„ერთად განვაგრძოთ წინსვლა“,- კოალიცია „ქართული ოცნების“ ამ მთავარი ლოზუნგის ფონზე სპორტის სასახლეში პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაცია შედგა. დიდ სპორტულ დარბაზში მოწყობილი პოლიტიკური ღონისძიება ზუსტად ერთ საათს გაგრძელდა.
სპორტის სასახლეში პარტიულმა აქტივმა შეკრება ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, 16:00 საათიდან დაიწყო. პარტიის დელეგატები და მხარდამჭერები საპრეზიდენტო კანდიდატთან შესახვედრად საქართველოს რაიონებიდანაც ჩამოვიდნენ.
„შარშან „ქართული ოცნების“ შეკრებებზე მისვლის გვეშინოდა, მაგრამ მაინც მივდიოდით. ახლა აღარაფრის გვეშინია. ხელისუფლების იმედი გვაქვს, გვჯერა რომ მარგველაშვილი კარგი პრეზიდენტი იქნება და ქვეყანას წინ წაიყვანს“, - გვითხრა 43 წლის ქალბატონმა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატთან შესახვედრად თბილისში სამტრედიიდან ჩამოვიდა.
საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაციას ასევე დაესწრნენ: პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. საზოგადოებისთვის ცნობილი პირებიდან ღონისძიებაზე იყვნენ ძმები ლევან და გიორგი გაჩეჩილაძეები, გოგა ხაინდრავა, კოკა გუნცაძე, დაჩი ცაგურია და სხვები.
პოლიტიკური ღონისძიება მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ გახსნა, მან მცირე შესავალის შემდეგ სიტყვა ჯერ პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელს ოთარ აბესაძეს გადასცა, შემდეგ კი მიკროფონთან პრემიერ-მინისტრი იხმო. დარბაზი ყველაზე აქტიური, სწორედ, ივანიშვილის სიტყვით გამოსვლისას იყო.
პრემიერმა საკუთარ სიტყვაში პოლიტიკაში მოსვლიდან ორი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. დაახლოებით 12-წუთიან გამოსვლაში ძირითადი აქცენტი მან ნდობის ფაქტორზე გააკეთა.
„მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მენდო და ამ ბრძოლაში ბოლომდე წამომყვა. მე დღეს ვამაყობ თქვენით – თქვენ გარეშე, თქვენი გამბედაობის, თქვენი სიმტკიცის გარეშე ჩვენ ამ გამარჯვებას ვერ მივაღწევდით,“ - მიმართა დარბაზში შეკრებილ აუდიტორიას ბიძინა ივანიშვილმა და საზოგადოებას კვლავ ნდობა სთხოვა: „ჩვენ ამ ორ წელიწადში მოვახერხეთ ის, რაც ბოლო 22–წლიანი გამოცდილებით თითქოს სრულიად წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. ამიტომ, გავკადნიერდები და გეტყვით – მომავალშიც მენდეთ!“
პრემიერ-მინისტრმა საპრეზიდენტო კანდიდატის დადებით თვისებებზე ისაუბრა და ერთგვარი განმარტებაც გააკეთა მედიით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდადზე მეტად სხვა კანდიდატის გამარჯვებითაა დაინტერესებული.
„რადგანაც ჩვენი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი დავასახელე, ის მიმაჩნია სწორედ ერთადერთ კანდიდატად,რომელიც უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. არაფერი გამოუვათ მათ, ვისაც ჭორებითა და მითქმა-მოთქმით შეცდომაში უნდათ ხალხის შეყვანა და არასწორი არჩევანის გაკეთებისკენ უბიძგებენ მათ. ვურჩევ ყველას, თავი დაანებონ ასეთი მეთოდებით ბრძოლას და პატიოსან ბრძოლაში გაეჯიბრონ გიორგი მარგველაშვილს“, - განმარტა ივანიშვილმა და მარგველაშვილის მხარდასაჭერად საზოგადოების ნდობა კვლავ ითხოვა: „გიორგი მარგველაშვილისთვის ნდობის გამოცხადება ჩემთვის ნდობის გამოცხადებას ნიშნავს.“
პრემიერ-მინისტრის შემდეგ აუდიტორიის წინაშე თავად პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი წარსდგა. პრეზიდენტობის კანდიდატმა მოქმედი ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და მხარდამჭერებს საკუთარი პროგრამის პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
ქვეყნის განვითარების მთავარ პრიორიტეტად მარგველაშვილი ეკონომიკის განვითარებას ასახელებს, პრიორიტეტულად მიიჩნევს განათლებისა და ჯანდაცვის უზრუნველყოფას. დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად კი ქვეყნის მართვაში მოქალაქეების აქტიურ ჩართვასა და ზეცენტრალიზებული სისტემის დეცენტრალიზაციას ასახელებს.
მისი საპრეზიდენტო პროგრამის ნაწილია მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, ადამიანის უფლებების დაცვა, ბიზნესის განვითარება. მარგველაშვილი მოსამართლეთა დამოუკიდებლობისთვის საკანომდებლო გარანტიების შექმნაზეც საუბრობს, ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში კი პრიორიტეტად ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას ასახელებს. საგარეო ურთიერთობებში უმნიშვნელოვანეს საკითხებად აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავება მიაჩნია, ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლას კი არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებით გეგმავს.
მარგველაშვილის პროგრამაში ერთ-ერთი პუნქტი ეკლესიასაც ეთმობა. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში იგი საქართველოს მოქალაქეებს კონკორდატის დაცვას ჰპირდება, რაც, ისტორიული როლიდან გამომდინარე, საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ითვალისწინებს.
მარგველაშვილის გამოსვლა და საპრეზიდენტო პროგრამის პრიორიტეტები მისმა თანაგუნდელებმა ღონისძიების დასასრულს ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასეს. „ქართული ოცნების“ ლიდერები საკუთარი კანდიდატის გამარჯვებას პირველივე ტურში ელიან.
„შემიძლია ძალიან ხმამაღლა განვაცხადო, რომ პირველ ტურში გიორგი მარგველაშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე კი მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილი უალტერნეტივო საპრეზიდენტო კანდიდატია და მისი გამარჯვება ქართველი ხალხის გამარჯვება იქნება.