„არავის ეგონოს, რომ შტაბიდან წავალ!“

„არავის ეგონოს, რომ შტაბიდან წავალ!“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძეს კოაბიტაციის პროცესი აღიზიანებს, მაგრამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ პროცესს ეგუება. კანონმდებელი 27 ოქტომბრის შემდეგ, პროცესების სწრაფი ტემპით განვითარებას ელის და საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, პრეზიდენტი სააკაშვილი თვენახევარიც ავიტანოს.

დეპუტატი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებულია და კონკურენტეთა შესაძლებლობებს აფასებს. საგანელიძე მიიჩნევს, რომ ოპონენტებს შორის კონკურენცია მეორე ადგილისთვის მიდის და მეორე ტურის ჩატარება რეალობიდან შორსაა.

რატომ არ სწყალობს რამდენიმე მაჟორიტარ დეპუტატს დავით საგანელიძე და რა მოთხოვნებსა და პრეტენზიებს უყენებენ უმრავლესობის ლიდერს თანაგუნდელები? - ამას for.ge-ს ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც გიორგი მარგველაშვილის შტაბის ხელმძღვანელთან და მრავალგზის დეპუტატთან ჩავწერეთ:

პრეზიდენტი პრემიერს ხელისუფლების უზურპაციაში ადანაშაულებს. სააკაშვილის კრიტიკას იღებთ?

- ბოლო პერიოდში, პრეზიდენტი სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს. სააკაშვილმა მთავრობის ხელმძღვანელის თანანმდებობა მხოლოდ იმიტომ გააძლიერა, რომ იცოდა, პრეზიდენტად მესამედ ვერ იქნებოდა არჩეული. მას ქვეყნის მართვა ამ პოსტიდან სურდა და პარლამენტიც ქუთაისში გადმოიტანა. ბიძინა ივანიშვილი კი, პრემიერის პოსტიდან წასვლას აპირებს და ამხელა ავტორიტეტის მქონე ადამიანი ამბობს, რომ სამოქალაქო სექტორში მივდიდარო და ის იმ პოსტს აძლიერებს, საიდანაც მიდის? სად არის ლოგიკა?! სააკაშვილი ურცხვად და უსინდოდდ საუბრობს. მას ბევრი ტყუილი აქვს ნათქვამი, მაგრამ ეს ბრალდება გამორჩეულია. სააკაშვილის ამ ბოდვებს ხალხმა არ უნდა უსმინოს და ის თვენახევარიც უნდა ავიტანოთ.

საზოგადოებაში დიდი ინტერესია საკითხზე - აგებს თუ არა პრეზიდენტი პასუხს წლების განმავლობაში ჩადენილ ბევრ უკანონო ქმედებაზე. არის ალბათობა, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარდგეს?

- არცერთი ადამიანი არ უნდა არსებობდეს, რომელსაც რაიმე იმუნიტეტი დაიცავს ისეთ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რაც ქვეყანაში ხდებოდა. ეს ავადსახსენებელი კოაბატიცია აუცილებელი იყო, რომ დინამიური პროცესები დაწყებულიყო, სამოქალაქო დაპირისპირებაზე არ წავსულიყავით, ქვეყანა საერთაშორიოს თანამეგობრობის თვალში მძიმე ვითარებაში არ ჩაგვეგდო და ოპონენტებისთვის საფუძველი არ შეგვექმნა, რომ ეთქვათ, თურმე, ეს რევანში და ანგარიშსწორებაა. ყველაფერს თავისი ბოლო აქვს და კანონმა უნდა იკანონოს, რადგან მის წინაშე ყველანი თანასწორნი ვართ. ყველა დანაშაულს სახელი უნდა დაერქვას და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ, რადგან სხვა შემთხვევაში ქვეყანა ვერ შედგება.

თუმცა, კოაბიტაციის პროცესით საზოგადოების ნაწილი გაღიზიანებულია. არ ფიქრობთ, რომ ეს პროცესი კოალიციას საწინააღმდეგოდ მოქმედებს და დიდ დარტყმას გაყენებთ?

