ბოლო დროს გახშირდა ცრუ შეტყობინებები ამა თუ იმ შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ; ზოგი ამას თავგასული ბავშვების გართობად, ზოგი კი მზაკვრული პოლიტიკური გეგმის ნაწილად განიხილავს. ვინაიდან უახლესმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ბუნდოვან სიტუაციაში ყველა შესაძლო ვარიანტიდან, უპირველესად, ყველაზე ნეგატიური უნდა განვიხილოთ, ალბათ, აჯობებს მეორე ვერსიის ფარგლებში დავრჩეთ, მითუმეტეს, რომ სოცქსელებში ეს თემა ნელ-ნელა წინა პლანზე გამოდის. რა მოხდება, თუ არჩევნების დღეს შსს-ს სტრუქტურებში შევა უამრავი ზარი საარჩევნო უბნების თუ კომისიების დანაღმვასთან დაკავშირებით? რა მოხდება იმ შემთხვევაში (ღმერთმა დაგვიფაროს), თუ ერთ-ერთ მსგავს ზარს, ახლო მომავალში ნამდვილი აფეთქება მოჰყვება? ვის აძლევს ხელს ეს საშიში თამაში?
ვიდრე ვარაუდებზე გადავალთ, ალბათ, ურიგო არ იქნება კონსტიტუციიდან რამდენიმე ციტატის მოყვანა (თუ რისთვის, ამაზე ოდნავ ქვემოთ): «საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში შეზღუდოს კონსტიტუციის მე-18, მე-20, 21-ე, 22-ე, 24-ე, 25-ე, 30-ე, 33-ე და 41-ე მუხლებში ჩამოთვლილი უფლებანი და თავისუფლებანი» (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 46). საგანგებო მდგომარეობის დროს პრეზიდენტი «გამოსცემს კანონის ძალის მქონე დეკრეტებს, რომლებიც მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის დამთავრებამდე, ახორციელებს საგანგებო ღონისძიებებს» (მუხლი 73). ამასთანავე, «თუ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შემოღებულია საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, სხვა წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმების შემდეგ» (მუხლი 46).
მართალია, იმავე 46-ე მუხლის თანახმად, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, ის ,,ვალდებულია, არა უგვიანეს 48 საათისა, ეს გადაწყვეტილება შეიტანოს პარლამენტში დასამტკიცებლად» (მუხლი 46). მაგრამ, თუ ამ ნორმას ჰიპოთეტური გადატრიალების (ან სხვა მსგავსი უბედურების) კონტექსტში განვიხილავთ, ალბათ, გვერდს ვერ ავუვლით ვარაუდს, რომ პარლამენტი შეიძლება ვერ შეიკრიბოს. 48 ან თუნდაც 24 საათში შესაძლებელია ათასგვარი ხერხის გამოყენება იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს და ამას უცხო ქვეყნებში მომხდარი არაერთი გადატრიალების გამოცდილება ადასტურებს. ჩვენ არ შევეხებით იმ კოშმარულ სცენარს, რომლის ფარგლებშიც პარლამენტში აფეთქება მოხდება, მაგრამ, ვინაიდან ბოლო დროს დაფიქსირდა ზარები მის დანაღმვასთან დაკავშირებით და ამას ევაკუაციის გამოცხადებაც მოჰყვა, ალბათ, ეს შესაძლებლობაც უნდა ვახსენოთ.
კონსტიტუციის ჩამოთვლილი მუხლები შესაძლებლობას აძლევენ მიხეილ სააკაშვილს არა მხოლოდ ჩაშალოს არჩევნები და გარკვეული დროით პოსტზე დარჩეს, არამედ კარგად გათვლილი მოქმედების შემთხვევაში რეალური ძალაუფლება დაიბრუნოს, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას სერიოზული საბაბი სჭირდება. «ნაციონალებს» არ აქვთ რესურსი იმისთვის, რომ საკუთარი პარტიის ძალებით მასობრივი არეულობა მოაწყონ, თუმცა, ალბათ, უნდა გავითვალისწინოთ რელიგიურ ან ეთნიკურ ნიადაგზე მასშტაბური დაპირისპირების პროვოცირების შესაძლებლობა. გამორიცხული, აგრეთვე, არაა გარიგება უცხოელ ბოევიკებთან (ასე ვთქვათ, «ლაფანყური 2») ან პროვოკაცია კონფლიქტის ზონებში. ხოლო ყველაზე საზარელ და, რესურსების ხარჯვის თვალსაზრისით, «მინიმალისტურ» გადაწყვეტილებად ამ კონტექსტში ექსპერტები, სავარაუდოდ, მასშტაბურ ტერორისტულ აქტს (ტერაქტების სერიას) ჩათვლიან. ყოველივე ჩამოთვლილი მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობას მისცემს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს.
