რუსმა სამხედროებმა ე.წ. სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაოები გუშინ დილიდან გააგრძელეს. თუმცა დღის მეორე ნახევარში რუსმა სამხედროებმა ე.წ. სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაოები შეწყვიტს. სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობა ორ ვერსიაზე საუბრობს. ერთი ვერსიის თანახმად, შესაძლოა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის ზურაბ აბაშიძის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო მოხდა ამ სამუშაოების შეჩერება. მეორე ვერსიით კი, ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ოსურმა მხარემ კვლავ შეცვალოს გადაწყვეტილება და მათი საცხოვრებელი სახლებიც მოექცეს ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე.
დიცში იმყოფება გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი პაპუნა კობერიძე. კობერიძე ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან, რომ არ მოხდეს რაიმე ინციდენტი. კობერიძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსშია საერთაშორისო საზოგადოება და ორი დღის განმავლობაში დიცში იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები.
ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ჯერ არ იციან, ე.წ. საზღვრის გავლების შედეგად, რომელ ტერიტორიაზე მოექცევა დიცის სასაფლაო, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ადგილას ადგილობრივები უკვე ვეღარ მიდიან. რუსი სამხედროები სასაფლაოს მიმართულებით, ადგილობრივებს გადაადგილების საშუალებას აღარ აძლევენ. ადგილობრივების თქმით, დიცის სასაფლაოსთან ასევე ოსური მხარის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. მოსახლეობა შიშობს ოკუპანტები სოფლის სიღრმეში მეტად არ შევიდნენ.
ადგილზე იმყოფებიან ქართველი სამართალდამცავები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის მონიტორები. სოფელში ადგილობრივი საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე, სოფელ დიცთან პატრულირება, შესაძლოა, გააძლიეროს. როგორც შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი კახა ქემოკლიძე აცხადებს, შესაძლებელია გაძლიერდეს პატრულირება, რათა მოსახლეობას ჰქონდეს უფრო აქტიური შეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და, შესაბამისად, უსაფრთხოების განცდა უფრო მაღალ დონეზე იყოს აყვანილი.
„ადგილობრივ მოსახლეობას შეგნებულად არ ავუკრძალავთ ამ ტერიტორიაზე გადასვლას, რა თქმა უნდა, ეს არ არის სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია. არც ერთ დე-ფაქტო თუ დე-იურე სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელს არ აქვს უფლება, ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენოს. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის შეურაცხყოფა სახელმწიფო სტრუქტურების შეურაცხყოფაა“, - აცხადებს კახა ქემოკლიძე.
ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე, სოფელ დიცთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი და მთავრობას მოსახლეობის დაცვისკენ მოუწოდებს. ბარნოვმა კომენტარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, კახა ქემოკლიძის იმ განცხადებაზე გააკეთა, რომლის თანახმადაც, სოფელ დიცთან პატრულირება შესაძლოა გააძლიეროს.
„შესაძლოა არა, ბატონებო, უნდა გააძლიეროთ! და მხოლოდ პატრულირება კი არ უნდა გააძლიეროთ, არამედ - რეალურად უნდა დაიცვათ მოსახლეობა! თქვენი მოდუნებულობისა და მშიშარა მთავრობის გამოა, რომ რუსები ამდენს ბედავენ! არ შეიძლება, მხოლოდ ბრიუსელსა და ჟენევაში ნაზი ხმით წარმოებული მოლაპარაკებების იმედად ყოფნა.
ეს პრობლემები ძირითადად იმის გამოძახილია, რომ მოსახლეობა ამდენი ხნის მანძილზე სრულიად დაუცველი დატოვეთ! შეიგნეთ ბოლოს და ბოლოს, რომ პოლიცია და ჯარი ტყუილად არ ჰყავს ქვეყანას! იქამდე მიხვედით, რომ პოლიციელები ცრუ განგაშის ზარებით არიან დაკავებულნი, მოსახლეობას კი რუსები საკუთარ სახლებში აწიოკებენ! საქმეს მიხედეთ, საქმეს“, - აცხადებს ანდრო ბარნოვი.
გარდა ამისა, ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ შეზღუდვები ნაწილობრივ აამოქმედა. ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით, ქართულ სახელმწიფო ნომრიანი ავტოტრანსპორტი მსუბუქი მანქანები და სამგზავრო მიკროავტობუსები ოკუპირებულ დაბაში შეუზღუდავად შედიან.
რაც შეეხება სატვირთო მიკროავტობუსებსა და სატვირთო მანქანებს, მათი შესვლა უკვე შეზღუდულია. შეზღუდვები სავარაუდოდ 1 დეკემბრამდე იქნება ძალაში. ახალგორში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ტვირთებთან დაკავშირებული შეზღუდვები სერიოზულ პრობლემებს შექმნის როგროც ქართველი, ისე ოსი მოსახლეობისთვის და ისინი სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებენ, ასეთი შეზღუდვებისგან თავის შეიკაოს.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ქეთევან ციხელაშვილი თვლის, რომ რუსეთი საერთაშორისო ნორმებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევით აგრძელებს ამ უკანონო ქმედებებს - ივლება მავთულხლართები, რაც არის ოკუპაციის გაგრძელება.
„ეს პროცესი უხეშად არღვევს და ზღუდავს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების უფლებებს. ამიტომ, სრულიად გასაგებია მოსახლეობის უკმაყოფილება და პროტესტი. ქართველი სამართალდამცავები ადგილზე იმყოფებიან, რათა ადგილი არ ჰქონდეს ინციდენტს და მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. ასევე, ადგილზე იქნებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საერთშორისო თანამეგობრობასთან. კიდევ ერთხელ ჩავაყენეთ საქმის კურსში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ყველა ფორმატს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ საერთაშორისო რეაგირება იყოს ძალიან მწვავე“, - განაცხადა ქეთევან ციხელშვილმა.
მისივე თქმით, გამყოფ ხაზზე რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლების საკითხს ქართული მხარე კიდევ ერთხელ დააყენებს ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდზე. როგორც ციხელაშვილი ამბობს, ეს კიდევ ერთხელ გამოკვეთს აუცილებლობას, რომ ჟენევაში უნდა გავაგრძელოთ საუბარი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებზე, რომელიც არის ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგში.