"საქართველოში აგენტებით არის სავსე... ქართული პოლიტიკური ელიტა არ არსებობს"

"სამწუხაროდ, ვერ ვეღირსეთ ჯანსაღ, საზოგადოებრივად მდგრად ცხოვრებას. მუდმივი ქაოსია. ჩვენ არ ვართ ჩამოყალიბებული სახელმწიფო ამოცანების გადაჭრასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად გარე ძალებს აქვთ ძალიან ბევრი საშუალება ასეთ ამღვრეულ წყალში, როგორც უნდათ, ისე წარმართონ ქართული საზოგადოებრიობა. ამ წარმართვის ბერკეტები ყველაზე მეტად რუსეთს გააჩნია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის ძველი 50 000 კაგებეს აგენტი დღეს ხომ ისევ საქართველოშია. ზოგი დაბერდა, ზოგი გარდაიცვალა, მაგრამ ძირითადი მასა ისევ აქაა. მე არ მინახავს, ვინმეს ეღიარებინოს, აგენტი ვიყავი და დამოუკიდებელ საქართველოში თავს ვანებებო", - აცხადებს "სახალხო პარტიის" თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მამუკა გიორგაძე: "საქართველო აგენტებით არის სავსე" / რატომ არ იღებს ხმას საპარლამენტო უმრავლესობა.

"ანუ პრაქტიკულად ის ელიტა, რომელიც მაშინ იყო წარმოდგენილი მაშინდელ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, დღესაც აქტიურია. ფინანსური მომენტები, სხვა ათასი ბერკეტები ე.წ. შიდა საკითხებში გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს. დასავლეთს გააჩნია სახელმწიფოზე ზემოქმედების ბერკეტები და არ აქვს ქვეყნის შიგნით მუშაობის ბერკეტები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ხომ 300-წლოვანი რუსული სივრცეა. სულ რაღაც 20 წლის საქართველოში არ არსებობდა დასავლეთის ინტერესების გამომხატველი ჯგუფი, თუ არ ჩავთვლით თითო-ოროლა დისიდენტს. რუსეთს გააჩნია შიდა მუშაობის მანიპულირების ბერკეტები. ბუნებრივია, მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ხდება მანიპულირება საზოგადოებრივი აზრით, რომ როგორმე ის განწყობა, რაც ეროვნული მოძრაობის დროს იყო დასავლეთისკენ მიმართული, შეცვლილიყო რუსეთის მიმართულებით. ამას წლები სჭირდება - ეს არ არის ერთი და ორი დღის საქმე. შეცვალო მოსახლეობის განწყობა - ამას ძალიან დიდი შრომა და ენერგია დასჭირდა. მთელი ეს განვლილი პერიოდი, ეს პროცესები სწორედ ამას ემსახურებოდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა გიორგაძე.

"დღეს რაღაც ეტაპამდე მივედით, როდესაც ყოველივე, რაც საქართველოში ხორციელდება, უნდა გაფორმდეს სამართლებრივად. მთლიანად საქართველოს ცხოვრებაზე ძალიან დიდია რუსული პოლიტიკის ინტერესების კვალი. იყო ფაზა, დავუშვათ ისტერიული დაპირისპირების და ეს ფაზა რუსეთმა ძალიან კარგად გამოიყენა სააკაშვილის მეშვეობით. რაც წასაღები იყო საქართველოდან, პრაქტიკულად წაიღო. ახლა დადგა ფაზა წაღებულის სამართლებრივად გადაფორმების. სამართლებრივად გადაფორმება კი ვერ მოხდება ისტერიკული დაპირისპირებისა და ისტერიკული წინააღმდეგობის ფონზე. ეს უნდა მოხდეს ვითომ კონსენსუსით, ვითომ მშვიდ გარემოში. აფხაზეთი კი მიითვისა რუსეთმა, მაგრამ სანამ საქართველოს ხელისუფლება ხელს არ მოაწერს მის აღიარებას, მანამდე აფხაზეთი ჩვენია. ჯერჯერობით აფხაზეთი და ცხინვალი ჩვენია, მსოფლიო თანამეგობრობა აღიარებს, როგორც საქართველოს შემადგენელ ნაწილს. ახლა დადგა დრო, რომ რუსეთმა გადაიფორმოს როგორ უნდა გადაიფორმოს - საქართველოს ხელისუფლების თანხმობით", - მიიჩნევს რესპონდენტი.

"ახლა მიდის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომ ქართველ ხალხს დაავიწყებინონ აფხაზეთი და ცხინვალი, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლის პროცესში ჩვენ არ გვახსოვდეს სახელმწიფო, რომ ნაბან წყალს ბავშვიც გადავაყოლოთ. რომ კონფედერაცია განხორციელდეს და საქართველომ აღიაროს აფხაზეთი და შემდეგ დამოუკიდებელმა აფხაზეთმა და საქართველომ გააფორმონ ერთმანეთთან ხელშეკრულება - ეს იქნება სამართლებრივად იოლად დაშლადი სახელმწიფო, რომლის გარანტი იქნება რუსეთი და ეს იქნება სწორედ ის, რისკენაც მიისწრაფვის რუსეთი. რაც პუტინმა განაცხადა, ერთი მხრივ, ის უკან არ წაიღებს აფხაზეთის აღიარებას, პირიქით, საქართველოს ხელისუფლებამ აღიაროს აფხაზეთი და პუტინი გამოვა ამ მდგომარეობიდან და მეორე მხრივ, აფხაზეთიცა და საქართველოც იქნება რუსეთის მფარველობის ქვეშ შესული ევრაზიულ გაერთიანებაში. დღეს ეს სქემა თამაშდება. ამ თემის გარშემო უნდა იყოს მთელი ყურადღება გამახვილებული. ჩვენ კი დღეს ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, პეტრე რომ წავა, პავლე როგორ მოიქცევაო., კოალცია როგორ დაიშლება, ნაცმოძრაობა რას იზამს და ა.შ.", - განაგრძობს მამუკა გიორგაძე.

"მთელი ეს პროცესი იქითკენ არის მიმართული, რომ ქართველი საზოგადოების ზურგს უკან ან ქართველი საზოგადოების ხელოვნური "დაჩმორების" ფონზე ეს გადაფორმება მოხდეს. სწორედ ამას ემსახურება ხელისუფლებისა და პრემიერ-მინისტრის მოქმედებანი იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად იმისა, ათასჯერ შეურაცხყოფა მიაყენეს, ოდნავ მაინც თავმოყვარე ხელისუფლებას, რაც დიცთან ხდება დღეს, პროტესტი უნდა გამოეთქვა. ამას კი პროტესტიც არ გამოუთქვამს. კარასინი-აბაშიძის შეხვედრის წინ ყოველთვის ხდება დიცთან დაკავშირებით პრობლემის შექმნა. როგორც უთავმოყვარეო სახელმწიფო, როგორც უთავმოყვარეო ადამიანები ჩვენ მაინც მივდივართ კარასინთან შეხვედრაზე. ეს ხომ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია - შეურაცხყოფას გვაყენებენ და ჩვენ მაინც, ბოდიში ამ გამოთქმისთვის, "წაკუზულ მდგომარეობაში" ვეახლებით მას. არ შეიძლება ასე გაგრძელდეს, სახელმწიფოებრივად გაგრძელდეს", - დასძენს "სახალხო პარტიის" თავმჯდომარე და შეკითხვას - მიანიშნებთ, რომ პოლიტიკური ელიტა უუნაროა?" - პასუხობს:

"რა თქმა უნდა, უუნაროა. საქართველოში პოლიტიკური ელიტა არ არსებობს. არსებობს ერთი პიროვნება, ლიდერი და მის ხელზე მოსამსახურე გოგო-ბიჭები. ელიტა არის პრინციპებზე ჩამოყალიბებული, საკუთარი ხედვების, ღირსების, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანთა ერთობა. ეს არ არის ელიტა. მთელი უბედურება ესაა. კი ინდივიდები არიან, საინტერესო ინდივიდები, ზოგს პატივს ვცემთ, ზოგს ვერ ვიტანთ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს..."