ჩვენ, ნებისმიერ შემთხვევაში, უდანაშაულობის პრეზუმფციას უნდა დავეყრდნოთ. «ნაციონალებს» ყოველივე ჩამოთვლილი არ ჩაუდენიათ და არავის დაუდასტურებია, რომ მათ მსგავსი გეგმები აქვთ. მაგრამ ვინაიდან, საზოგადოების დიდი ნაწილი, ბოლო 10 წლის გამოცდილებაზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ ძალაუფლების გულისთვის ეს ჯგუფი ხელს აბსოლუტურად ყველაფერს მოაწერს და მას ვერანაირი ზნეობრივი წინაღობა ვერ შეაჩერებს, მსგავსი სცენარების ჩამოთვლა და განხილვა სავსებით ლეგიტიმური ჩანს.
ალბათ, უნდა აღინიშნოს (და ეს ძალზე მნიშვნელოვანია), რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ ჯგუფზე, რომელიც თავის გათვლებში იდეალურ ლოგიკას ეყრდნობა. მომავლის შიში და ძალაუფლების წყურვილი მის წევრებზე, სავარაუდოდ, ძალიან სერიოზულ, თუ არა განმსაზღვრელ, ზემოქმედებას ახდენს. ასე რომ, მათ შესაძლო გეგმებზე საუბრისას, ალბათ, «სიგიჟის ფაქტორიც» უნდა გავითვალისწინოთ. მარტივად რომ ვთქვათ, დღევანდელ მდგომარეობაში მათ, სავარაუდო შედეგების გაუთვალისწინებლად, შეუძლიათ ძალიან სულელური გეგმები შეადგინონ და თანმიმდევრულად მისდიონ მათ. ეს ისეთი სიტუაციაა, როდესაც ჰიპოთეტური გეგმის იდიოტიზმი არ წარმოადგენს წონად არგუმენტს მისი არარსებობის სასარგებლოდ.
ტრადიციულად, მსგავსი ცრუ სატელეფონო შეტყობინებები გამოიყენება იმისთვის, რომ შემოწმდეს საფრთხეზე სამართალდამცავთა სტანდარტული რეაგირების პროცედურა (და შესაძლო ცვლილებები მასში), დადგინდეს, თუ რა ძალისხმევაა საჭირო უსაფრთხოების სამსახურების საინფორმაციო «გადატვირთვისთვის», მოხდეს ე. წ. «აღქმის ზღურბლის დაწევა» (ანუ მიღწეულ იქნას სიტუაცია, როდესაც შსს-ს და საზოგადოებას ახალ შეტყობინებებზე დაახლოებით ისეთივე რეაქცია ექნება, როგორც მწყემსი ბიჭუნას შეძახილებზე «მგელი, მგელი!» ცნობილი ზღაპრის დასკვნით ნაწილში) და ა. შ. არსებობს უამრავი ხერხი, რომელთა გამოყენებით პროვოკაციის დამკვეთს შეუძლია პოლიციაში მორიგ «ბომბზე» დაარეკინოს მოზარდს, რომელმაც არ იცის, რომ მკაცრად დაისჯება, ისე, რომ გამოძიება დამკვეთის კვალზე აპრიორი ვერ გავიდეს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უცხო ქვეყნებში იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც «სატელეფონო ტერორიზმის» ტალღას ნამდვილი ტერორისტული შეტევები მოჰყვა.
ცხადია, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ საინფორმაციო ოპერაცია, რომლის მიზანი არჩევნების დღეს პანიკის დათესვა და მათი ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებაა, თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ბოლო წლების გამოცდილება, უპირველესად, ყველაზე ცუდი ვარიანტების განხილვისკენ გვიბიძგებს.
ცნობილ ფილმ «გლადიატორში» იმპერატორ კომოდუსისა და მისი მრჩევლის დიალოგში ასეთი რეპლიკაა: «მე მომიყვნენ ზღვის გველზე, რომელსაც ნადირობის ძალიან უცნაური წესი აქვს. ის ფსკერზე წევს, თითქოსდა დაჭრილი... მტრები უახლოვდებიან, ის მაინც წევს. შემდეგ მტრები ნელ-ნელა მის კბენას იწყებენ, მაგრამ ის მაინც არ ინძრევა...» ალბათ, გასაგებია, რა ხდება ამის შემდეგ და, აგრეთვე, ის, რომ ამ რეპლიკამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ სტილზე შეიძლება გაცილებით მეტი მოგვითხროს, ვიდრე ასი პოლიტოლოგის ერთობლივმა ნაშრომმა. მაგრამ ამ თეორიას ყველა როდი იზიარებს და რომც იზიარებდეს, მიმდინარე და მოსალოდნელ პროცესებს მაინც ეჭვის თვალით უყურებს.
