. თუ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ თანაინვესტირების ფონდი მხოლოდ კონკრეტული სფეროების დაფინანსებაზე იქნება ორიენტირებული?

ექსპერტებსა ზოგადად თანაინვესტირების ფონდის ორგანიზაციული საკითხები ეჭვებთ.

„ახალი ეკონომიკური სკოლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი პაატა შეშელიძე ამბობს, რომ ამ დრომდე გაუგებარია ინფორმაცია ფონდის დამფუძნებლების შესახებ, გაურკვეველია თანხა კონკრეტულად საიდან მოვა, როგორი იქნება დაბეგვრის რეჟიმი და რა კანონმდებლობის საფუძველზე მოხდება მისი ფუნქციობა. რაც შეეხება პროექტების მოცულობას, ფაქტია, რომ პროექტების მოცულობა საშუალო და მიკრო კომპანიებზე არაა გათვლილი და სავარაუდოდ, გათვლა გრძლევადიან პროექტებზეა, რომლებსაც საინვესტიციო ამონაგები რამდენიმე წლის შემდეგ ექნება.

ექსპერტ გიორგი აბაშიშვილისთვის კი იმთავითვე ცნობილი იყო, რომ თანაინვესტირების ფონდი მსხვილ პროექტებზე იქნებოდა გათვლილი. როგორც მან „კომერსანტს“ განუცხადა ფონდი უფრო მეტად უცხოელ ინვესტორებზე იქნება ორინტირებული, თუმცა აბაშიშვილი არ გამორიცხავს, რომ განაცხადი რამდენიმე ქართველმა ბიზნესმენმაც შეიტანოს.

ფონდის პრეზენტაცია 30 სექტემბერს გაიმართება, თუმცა ამ დრომდე უცნობია რა უნდა იყოს ბიზნეს პროექტის მინიმალური ან მაქსიმალური ღირებულება, რომ ფონდმა დააფინანსოს.