- ხშირ შემთხვევაში, ეს კოაბიტაცია ძალიან მაღიზიანებს, მაგრამ მეორე მხრივ, კოაბიტაციის გარეშე, ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია წარმოუდგენელი იქნებოდა. ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასარული, ასე იქნება კოაბიტაციის პროცესიც. კოაბიტაციას წერტილი 27 ოქტომბერს დაესმება და ქვეყანაში ორხელისუფლებიანობა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დასრულდება. საზოგადოების იმ ნაწილის განწყობა მესმის, რომელთაც წლების განმავლობაში, უდიდეს შეურაცხყოფას აყენებდნენ და, რომლებიც დამცირებას იტანდნენ. ხალხი სახლებიდან გამოყარეს, დააშინეს, დააშანტაჟეს და ლოგიკურია, რომ მათ ეს კოაბიტაცია აღარ აინტერესებდეთ.

საპარლამენტო არჩევნებში, ხმათა დიდი ნაწილი სამართლიანობის პროცესის აღდგენის დაანონსებით მოიპოვეთ, თუმცა, ეს პროცესი ჭიანურდება. რა ქმნის დაბრკოლებებს?

- ეს არ იყო დაანონსებული. ჩვენ ვთქვით, რომ იმ გზით ვივლით, რაც ქვეყანას სჭირდება. ძალიან ბევრი რამე შეიცვალა. თუნდაც ის რად ღირს, რომ დღეს, ადამიანები თავისუფლად საუბრობენ და აზრს თამამად გამოთქვამენ. ხალხის ნების წინააღმდეგ ვერავინ წავა და მათი სურვილი სამართლიანობის აღდგენაა, მაგრამ ემოციას არ უნდა ავყვეთ და ჩვენს ემოციებს ქვეყანა არ უნდა გადავაყოლოთ. პროცესები ეტაპ-ეტაპ მიდის, არც ძალიან სწრაფად, მაგრამ სამართლიანობის აღდგენისკენ აუცილებლად მივალთ.

თქვენ აქცენტირებთ დადებით მხარეებზე, მაგრამ საკუთარი გუნდის მინუსად რას მიიჩნევთ? ფაქტია, რომ გუნდი არ არის ჩამოყალიბებული და კოალიციაში დაქსაქსულობა შეიმჩნევა...

- ყოველთვის გუნდური მოთამაშე ვიყავი, მაგრამ გუნდური თამაში მაშინ არის კარგი, როცა გუნდის თითოეულ წევრს თავისი პოზიცია აქვს და საკუთარ აზრს მკაცრად იცავს. ის რომ პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ეს საკანონმდებლო ორგანოსთვის ძალიან კარგია, რადგან იყო დრო, როცა საკითხების მიღება ერთი ხელის აქნევით ხდებოდა. ეს ქვეყნისთვის უბედურება იყო და უნდა გვიხაროდეს, რომ დღეს, დეპუტატები ერთმანეთთან კამათობენ. რაც შეეხება პრობლემებს, ქართული ეკონომიკა იმ განვითარების გზით ვერ მიდის, რისი სურვილიც გვაქვს. ეს იმით არის განპირობებული, რომ პრეზიდენტი პროექტებს ვეტოებს ადებს, არსებობს მონოპოლიები და ამის დაშლა ასეთი მარტივი არ არის. საქართველოს თავისი ფინანსური რესურსები არ აქვს და საჭიროა, ინვესტიციების შემოდინება, მაგრამ იმ ორხელისუფლებიან ქვეყანაში ვინ შემოვა, სადაც პრეზიდენტი მთავრობას უშვერი სიტყვებით ლანძღავს და პროექტებს ვეტოებს ადებს?! ასეთ ქვეყანაში მაღალი პოლიტიკური რისკები არსებობს, თუმცა, კოაბიტაცია დასრულდება და პროცესები სწრაფი ტემპებით განვითარდება.

27 ოქტომბრის შემდეგ, რას უნდა ელოდოს ხალხი?

- ძალიან ჯანსაღი პროცესები დაიწყება. სახელმწიფო უწყებების განშტოება იმის საშუალებასაც მოგცემს, რომ ბევრი საქმე ნათელი გახდეს, რომელსაც გრიფი „საიდუმლო“ ადევს. ანუ, ის, რაზეც პრემიერი საუბრობდა. ბევრ რამეზე თვალი აგვეხილება და მაისის ადგილობრივი არჩევნები წერტილს დაუსვამს იმას, რომ ძალით დასმული ხელისუფლება დამთავრდება. რაიონებს ლიდერების არჩევა კი არ აიძულეს, არამედ მათ ხელმძღვანელები გამგებლებისა და გუბერნატორების სახით დაუნიშნეს.