დღეს, ალბათ, «კბენას იწყებენ» სტადიაში ვართ, რომელსაც «ქართული ოცნების» რიგითი ამომრჩევლები ხშირად ასე აღწერენ: «ისინი სოროებიდან გამოძვრნენ». ეს ხალხი გაოგნებული უყურებს გათამამებულ «ნაციონალებს» და თავის, კოჰაბიტაციის ჭაობში ჩაფლულ, რჩეულებს და უკვე ღიად საუბრობს შეთქმულებაზე, პარლამენტში ახალი უმრავლესობის შესაძლო ფორმირებაზე და ღალატზეც კი. ზოგიერთი მათგანის განწყობა იმდენად რადიკალური ჩანს, რომ იმ შემთხვევაში, თუ «ნაციონალების» ხელისუფლებაში დაბრუნების თუნდაც მცირე პრაქტიკული შანსი გაჩნდება, ხელში, ალბათ, არათუ საპროტესტო ტრანპარანტებს, არამედ პირდაპირ იარაღს აიღებენ, რადგან სისხლისღვრას «ნაცების დაბრუნებაზე» ნაკლებ ბოროტებად განიხილავენ. თუ ამ ფსიქოლოგიურ ფონზე აზარტში შესული «ნაციონალები» გადატრიალების მოწყობას დააპირებენ, საქართველოში, დიდი ალბათობით, «ბართოლომეს ღამეზე» უარესი მოვლენები დატრიალდება. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რამდენად ადეკვატურად აფასებენ ამ საფრთხეს ქვეყნის ძველი მმართველები (და მათთან კოჰაბიტირებული ელემენტები) და გრძნობენ თუ არა, რომ მათი რესურსები და შესაძლებლობები უმეტესწილად ილუზორულია.
ძნელი სათქმელია, გაბედავენ თუ არა მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია წასვლას საბედისწერო ავანტიურაზე, თუმცა მათ, ალბათ, უნდა გააცნობიერონ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ახლო მომავალში ზემოაღწერილი უბედურების მსგავსი რამ მოხდება, ათასობით რადიკალურად განწყობილი ადამიანი მათ (თანამოაზრებთან ერთად) ავტომატურ რეჟიმში მთავარ დამნაშავეებად «დანიშნავს». იმ სიტუაციაში უკვე აღარ იქნება საუბარი ფაქტების დადგენასა და სასამართლო განხილვებზე, არამედ მხოლოდ პირდაპირ ანგარიშსწორებაზე; ხელისუფლებას ამ ტალღის შეკავება ძალიან გაუჭირდება და, ჩვენი სამართალდამცავების შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, ყველა ექსცესის თავიდან არიდება, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება.
დემოკრატიულ სახელმწიფოს არ შეუძლია წინმსწრებ რეპრესიებს მიმართოს და უშიშროება ვერ დაიწყებს კუდიანებზე (უკაცრავად, «ნაციონალებზე») ნადირობას მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სავარაუდო გეგმებთან დაკავშირებით გარკვეული ვარაუდები ან საფუძვლიანი ეჭვები არსებობს. მაგრამ არავის გაუუქმებია სამოქალაქო კონტროლი პოლიტიკოსებზე და საზოგადოების ფსიქოლოგიური ზეწოლა მათზე. გაზაფხულზე მიხეილ სააკაშვილმა ვერ გაბედა მთავრობის დათხოვნა (და, შესაძლოა, პარლამენტის დაშლა), რადგან იგრძნო საზოგადოების განწყობა და გააცნობიერა, თუ რით დასრულდებოდა მისთვის მსგავსი ნაბიჯის გადადგმა. არადა, იურიდიული მექანიზმები ფაქტობრივი გადატრიალებისთვის მაშინ არსებობდა, გაცილებით უფრო ძლიერი იყო ე. წ. «მეხუთე კოლონა» ძალოვან სტრუქტურებში და, 99%-იანი ალბათობით, იყო შესაბამისი გეგმაც (ამაზე არაერთი გარემოება მიანიშნებს). დღეს იმ სიტუაციასთან შედარებით მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, სავარაუდოდ, დამძიმებულია, არაადეკვატურობა კი, შესაბამისად, _ გაზრდილი, საზოგადოება ერთ მუშტად შეკრული არ არის და გაცილებით დაბნეული ჩანს, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობაში არაერთგვაროვანი პროცესები დაიწყო. ასე რომ, რაღაც მომენტში სააკაშვილს შეიძლება მოეჩვენოს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება (გადატრიალების სცენარის ამოქმედებით) შეიძლება წარმატებით დაგვირგვინდეს და მას ნეგატიურ შედეგს არ მოუტანს (მითუმეტეს, იურიდიული თვალსაზრისით, ის კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედებს). ეს ნამდვილად შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ «ნაცმოძრაობის» ბელადი ჩათვლის, რომ მის პირად უსაფრთხოებას არაფერი დაემუქრება. რაც შეეხება საბაბს საგანგებო მდგომარეობისთვის, მისი პოვნა ან, სულაც, შექმნა, უსინდისო ადამიანისთვის გადაულახავ პრობლემას არ წარმოადგენს.
რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ჩვენი შეშლილობის ზღვარზე მყოფი ქვეყნის ზოგიერთ მოქალაქეს ფსიქიკური აშლილობა დაეწყო და ისინი გარკვეულ დღეებში ერთი მეორეს მიყოლებით რეკავენ პოლიციაში, რათა არარსებული ბომბების შესახებ შეატყობინონ. ღმერთმა ქნას, რომ პრობლემა მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდეს, რადგან, სხვა შემთხვევაში, ახლო მომავალში შეიძლება ძალიან სერიოზული საფრთხეების წინაშე აღმოვჩნდეთ.