3 კვირის განმავლობაში უხმარუოდ მიმდინარე რთველში პროტესტმა იჩინა თავი. ხელისუფლებასთან დაპირისპირების გარეშე ვერც წლევანდელმა ყურძნის კრეფამ ჩაიარა. უკმაყოფილო ყვარლელმა მევენახეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. მიზეზი ამჯერად არა პროდუქციის ფასი, არამედ ქარხანასთან არსებული რიგებია.
სოფელ ჭიკაანის ღვინის ქარხანასთან მევენახეებმა ქარხნის მუშაობის შეწყვეტა გააპროტესტეს. მათი თქმით, ყურძნის ჩაბარება წუხელ სამ საათზე შეწყდა და მათ რიგში დგომა და მთელი ღამის გათენება მოუწიათ. ამის გამო, მევენახეებმა ყვარელი-ლაგოდეხი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. გზა მხოლოდ პოლიციის ჩარევის შემდეგ გაიხსნა.
„ტელევიზორს რომ უყურებ, გესიამოვნება, ყველაფერი ნორმალურად არის, მიხვალ ადგილზე და პირიქითაა ყველაფერი. 12 საათის მერე აქ ვარ. 5 საათზე გახსნეს დაკეტილი მარანი. დღეს 20 კაცი მყავდა მუშა, 7 ტონა ყურძენი დავკრიფე, მოვედი და აბა გახედე, სადამდეა რიგი. ხვალ დასაკრეფი მაქვს კიდევ, როდის უნდა დავკრიფო? ქარხანა მუშაობას საღამოს იწყებს, მთელი დღე არ მუშაობენ. დაამატონ ხალხი სეზონზე და დღისითაც იმუშაონ“, - განაცხადა სოფელ ჭიკაანში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მევენახემ.
საკმაოდ მალე ჭიკაანში ჩავიდა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი, რომელიც კახეთში რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელია. ადგილზე ვითარების გაცნობის შემდეგ დავითაშვილმა განაცხადა, რომ რიგები მევენახეების მიერ ყურძნის არაორგანიზებულად კრეფამ გამოიწვია.
დავითაშვილის ინფორმაციით, ჭიკაანის ღვინის ქარხანასთან ყურძნის ჩაბარების მსურველებს გრძელ რიგში მოუწიათ დგომა, რის გამოც, მათ შესთავაზეს სხვა მიმღებ კომპანიებში მიეტანათ მოკრეფილი ყურძენი.
„ამ დროისთვის არანაირი რიგი აღარ არის და ღვინის ქარხანაც მუშაობს ჩვეულ რიტმში. გამთენიისას, როდესაც გრძელი რიგი გაჩნდა, ჩვენ შევთავაზეთ გლეხ-ფერმერებს ყურძნის მოსავალი სხვა კომპანიებში ჩაებარებინათ, თუმცა მათ ტრანსპორტის ხარჯი უკვე გაღებული ჰქონდათ და სხვაგან წასვლა არ მოინდომეს. საწარმოო ციკლი ჭიკაანის ღვინის ქარხანაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, მაგრამ 2-3 საათი გაჩერება აუცილებელია ტექნოლოგიური თვალსაზრისით. აღარაფერს ვამბობ იმ თანამშრომელთა ადამიანურ რესურსებზე, რომლებიც იქ 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
საწარმოს 3 საათით გაჩერების გამო, ზოგიერთს დიდხანს მოუწია რიგში დგომა და ნერვებმაც უმტყუნა. ასეთი რამ რომ არ განმეორდეს, ისინი უნდა დაემორჩილონ სოფლის რწმუნებულებს და დათქმულ დროს მოკრიფონ ყურძენი. შესაბამისად, რიგში დგომა არ მოუწევთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
შარშან 30-მა კომპანიამ 51 ათასი ტონა ყურძენი ჩაიბარა. წელს კი 58 პუნქტში, 67 კომპანია იბარებს ყურძენს. უკვე მოკრეფილია ყურძნის 50 პროცენტზე მეტი, ანუ 50 ათასი ტონა წითელი ჯიშის ყურძენი, მოსაკრეფია 30 ათასი ტონა რქაწითელისა და მწვანე ჯიშების ყურძენი.
აღსანშნავია, რომ კერძო კომპანიებმა 49 000 ტონა ყურძენი უკვე ჩაიბარეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის შალვა ფიფიას განმარტებით, რთველი აქტიურ ფაზაშია დაკერძო კომპანიების მხრიდან ძალიან დიდი ინტერესია.
„67 კერძო კომპანია იბარებს ყურძენს და დღეის მდგომარეობით, უკვე 49 000 ტონა ყურძენია ჩაბარებული. ყოველდღიურად დაახლოებით 4 000-დან 4 500 ტონამდე ყურძნის ჩაბარება ხდება“, - განაცხადა შალვა ფიფიამ.
მინისტრი თვლის, რომ კარგად იმუშავა შეღავათიანი აგროკრედიტის მეხუთე კომპონენტმა, რომლის ფარგლებშიც კომპანიებისთვის უკვე 42 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. „ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ რთველი წარმატებით ჩაივლის და ის რამდენიმე კვირაში დასრულდება“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.