ნინო ბურჯანაძე დიდ კონკურენციას გიწევთ, რომელიც საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენას პირდება, რითაც მასების კეთილგანწყობას მოიპოვებს. მეორე ტურის ჩატარების ალბათობას ხედავთ?

- ჩვენი კონკურენტი დაახლოებით 50 კანდიდატია, რომელთა შორის ერთ-ერთი ბურჯანაძეა. თუმცა, მარგველაშვილს ორი მიზეზის გამო, კონკურენტი არ ჰყავს. ერთი მხრივ, მარგველაშვილს ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს, რადგან ის არის სუფთა წარსულის მქონე ადამიანი. მეორე მხრივ, ის კოალიციამ წაადგინა, რომლის ლიდერიც ბიძინა ივანიშვილია და რომლის ავტორიტეტიც ძალიან დიდია. ხარვეზები არსებობს და ამ ხარვეზებზე ისეთი გამოცდილი პოლიტიკოსები აპელირებენ როგორებიც არიან ბაქრაძე და ბურჯანაძე. საუბარი მიდის იმაზე, რომ თურმე, „ქართული ოცნების“ მომხრეები ნინო ბურჯანაძის მხარეს გადადიან. ეს არასწორი ინფორმაციაა, რადგან მათ რიგებში, მხარდამჭერები მხოლოდ ორი პარტიიდან გადასულან. საპარლამენტო არჩევნებში ბურჯანაძის პარტიის წევრები ხმას „ოცნებას“ აძლევდნენ და თუ ახლა ხმას თავის პარტიას აძლევენ, ეს მათ რიგებში გადასვლას არ ნიშნავს. კონკურენცია მეორე ადგილისთვის მიდის. რაც შეეხება მეორე ტურს, ეს რეალობიდან შორსაა.

თქვენი კანდიდატის წარმატებაში დარწმუნებული ხართ, თუმცა, საზოგადოებაში აზრი მუსირებს, რომ გიორგი მარგველაშვილს ხალხი არ იცნობს...

- არ ვფიქრობ, რომ კარგი პრეზიდენტი თუ გინდა იყო, მაინცდამინც ცნობადი ადამიანი უნდა იყო. შეიძლება, გიორგი ყველასთვის ცნობილი არ იყო, მაგრამ ცნობილები არიან - მსახიობები, ტელეწამყვენები, სპორტსმენები და ა.შ. ბიძინა ივანიშვილი საზოგადებისთვის აბსოლუტურად უცნობი იყო, როცა ის პოლიტიკაში შემოვიდა. ის ცნობილი იყო, როგორც უდიდესი მეცენატი, მაგრამ მისი ხედვები არავინ იცოდა სახელმწიფოებრივ წყობასთან, ეკონომიკასთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით. ქართულმა საზოგადოებამ კი, პრემიერს უდიდესი მანდატი მისცა. პოლიტიკურ ბრძოლებში მარგველაშვილი ჩართული არ იყო, მაგრამ განათლების სექტორში, ის ყოველთვის აქტიურობდა და ამ საზოგადოების შვილი იყო. მართალი გითხრათ, პოლიტიკაში ჩახედული ადამიანებისთვის გიორგი ყოველთვის ცნობილი იყო. გიორგის ცხოვრებას თვალს რომ გადაავლებთ, მხოლოდ დადებით მოვლენებს წააწყდებით და თუ მას არ იცნობთ, ეს თქვენი პრობლემაა.

არ ფიქრობთ, რომ პრემიერის პოსტიდან ივანიშვილის წასვლა, მარგველაშვილის კამპანიაზე ნეგატიურად აისახება?

- ამ თანანმდებობიდან ივანიშვილის წასვლა საზოგადოებისთვის მძიმედ გადასატანი თემაა, რადგან ის არის სტაბილურობის, დაპირებების შესრულების, სიმშვიდის და პროგრესის გარანტი. ბატონი ბიძინა პოლიტიკიდან არ მიდის, ის სამოქალაქო სექტორში გადადის, სადაც აქტიურობა მნიშნელოვანია. თუ კონკრეტული მომენტისთვის ვსაუბრობთ, ჩემთვის მისი წასვლა ძალიან მძიმეა. იმ ადამიანის როლი რთული იქნება, რომელიც მას ჩაანაცვლებს. ბევრი ხარვეზი გაჩნდება, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას თუ გრძელვადიან პერსპექტივაში შევხედავთ, აქცენტი კეთდება არა ერთ პიროვნებაზე, არამედ სახელმწიფოზე.

