გვარამიამ ხიდაშელი შუბლაძის გადაცემაში „დაბლოკა“

გვარამიამ ხიდაშელი შუბლაძის გადაცემაში „დაბლოკა“

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დეპუტატ თინა ხიდაშელს ბლოკავს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი დღეს, ნინო შუბლაძის გადაცემა „პოზიციაში“ ერთ-ერთ სტუმრად იყო მიწვეული, თუმცა, მას მოგვიანებით ამცნეს, რომ გადაცემაში მისი ჩართვა აღარ მოხდებოდა.

როგორც for.ge-ს სანდო წყარომ განუცხადა, თინა ხიდაშელის „რუსთავი 2“-ის ეთერში გამოჩენა ნიკა გვარამიამ არ ისურვა და ნინო შუბლაძეს გადაცემიდან სტუმართა სიის გაცხრილვა, კერძოდ, თინა ხიდაშელის ამოღება მოსთხოვა.

შეგახსენებთ, რომ თინა ხიდაშელსა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება გასულ სასესიო კვირას დაიწყო. დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პარლამენტში დაკითხვაზე დაიბარა და განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არაპირდაპირი ფორმით, „რუსთავი 2“-ის დაფინანსება იკვეთება.

თავის მხრივ, ხიდაშელს გვარამია გამოეხმაურა და დეპუტატი „სიცრუისა და კვალიფიკაციის პრობლემების ტირაჟირებაში“ დაადანაშაულა. ამას გარდა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიას სახელმწიფოსგან არანაირი საბიუჯეტო დაფინანსება არ მიუღია და ხიდაშელი ტელევიზიას მიზანმიმართულად ებრძვის.

თუ რითი დასრულდება გვარამია-ხიდაშელის დაპირისპირება, ეს მიმდინარე თვეში მას შემდეგ გამოჩნდება, რაც კომისიის სხდომაზე „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელის მოსმენა მოხდება.