სემეკში ახალი ეპოქა იწყება. მარუგელირებელი კომისიის თავმჯდომარედ ენერგეტიკის სამინიტროს კადრი დაინიშნა. მალე კომისიის 5 წევრიდან კიდევ ერთს ეწურება ვადა. მის შემცვლელსაც, სავარაუდოდ, კახა კალაძის უწყება გამოძებნის და პრემიერი დაამტკიცებს. ასე რომ, სემეკში ძალიან მალე ბევრი რამ შეიცვლება.
პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ ირინა მილორავა დაინიშნა. ბრძანებას ხელი 17 სექტემბერს მოეწერა და მალე ესკო-ს გენდირექტორი სემეკში გადაინაცვლებს.
სემეკის თავმჯდომარეს გურამ ჩალაგაშვილს უფლებამოსილების ვადა 30 აგვისტოს ამოეწურა და თითქმის სამი კვირის განმავლობაში შესაფერის კანდიდატურეაზე მსჯელობა მიმდინარეობდა. საქმე ისაა, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ყოველთვის იყო მთავრობის ყურადღების და, შესაბამისად, კონტროლქვეშ. ადრე თუ მის თავმჯდომარეს უშუალოდ პრეზიდენტი ნიშნავდა, ახლა პრემიერი ნიშნავს. შესაბამისი ცვლილება კანონმდებლობაში პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე შეიტანა.
გავრცელებული ინფორმაციით, სემეკისადმი მომეტებულ ყურადღებას ამჯერად ენერგეტიკის სამინისტრო ამჟღავნებს. საერთოდაც, მინისტრი კახა კალაძე ფეხბურთელობის დროსაც ეწეოდა ბიზნესს საქართველოს ენერგოსექტორში და ახლა ხომ მთლად წვერში მოექცა დარგს. ამიტომაც ზოგიერთი სპეციალისტი სემეკში ენერგეტიკის სამინისტროს განსაკუთრებულ ინტერესზე ამახვილებდა ყურადღებას. ეს გარკვეულწილად დადასტურდა კიდეც, როდესაც მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ სამინისტროს მიერ შერჩეული კადრი დაინიშნა.
რამდენიმე დღის წინათ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა პირდაპირ აღნიშნა, რომ ისინი ირინა მილორავას პროტექციას უწევენ.
„მილორავა მრავალი წელია, მუშაობს ენერგეტიკის სფეროში და კომპეტენეტური კადრია. შესაბამისად, ჩვენი ენერგეტიკის სფეროს სურვილია, იგი იყოს სემეკის თავმჯდომარეობის კანდიდატი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს“, - განაცხადა დაახლოებით ერთი კვირის წინ ვალიშვილმა.
ირინა მილორავა დღემდე ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორს ხელმძღვანელობდა. იგი დაიბადა საქართველოში 1975 წლის 13 აპრილს. პროფესიული საქმიანობა დაიწყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, შემდეგ კი საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებში.
მილორავა ენერგეტიკაში 2002 წელს გამოჩნდა, როცა ჩაერთო საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის საქმიანობაში. თავიდან იგი გენერალური დირექტორის მრჩევლი იყო, შემდეგ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ხოლო 2004 წლიდან კი გენერალური დირექტორის მოადგილედ.
2006 წელს, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ბაზაზე ახალი სუბიექტის, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) დაფუძნების შემდეგ, ირინა მილორავა ესკოს გენერალური დირექტორის მოადგილეა, 2009 წლიდან კი იყო ესკოს გენერალური დირექტორი.
როგორც აღვნიშნეთ, სემეკის ყოფილ თავმჯდომარეს, გურამ ჩალაგაშვილს თანამდებობაზე ყოფნის ვადა 30 აგვისტოს გაუვიდა. პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების შედეგად კი სემეკის მომავალ თავმჯდომარეს უკვე პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. ამასთან, პრემიერი ნიშნავს კომისიის დარჩენილ 4 წევრსაც, რომელთანაც ერთ-ერთს ვადა უკვე გასდის. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ სემეკის 5 წევრიდან 2 წევრს (ერთ თავმჯდომარეს, მეორეს კი რიგით წევრს) უკვე პრემიერი ივანიშვილი დანიშნავს.