პოლიტილოგები აცხადებენ, რომ ივანიშვილის წასვლას, შესაძლოა, ქაოტური ვითარება მოჰყვეს. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?

- ქაოტურ ვითარებას არ ველოდები. პირიქით, მგონია, რომ ეს მთავრობასა და კოალიციას შეკრავს. თითოეული ჩვენთაგანი საკუთარ თავზე მეტ ვალდებულებას აიღებს.

პრემიერისმემკვიდრეზეკონსულტაციები მიმდინარეობს. ბიძინა ივანიშვილს პოსტზე დავით სერგეენკო ჩაანაცვლებს?

- ჯანდაცვის მინისტრს ძალიან დიდ პატივს ვცემ და თუ პრემიერის შემცვლელი ის იქნება, ამას მხოლოდ მივესალმები და ორივე ხელს ზემოთ ავწევ, რადგან სერგეენკო ძალიან ღირსეული და წესიერი ადამიანია, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ეს კანდიდატურა ერთადერთია. ბატონ პრემიერს თავისი მოსაზრება ექნება და ივანიშვილს არჩევანი აქვს, რადგან მთავრობაში ნიჭიერი ადამიანები არიან.

კოალიცია აქტიურ საარჩევნო კამპანიას ეწევა. საბიუჯეტო დაფინანსებაში ეტევით, თუ სახელისუფლებო გუნდს ფიზიკური პირები სწირავენ თანხებს, ეს როგორც წინა ხელისუფლების პირობებში ხდებოდა?

- გადალურჯებულ საარჩევნო კამპანის ვერ ნახავთ. ძირითადად, ადამიანურ რესურსებს ვეყრდნობით. ძალიან ბევრი მოხალისე მხარდამჭერი გვყავს. ალბათ, ცოტა ხანში, ერთი მილიონიან კრედიტს ავიღებთ, რომელიც კანონის მიხედვით, ათ პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, ბიუჯეტიდან იფარება. თანხების მოზიდვას თავი მაქსიმალურად ავარიდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ კომპანიას ამის სურვილი ჰქონდა. პერიოდი გემახსოვრებათ, როცა სახელისუფლებო პარტიასთან რიგები იდგა და ბიზნესმენები ასი-ასიათას ლარს სწირავდნენ. მეორე საპრეზიდენტო კანდიდატი ბევრად უფრო მეტს ხარჯავს და ამ თანხების წარმომავლობაც ძალიან საინტერესოა. შევეცადეთ, რომ დაფინანსებაში თანხების მოზიდვის გარეშე ჩავტეულიყავით. თუმცა, არსებობენ ფიზიკური პირებიც, რომელთაც თანხა შეწირეს.

მაგალითად, ვინ შემოგწირათ თანხა?

- მაგალითად, დავით საგანელიძემ.

რამდენი შეწირეთ?

- ამას, რა მნიშვნელობა აქვს?! შენაწირი კანონის ფარგლებში განვახორციელე.

რაც შეეხება პარლამენტში მიმდინარე პროცესებს. For.ge-სთან ინტერვიუშ კობა დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ვერ მიაღწია, რომ უმრავლესობის სხდომებს დასწრებოდით“. ომარ ნიშნიანიშნემ კი, ცენზურის დაწესებაში დაგადანაშაულათ. მან თქვა, რომსაგანელიძე რიგ საკითხებზე საუბარს გვიკრძალავს“. რატომ არ წყალობთ თანაგუნდელებს?

- რიგი დეპუტატები განცხადებებს ინკოგნიტოდ აკეთებენ და გაზეთის ფურცლებზე ჩემს შესახებ ამ ფორმით საუბრობენ. სჯობს, მათ გვარ-სახელებით ისაუბრონ და თქვან - თუ რა პრეტენზიები აქვთ. დავითაშვილს მოსაზრება ჰქონდა, რომ კანონპროექტები უმრავლესობის სხდომებზე განგვეხილა. მისგან ამ აბსურდს არ ველოდი, რადგან ის გამოცდილი პოლიტიკოსია. კვირის ბოლომდე დაახლოებით 60 კანონპროექტის ინიცირება ხდება და როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ყველა პროექტი ცალკე განვიხილოთ?! ეს ხომ ქაოსი და სისულელეა?! ასეთ სისულელეებს ნამდვილად ვერ ავყვებოდი. ამას გარდა, ისეთი ტიპის დეპუტატები არიან, რომლებიც მეტ თავისუფლებას ითხოვენ, მაგრამ პარლამენტის წევრობაზე მეტი თავისუფლება, არ ვიცი, რა შეიძლება იყოს?! მათ არავინ ზღუდავთ, შეიძლება, მათ გარკვეულ ინიციატივებზე შენიშვნა მივცე.

