"მერე რა, პრეზიდენტობა რომ მოუნდათ?!."

საპრეზიდენტო კანდიდატებზე, მიმდინარე კამპანიაზე, მთავრობის პოლიტიკასა და პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურ გეგმებზე შეხედულებების გამოთქვა ამჯერად, მსახიობსა და რეჟისორს, დიმიტრი ჯაიანს ვთხოვეთ.

- ქართველები ხომ ყველაფერში ორიგინალურობით გამოვირჩევით და მგონი, ერთადერთი ქვეყანა ვართ, ვისაც ამდენი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავს. ძალიან მინდა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსი სალომე ზურაბიშვილსაც მიანიჭონ: ამით საარჩევნო პროცესი მეტ მრავალფეროვნებას შეიძენს. ძირითადად, ოთხ პრეტენდენტზე გავამახვილებ ყურადღებას. ხმას ვის მივცემ, ჩემი საიდუმლოა, მაგრამ დემოკრატიის დონის ასამაღლებლად, ძალიან მინდა, მეორე ტური ჩატარდეს და მასში, რა თქმა უნდა, არ მოიაზრებოდეს დავით ბაქრაძე. ძალიან მორიდებული ბიჭია, სირცხვილია, კენჭს იყრიდეს. თავი უნდა დახაროს და სარდაფში ჩავიდეს, სანამ არჩევნები დამთავრდება და მერე, ნელა, მორიდებით გამოყოს თავი, მეზობლიდან მეზობელთან გადავიდეს და ქუჩაში არ გამოვიდეს, რადგან ტყუილებზე აგებულ პარტიაში იყო და ხალხსაც ასე ემსახურებოდა. მაგალითად, იყოს მარგველაშვილი და ზურაბიშვილი ან ბურჯანაძე. ბურჯანაძეს რუსეთთან რომ "აიგივებენ", ვინმემ ნახა, რომ მათ ოჯახში ყოველ საღამოს პუტინი ზის და სადღეგრძელოებს სვამს ყანწით ხელში?! ამაზე საუბარი ცოტა უხერხულია.

- დანარჩენი კანდიდატების ვინაობა თუ იცით?
- ზოგიერთს პირადად ვიცნობ, ზოგიერთთან მისაუბრია. მსახიობი კაცი ვარ, მაგრამ პოლიტიკაში მეც ვერკვევი და ჩემთვის გაუგებარია, მაგალითად, მე ვიღაცამ პრეზიდენტობის კანდიდატად წარმადგინოს. მერე რა, პრეზიდენტობა რომ მოუნდათ?! ასე არ შეიძლება. თუ გინდა, რომ შენს ქვეყანას ემსახურო, შენი საქმით ემსახურე. საკუთარი თავი იმაზე მეტად არ უნდა წარმოაჩინო, ვიდრე რეალურად ხარ. რაღაც ფული რჩებათო, ამბობენ...

- მთავრობის მუშაობას როგორ აფასებთ? პრემიერს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ პოლიტიკურად პასიური ლიდერი აღმოჩნდა.
- უმადური კაცი არ ვარ, ეს "საშინელი სენია", და როცა ამ შეკითხვას მისვამენ, ერთ რამეს ვამბობ: საქართველოში მცხოვრებმა ყველა ადამიანმა გაითავისოს - ბიძინა ივანიშვილი რომ არა, კარგად ვიცით, დღეს რა დღეშიც ვიქნებოდით. ეს იყო გაუსაძლისი, საშინელი, კოშმარების 9 წელი და ნუ დაივიწყებთ, რომ არსებობს კაცი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ჰქვია.

- ახალი მთავრობის მიღწევად რას მიიჩნევთ? რა გააკეთეს ყველაზე მნიშვნელოვანი და თვალში საცემი?
- ყველაზე თვალში საცემი მინისტრი დავით ნარმანიაა. მთელ მის მუშაობას დადებითად ვაფასებ. დავდივარ რეგიონებში და ყველაფერი ვიცი - სად რა და როგორ კეთდება და ეს ყველაფერი ერთი წლის განმავლობაში - დიდი მიღწევაა. "გაუპატიურებული" ქვეყნის დროულად ფეხზე დაყენება ურთულესი პროცესია. კოაბიტაცია იმას კი არ ნიშნავს, ვიღაცას შეურიგდე, ორი განსხვავებული აზრის შეერთებაა, ოღონდ - "გაუპატიურებულ ქვეყანაში" - არა. როგორ შეიძლება, ჭიაბერაშვილი ასწავლიდეს ვინმეს ჭკუას?!. შეიძლება, ელგუჯა ამაშუკელის "ქართვლის დედაზე" ის სიტყვები თქვას ადამიანმა?!.

- როგორ ფიქრობთ - ხალხის ძირითადი ნაწილი რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს?
- ხალხი ჭრელია, ისეთი ადამიანებიც ვნახე, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს აგინებდნენ, და ძალიან მიკვირს. მე თეატრიდან გამომიშვეს, მაგრამ ველოდები სამართლიანობის აღდგენას, ვინმეს კი არ ვაგინებ. ჩემი ფეთქებადი ხასიათის მიუხედავად, მოთმინებით ველოდები. სიმართლის მოყვარული კაცი ვარ.