ტყვია მიზანში (ვერ)მოსახვედრია

ტყვია მიზანში (ვერ)მოსახვედრია

ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის შეფასება, შესაძლო სანქციები და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მექანიზმები - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე 23 ივნისს ბრიუსელში განიხილება.

ევროპული მედიის ცნობით, შეხვედრაზე ერთ-ერთი განხილვის თემა იქნება პერსონალური სანქციების საკითხი იმ პირების მიმართ, რომელთა მიმართაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ადამიანის უფლებების დარღვევასა და ანტიევროპულ ქმედებებში ხედავენ პასუხისმგებლობას.

„ქართულ ოცნებაში“ კი ბრიუსელში დაგეგმილ განხილვებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნა დეზინფორმაციასა და ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან ფაქტების დამახინჯებას ეფუძნება. მმართველი პარტიის შეფასებით, ქვეყანაში არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტები, მოქმედებს მრავალპარტიული სისტემა და არანაირი იურიდიული ან ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ევროკავშირმა საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს პერსონალური სანქციები დაუწესოს. მხოლოდ ერთი მიზეზი ჩნდება რის გამოც ამას აკეთებენ და ეს არის ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რადგან მათ „ოცნება“ აირჩიეს.

სანქციების დაწესების ინიციატივას კი რამდენიმე ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხარდაჭერაც აქვს. მათ შორის, საუბარია კონკრეტულ საქმეებზე, რომლებიც ეხება ახალგაზრდების, ქალების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ლიდერების დაკავებას. ევროპელი დეპუტატების ნაწილის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე მოხდება კონკრეტული სამართლებრივი პროცესების და კანონის ინიციატივების განხილვა, რომლებიც დაკავშირებულია სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობასთან და მედიის რეგულირებასთან.

ევროპარლამენტარების თქმით, სავარაუდოდ, ერთ-ერთი საკითხი იქნება ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე, ასევე სხვადასხვა აქტივისტისა და პოლიტიკური ფიგურის მიმართ წარმოებული სამართლებრივი პროცედურები.

ევროკავშირის გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო არის წევრი ქვეყნების სრული შეთანხმება. ევროკავშირის მწვანეთა ჯგუფის წარმომადგენლის შეფასებით, თუ რომელიმე ქვეყანა, მაგალითად უნგრეთი, წინააღმდეგი იქნება სანქციების ამოქმედებისა, განხილული იქნება ალტერნატიული მექანიზმები, რომლებიც ბრიუსელს საქართველოში განვითარებულ პროცესებზე რეაგირების შესაძლებლობას მისცემს.

საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ მოსალოდნელია დამატებითი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ევროკავშირი საქართველოში მიმდინარე მოვლენების პასუხად და როგორ გაგრძელდება თანამშრომლობა საქართველოსთან დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერისა და უსაფრთხოების კონტექსტში.

„ახალი კრიტერიუმები, რაც იქნება მომავალში, ნაკლებად გაზომვადია კონკრეტული სტატისტიკით. არის საკმაოდ ბუნდოვანი, მაგალითად ევროკავშირის ინტერესებს შეესაბამება თუ არა ამა თუ იმ ქვეყანაში უვიზო რეჟიმის ქონა“, - ამბობს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

„იმდენად ბუნდოვანია ეს საკითხები, ეს ახალი კრიტერიუმები, რომ ლოგიკურად ჩნდება განცდა, ხომ არ არის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს ინტერესი, რომ ეს გამოყენებული იქნას პოლიტიკურ იარაღად“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ იმ ევროპარლამენტარებზეც ისაუბრა, რომლებიც ქართველებს უვიზო მიმოსვლით ემუქრებოდნენ.

„თუკი ვინმე ევროკავშირის რეპუტაციას აზიანებს, სწორედ ეს ევროპარლამენტარები არიან და სწორედ ამგვარი ქმედებებია, როდესაც თურმე დამნაშავისთვის ხელის დაფარება არის ევროპული ღირებულებები და სტანდარტი. ჩვენი საზოგადოება ხედავს, ძალიან კარგად აანალიზებს და აცნობიერებს, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი და ზოგიერთი ევრო ბიუროკრატი ნამდვილად არ არის არც ევროპა, არც ევროპული ღირებულება და სტანდარტი, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნების პოზიციები, დიდი ალბათობით, ისევ გაიყოფა, როგორც ეს ადრე უკვე მომხდარა. for.ge-თან აბაშიძე აღნიშნავს, რომ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ერთიანი მხარდაჭერა, სავარაუდოდ, ვერ ექნება და აზრთა სხვადასხვაობა გარდაუვალი იქნება.

„თუ ჰიპოთეტურად ვიტყვით, რომ „ქართული ოცნება“ ავტორიტარული ხელისუფლებაა, მაშინ რატომ უნდა დაისაჯოს ქართველი ხალხი? თუ ევროკავშირს ნამდვილად სურს მოსახლეობის დახმარება, რატომ ართმევს მათ ამ მიღწევას, რომლისთვისაც ქართველებმა წლების განმავლობაში იბრძოლეს და დიდი წვლილი შეიტანეს?“ – ამბობს აბაშიძე.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია განიხილონ ისიც, რომ ცოტა ხნის წინ ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მესამე ქვეყნებთან დაკავშირებით, შეიძლება უვიზო მიმოსვლა შეიზღუდოს, თუკი ამ ქვეყნებში ადამიანის უფლებები ირღვევა. ეს გადაწყვეტილება, როგორც აბაშიძე განმარტავს, სტანდარტულად უკავშირდება თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას და სხვა კრიტერიუმებს.

„ამიტომ ევროკავშირის შიგნით სავიზო სანქციების დაწესების მექანიზმებზე დიდი დისკუსია გაიმართება. ბუნებრივია, უნგრეთი, სლოვაკეთი და სხვა არაერთი ქვეყანა მხარს არ დაუჭერს ამგვარ, უსამართლო გადაწყვეტილებას. შესაძლოა, საჯაროდ ამაზე ბევრი არაფერი ითქვას, მაგრამ კულისებიდან შესაბამისი ინფორმაცია ხშირად ჟონავს. ასე რომ, არ ველოდები, რომ ბრიუსელის ბიუროკრატებს ამ შანტაჟის სისრულეში მოყვანა გამოუვათ“, – აცხადებს ანალიტიკოსი.

მისი თქმით, მიმდინარე პროცესები მჭიდროდ უკავშირდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომელთა ლეგიტიმურობა ზოგიერთი ქვეყნისთვის კვლავ სადავოა.

„ფაქტია, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა ოპოზიციის ცილისმწამებლურ ბრალდებებს ეყრდნობა. ისინი ახორციელებენ ანტიქართულ ქმედებებს, ცდილობენ საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულონ არარსებულ ფაქტებში. ამ მიდგომას საფუძვლად ერთი რამ უდევს – ისინი ცდილობენ ქვეყანაში რევოლუციური მუხტის გაღვივებას. ხედავენ, რომ რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც ევროპელი ბიუროკრატები მფარველობენ, მხარდაჭერა არ აქვს, და ამ უკმაყოფილების გაღვივება სურთ. შესაძლოა, ეს ძალადობრივი სცენარის ნაწილია, რომლის მიზანიც არის საზოგადოებაში პროტესტის გაღვივება ხელისუფლების წინააღმდეგ“, – ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ევროპის პოლიტიკურ წრეებს ავიწყდებათ, რომ ბოლო ერთ წელში ევროკავშირისადმი ნდობა საქართველოში 17%-ით დაეცა და ახლა 50%-ზე დაბალია.

„ვისი ბრალია ეს? ეს არ არის „ქართული ოცნების“ ან რუსეთის ჰიბრიდული პროპაგანდის დამსახურება. ეს გამოწვეულია იმ უარგუმენტო და უსამართლო გადაწყვეტილებებით, რასაც ევროპელი ბიუროკრატები იღებენ. თუ მართლა მოხდება ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ისინი ქართულ ხელისუფლებას ბოლო „ტყვიას“ ესვრიან. მაგრამ ეს ტყვია მიზანში ვერ მოხვდება – ხალხმა უკვე დაინახა, რა საფრთხეს ქმნის ეს ნაბიჯები და ვის რა სურს სინამდვილეში საქართველოსგან,“ – აცხადებს აბაშიძე.