ნიშნიანიძე ინიციატივით გამოვიდა, რომ ქუთაისი საპორტო ქალაქი გახდესო და როტერდამს დაემსაგავსოსო. ამ იდეაზე უარყოფითი დამოკიდებულება მქონდა და მას მკაცრად ვუთხარი, რომ გეოგრაფიის წიგნისთვის ჩაეხედა. გარდა ამისა, კიდევ ერთი განაწყენების თემა ის გახდა, რომ რიგი დეპუტატები საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელებად არ დავნიშნე.

რას გულისხმობთ? თანაგუნდელები შტაბის ხელმძღვანელობას გთხოვდნენ?

- კოალიციის წევრებთან კონსულტაციები გავიარეთ და 73 საარჩევნო ოლქში შტაბის ხელმძღვანელები დავნიშნეთ. რიგ პირებზე უშიშროებიდან ინფორმაცია მივიღეთ, რომ არაფერი გაგვეპაროს და ზოგ შემთხვევაში, დანიშნული პირები გავათავისუფლეთ. კადრების დანიშვნაზე ბატონ ბიძინას არაფერი უთქვამს და ზოგიერთი მაჟორიტარისთვის შტაბის ხელმძღვანელები მიუღებელი აღმოჩდა. ამაზე მეტს გეტყვით. დაახლოებით, ათი მაჟორიტარი დეპუტატი შტაბის ხელმძღვანელობას მთხოვდა. როგორც წარმოგიდგენიათ, რომ დეპუტატი შტაბის ხელმძღვანელი გახდეს? თუ შენი რაიონის დეპუტატი ხარ, ხალხთან სასაუბროდ მეტი მანდატი რა გინდა?! შტაბის ხელმძღვანელებს დიდ მოთხოვნებს ვუყენებთ და ხელმძღვანელ დეპუტატს საყვედური როგორ უნდა გამოუცხადო?! ასეთ შემთხვევაში, ზოგი მივლინებაში იქნება, ზოგს არ ეცლება და ა.შ. და გეტყვიან, ტარიელს მიაკითხეო, მაგრამ თუ ტარიელს უნდა მივაკითხო, პოსტზე ბარემ ტარიელს დავნიშნავ! სამწუხაროდ, ეს ზოგიერთს ვერ გავაგებინე და ამის გამო, დღემდე ნაწყენები არიან.

იმის თქმა, რომ უმრავლესობას საგანელიძე აღარ უნდა, სჯობს თქვან, რომ საგანელიძე ხუთ კაციან ჯგუფს არ უნდა. ამ ადამიანებს შეუძლიათ პრეტენზიები საჯაროდ წამოაყენონ და მათ სათანადო პასუხს გავცემ. მათ მითხრეს, ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელობა შენთვის თუ შეიძლება, ჩვენ რა დავაშავეთო?! ამაში ლოგიკა არის, მაგრამ მე დავალებებს ვიძლევი. თუ შეუსაბამობა არსებობს, რომ პარლამენტის წევრი შტაბის ხელმძღვანელი იყოს, ეს საზოგადოებამ განსაჯოს და თქვას - უნდა ვიყო თუ არა დეპუტატი. შტაბის ხელმძღვანელობის პოსტს ვერ დავთმობ, ეს თანანმდებობა საპატიოა და ჩემს ვალდებულებას ბოლომდე შევასრულებ. არავის ეგონოს, რომ შტაბიდან წამოვალ.

ანუ, დეპუტატის მანდატს დათმობთ?

- თუ საზოგადოება იტყვის, რომ ეს პოზიციები შეუსაბამოა, პარლამენტს დავტოვებ, მაგრამ არა ოთხი დეპუტატის აზრის გამო. ორი მანდატი დავდე და თანანმდებობას არასოდეს გამოვკიდებივარ. ჩემი მიზანია, გიორგის შტაბის ხელმძღვანელობა გამარჯვებით დავასრულო.