საქართველოში ციტრუსის რეკორდული მოსავალს ელოდებიან. პარალელურად კი თვალი რუსეთის ბაზრისკენ უჭირავთ. ფასი სექტემბრის ბოლო განისაზღვრება და, სავარაუდოდ, ნოემბრისთვის ნარიჯისფერი პროდუქტი კავკასიონსაც გადალახავს.
აჭარაში წელს, შარშანდელთან შედარებით, ციტრუსის გაორმაგებულ მოსავალს პროგნოზირებენ. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ ფერმერები 130 ათას ტონამდე ციტრუსის დაკრეფას პროგნოზირებენ. თუკი მართლაც ამ რაოდენობის მოსავალი მოვიდა, ეს ბოლო წლების რეკორდი იქნება.
დიდმოსავლიანობა მით უფრო სასიამოვნოა, როცა ქართველ მწარმოებლებს რუსეთში პროდუქციის გატანის შესაძლებლობა ეძლევათ. მაშინ, როცა უკრაინისა და ბელორუსის ბაზრები ასე თუ ისე ათვისებულია, რუსეთში ციტრუსის ექსპორტირების შემთხვევაში, სავარაუდოდ, გაუსაღებელი არაფერი დარჩება.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაურ ფუტკარაძის თქმით, სამინისტრო რუსეთის ფიტო-სანიტარული სამსახურის კომისიის ოფიციალურ პასუხს ელოდება, რომლის შედეგადაც გადაწყდება, რა დროიდან გავა ქართული ციტრუსი რუსულ ბაზარზე. მისი განცხადებით, წინა წლისგან განსხვავებით, წლეულს სახელმწიფო ციტრუსზე სუბსიდიას არ გამოყოფს, თუმცა საუბარია დაახლოებით 30-მდე შემფუთავ-დამახარისხებელი საწარმოს აშენებაზე, რომლებიც სუბსიდიის სანაცვლოდ შეღავათიან კრედიტებს მიიღებენ.
რა ეღირება წელს ციტრუსი, ფუტკარაძე ამ ეტაპზე პასუხისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ქართული ციტრუსის ფასი ესპანეთში, საბერძნეთში, ხორვატიასა და თურქეთში არსებულ მოსავალზე იქნება დამოკიდებული.
საბჭოთა პერიოდში, საქართველო ციტრუსით, პრაქტიკულად, მთელ სსრკ-ს ამარაგებდა. იმ პერიოდის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოსავალი 1970 წელს დაფიქსირდა - 136 ათასი ტონა. ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ქვეყანამ მიიღო 2002 წელს, როდესაც მხოლოდ 33 ათასი ტონა ციტრუსი აიღეს. მოგვიანებით, ვითარება გამოსწორდა. უკვე 2011 წელს, ციტრუსის მოსავალმა 110 ათას ტონას მიაღწია, თუმცა მაშინაც და დღესაც ქართული ციტრუსის დაბალი ხარისხი სერიოზულ პრობლემად რჩება. ამ მიზეზით, შარშან ექსპორტზე მხოლოდ 11 ათასი ტონა ციტრუსი გავიდა.
ამიტომაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ წლეულს მთავარი აქცენტი მოსავლის ხარისხზე გაკეთდება. რამდენიმე აუცილებელი პირობაც არსებობს, რისი დაკმაყოფილებაც ციტრუსის ექსპორტის გასაუმჯობესებლად იგეგმება. ცნობილია, რომ საქართველოში მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ციტრუსის წილი მთლიან მოსავალში 10 პროცენტსაც არ აღწევს.
ციტრუსის სეზონისთვის რეგიონში არსებული საწარმოები უკვე შეუდგნენ სამზადისს. ფასი დაახლოებით სექტემბრის ბოლოს განისაზღვრება. გურიაში მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთ ძირითად ექსპორტიორად ციტრუსისთვის დარჩება უკრაინის ბაზარიც, სადაც ქართული პროდუქტის მიმართ მოთხოვნა ყოველთვის დიდია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ომარ ჩხარტიშვილი ვარაუდობს, რომ გურიის რეგიონში წელს 10 000 ტონა ციტრუსის მიღებას შეძლებენ.
„შარშან ჩვენი ციტრუსის დიდი ნაწილი უკრაინაში გაიგზავნა, ნაწილი კი აზერბაიჯანის, სომხეთისა და მოლდოვის ბაზრებზე. დიდი იმედით ველოდებით რუსული ბაზრის გახსნას, მაგრამ ეს არ იქნება ერთადერთი და პარალელურად სხვა ბაზრებზეც ვიმუშავებთ. გურიაში, ჯერჯერობით, არ არის გადამამუშავებელი საწარმოები, თუმცა შენახვის პრობლემა არ გვექნება“, - ამბობს ომარ ჩხარტიშვილი.