ამერიკიდან და ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რუსეთში ექსპორტის აკრძალვა ქართველი ავტოიმპორტიორებს შემოსავლებს მნიშვნელოვნად შეუმცირებს, თუმცა ახლა ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ რეექსპორტის სხვა მიმართულება გადარჩეს. ავტომობილების ბაზრებზე მომხდარი ცვლილებები, უახლოეს პერიოდში მოთხოვნას აუცილებლად შეამცირებს, პარალელურად კი ავტოინდუსტრიის წარმომადგენლები საქართველოში ფასების შემცირებასაც ელიან.
2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან რუსეთში 269,680.58 ათასი დოლარის ღირებულების 27,393.00 ერთეული მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა, რაც 1821%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან.
უფრო კონკრეტულად, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან რუსეთში 14,038.98 ათასი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი დაფიქსირდა.
მიმდინარე წლის სტატისტიკით, თვეების ჭრილში რუსეთში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი მზარდი იყო. 2023 წლის ივნისში საქართველოდან რუსეთში 11,146.52 ათასი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა, 2023 წლის მაისში კი - 10,812.10 ათასი დოლარის ღირებულების. შესაბამისად ზრდა 3%-ია.
2022 წლის განმავლობაში ქვეყნიდან რუსეთში 75,718.70 ათასი დოლარის ღირებულების 5,395.00 ერთეული მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტი დაფიქსირდა.
შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველო განაგრძობს საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.
„როგორც ცნობილია, აშშ-ის მიერ, სანქციების დაწესებისას, არ ხორციელდება წინასწარი კონსულტაციები სხვა ქვეყნებთან და შესაბამისად, წინასწარ არ არის ცნობილი არც კონკრეტული საქონლის კოდი, რომელიც ხვდება სანქციების სიაში და არც მისი ამოქმედების ვადები. შესაბამისად, მოსალოდნელი სანქციების თაობაზე ინფორმაცია წინასწარ ვერ იქნება გაზიარებული ბიზნესოპერატორებისთვის, რომლებზეც შესაძლებელია გარკვეული გავლენა ჰქონდეს აღნიშნულ სანქციებს.
შეზღუდვები არ ეხება აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტს/რეექსპორტს იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან მითითებული აშშ-სა და ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ სანქციებში. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს აქვს მუდმივი კონსულტაციები აშშ-სა და ევროკავშირის კომპეტენტურ უწყებებთან და პარტნიორ ქვეყნებთან. სანქციებთან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება/გაცემა ხდება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ის უკვე დადასტურებულია ოფიციალური წყაროებიდან და გასათვალისწინებელია ბიზნესოპერატორებისთვის“, - განმარტავენ შემოსავლების სამსახურში.
ავტობიზნესში სანქციების სქემის გაფართოებასთან დაკავშირებით, კომენტარს რამდენიმე მიმართულებით აკეთებენ. ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსი ნონიაძის განცხადებით, ამერიკიდან და ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რუსეთში ექსპორტის აკრძალვა ქართველი ავტოიმპორტიორებს შემოსავლებს მნიშვნელოვნად შეუმცირებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ექსპორტს მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 5% უჭირავს.
„თუ ექსპორტში მოწინავე ადგილებზეა რუსეთი, იმპორტში არის სადღაც მე-7 ადგილზე და მთლიან ექსპორტში 5,3% უკავია. მიმდინარე წლის 6 თვეში, რუსეთში ექსპორტზე გავიდა 3800-მდე ავტომობილი, რამაც 53 მლნ დოლარი შეადგინა. ახალი სანქციების ამოქმედების შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ბაზარი მოაკლდება იმპორტს.
5% არ არის კრიტიკული მაჩვენებელი და მნიშვნელოვან პრობლემებს არ შექმნის, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეული პროცენტის უკან დგანან ის ავტოიმპორტიორები, რომელთაც შემოსავალი შეუმცირდებათ“, - აღნიშნა ალექსი ნონიაშვილმა.
მისი შეფასებით, ავტოიმპორტიორებს გადასახადების ზრდის გამო ისედაც რთული მდგომარეობა აქვთ, მაგრამ ასოციაცია იაზრებს, რომ სანქციების შესრულება აუცილებელია, რათა ბაზრის დანარჩენს 95%-ს საფრთხე არ დაემუქროს.
„ვცდილობთ ავტოიმპორტიორებსაც გავაგებინოთ, რომ თუ ჩვენ აშშ-ისა და ევროკავშირის ამ მოთხოვნებს არ შევასრულებთ, შესაძლოა ბაზრის 95%-იც დავკარგოთ. ძალიან რთული ვითარებაა. მოთხოვნის ზრდის მიუხედავად მიწოდება უფრო მეტად იზრდება და ამის გამო ბაზარი გაჯერებულია და გაჩერებულია. ავტოიმპორტიორები მანქანებს ვეღარ ყიდიან, თვეობით უდგათ ბაზრობაზე, გაეზარდათ ხარჯები“, - განაცხადა „კომერსანტის“ ეთერში ნონიაძემ.
ავტომობილების ბაზრებზე მომხდარი ცვლილებები, უახლოეს პერიოდში მოთხოვნას აუცილებლად შეამცირებს, რასაც ავტოიმპორტიორები მიწოდების შემცირებით უპასუხებენ. პარალელურად ავტოინდუსტრიის წარმომადგენლები საქართველოში ფასების შემცირებასაც ელიან. მათი განმარტებით, ამის მიზეზი ავტომობილების ჭარბი მიწოდება და ბაზრის გაჯერებაა.
„2022 წელს იყო არაპროგნოზირებადი ვითარება და ფასების პროგნოზირებაც ჭირდა. ბაზარზე ავტომობილების ჭარბი მიწოდება დაფიქსირდა. შედეგად, მართალია, დიდ კომპანიებს არ შექმნიათ პრობლემა, თუმცა მცირე კომპანიების ნაწილი დაზარალდა. მათ მოიზიდეს ინვესტიციები, ჩამოიყვანეს მანქანები, მაგრამ რეალიზაცია უჭირთ, რადგან ბაზარი გაჯერებულია. ჭარბი მიწოდების პირობებში, ფასები, რა თქმა უნდა, დაიწევს, ამით მომხმარებლები ისარგებლებენ“, - აღნიშნა Lion Group-ის საოპერაციო დირექტორი იოსებ ბორცვაძემ.
მისივე განმარტებით, მეორად ავტომობილებზე ბოლო ათწლეულია მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია.
„ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან გაზრდილია მოთხოვნა მეორად ავტომობილებზე. წელს დაემატა რამდენიმე ახალი ქვეყანა, სადაც რეექსპორტს ვახორციელებთ, მათ შორის ყირგიზეთი, ყაზახეთი. საქართველო ავტომობილების ექსპორტის კუთხით, რჩება ძირითად ჰაბად და ეს მოცემულობა, ვფიქრობ, წლების განმავლობაში შენარჩუნდება“, - აღნიშნა იოსებ ბორცვაძემ.