"მავნებელი და სახიფათოა, როცა პოლიტიკოსებს აქვთ გამიზნული საზოგადოებაში შეიტანონ დესტაბილიზაცია და ისარგებლონ ფაქიზი თემებით, მაგრამ ყველაზე სახიფათო არის რელიგიური შუღლის გაღვივება. არც ერთი რელიგიური დაპირისპირება არ მთავრდება უსისხლოდ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში. სააკაშვილი და მისი დამქაშები ყოველთვის მიმართავდნენ ამ ხერხს, როცა საზოგადოების ყურადღების გადატანა და მათი შეშინება სჭირდებოდათ. წინა ხელისუფლება სულ აშინებდა და ატერორებდა ეთნიკურ უმცირესობებს მთელი 9 წლის მანძილზე, იყენებდა ადგილობრივ აზერბაიჯანელებს, რომ იმისთვის მიეღწია, რაც სურდა. ძირითადად, ასეთ საქმეებს გიგა ბოკერია ავალებდა, მის კაბინეტში იგეგმებოდა სცენარები, ადგილობრივ დონეზე კი მას ხელს უწყობდა ზოგიერთი აზერბაიჯანელი", - აცხადებს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი, "საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის" თავმჯდომარე ალი ბაბაევი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "პირველ რიგში დაისჯებიან ბოკერია, უგულავა და კირკიტაძე..."
"მათ ჯერ კიდევ არჩევნებამდე ჰქონდათ გეგმა - სააკაშვილის დამარცხების შემთხვევაში ამოქმედებულიყო რელიგიური დაპირისპირების გეგმა. პირადად გიგა ბოკერია ჩავიდა ქვემო ქართლში და გეგმა ვიწრო წრეს გააცნო. ბოკერიამ ჩამოაყალიბა სისტემა, რომლის აღსრულებას მხარს უჭერდნენ ადამიანები, ვინც ადგილობრივ საკრებულოებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ. ამ მიზნით შეიყვანეს პარლამენტში აზერ სულეიმანოვი. რა წუთსაც დასჭირდებოდათ ქვემო ქართლის მოთოკვა, იმ წუთში ურეკავდნენ დათო კირკიტაძეს და აზერ სულეიმანოვს, აძლევდნენ ხელში დაწერილ გეგმას და ისინიც გეგმას მიჰყვებოდნენ. შეიქმნა საქართველოს მუსლიმთა კავშირი, რომლის დამფუძნებელიც იყო აზერ სულეიმანოვი., გუბერნატორის მოადგილე ჰუსეინ იუსუპოვი, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომუშავე ჩინოვნიკი, გვარად ყულიევი. ეს ხალხი იყო ინსტრუქციების შემსრულებელი, "ნაცმოძრაობის" მონა-მორჩილი. ისინი ბოკერიას გარდა ვაჟა ლელუაშვილისგანაც იღებდნენ დავალებებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას.
"ეს მუსლიმანთა კავშირი იყო არაბი შეიხის დაქვემდებარებაში. მისი ახუნდი იყო ალი ალიევი. ყველა ის მუსლიმანი გააწევრიანეს ამ კავშირში, ვინც კი საქართველოში ცხოვრობს. მალევე მოხდა სერიოზული დაპირისპირება. წავიდა საუბარი მეჩეთებიის დაკანონებაზე, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში. შეიკრიბა სამმართველო, აირჩიეს თავინთი მუფტი - შეიხი. ადამიანი, რომელიც ნაციხარი იყო და მხოლოდ სპეცსამსახურების დავალებას ასრულებდა. დღეის მდგომარეობით, საქართველოში უკვე 4 ასეთი შეიხია. "ნაციონალების" საქმეთა მკეთებელ შეიხს ხელს უწყობდა და ჯერ კიდევ უწყობს ხელს ის საკანონმდებლო გადაწყვეტილება, როცა პარლამენტმა ყველა რელიგია გაუთანაბრა ქრისტიანობას - ამით ხელ-ფეხი გაუხსნა ყველა იმ მცირე ჯგუფსაც კი, ვისაც მეჩეთის ან სხვა სახის სალოცავის გაკეთება სურდა. აი აქედან, ეტაპობრივად მოდის კონფლიქტები. ამიტომ ველოდები, რომ არჩევნებამდე კიდევ ერთი გეგმა განხორციელდება - ყველაფერი მიწყნარებული არაა და და გაღვივებას დიდი არაფერი სჭირდება - მინარეთის თემაც ამ გეგმის ნაწილი იყო. არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ დიდ საფრთხეს ვგრძნობ", - განაგრძობს რესპონდენტი.
" მე ყოველთვის ვაყენებ იმ ადამიანების საკითხს, რომლებიც თავს დებდნენ რეჟიმის შესაცვლელად და ჯერაც უმუშევრები არიან - ეს ადამიანები დღე და ღამე ტერორის ქვეშ იყვნენ და ბიძინა ივანიშვილს მხარს უჭერდნენ. მათი მოთხოვნების სამართლიანია, როცა ყველგან ისევ "ნაციონალების" არიან და თანაც არაკვალიფიური. ეს ხალხს აღიზიანებს და მეც მაღიზიანებს. გუშინ ჩემი ხალხის წინააღმდეგ იბრძოდნენ. დღეს ბიუჯეტი ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ ხელფასებს უხდის. მეტსაც გეტყვით - მიწის ვაუჩერები "ნაციონალების" მომხრეებმა უფრო მიიღეს, ვიდრე ჩვენმა მომხრეებმა, რომ მათ დაჩაგრულის პოზიცია არ ჰქონოდათ - ჩვენ ერთმანეთთან დაპირისპირება და ერთმანეთის ცემა გავიარეთ... არ ეპატიებათ მათ, ვინც ქართული სახელმწიფოს წინაშე დააშავეს. პირველ რიგში დაისჯებიან ბოკერია, უგულავა და კირკიტაძე"- დასძენს ალი ბაბაევი.
"სოფლებში რომ ვეკითხები, რა ცვლილება იგრძენით-მეთქი, იცით რას მეუბნებიან? "ნაციონალების პროგრამაში იყო ყველა სიკეტე, ახალი რა გაგვიკეთეთ თქვენ - არ გაგიზრდიათ ხელფასები და პენსიებიო - ხალხს არ სჯერა, რომ "ნაციონალები" ატყუებდნენ: ისე კარგად მუშაობენ ახლაც ადგილზე, აზერბაიჯანელების 80%-მა ქართული არ იცის და უჯერებენ საკრებულოს წევრებს. ამით სარგებლობს სააკაშვილი. სიამოვნებით მოვაწერ ხელს მის დაჭერას - ეკონომიკურ გაჭირვებას გადავიტან, მაგრამ უსამართლობის ატანა მეტი აღარ შემიძლია. საკმარისია, რაც ვიცემე, რა რეზინის ტყვიებიც მომხვდა - ისე უნდა გასამართლდეს ყველა, მომავალმა ხელისუფლებამ თავში ვეღარ გაივლოს მსგავსის ჩადენა", - მიიჩნევს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი.