„თუ ასეთი პრობლემაა „მწვანეთა პარტიასთან“ ყოფნა, შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“

„თუ ასეთი პრობლემაა „მწვანეთა პარტიასთან“ ყოფნა, შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“

საპარლამენტო უმრავლესობის ჯერ-ჯერობით მოქმედი წევრი, „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ მისი და მმართველი კოალიციის ჰარმონიული და შეთანხმებული საპარლამენტო მოღვაწეობა ვერ შედგა, რის გამოც, იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლისთანავე კოალიცია „ქართული ოცნება“ დატოვოს და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოღვაწეობა დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძოს.

„მწვანეთა პარტიის“ ლიდერის სამომავლო გეგმებზე, მის ზოგად პოლიტიკურ შეფასებებზე და დამოუკიდებლად პოლიტიკური მოღვაწეობის შემთხვევაში, კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების შანსებზე, For.ge გია გაჩეჩილაძეს ესაუბრა.
ბატონო გია, თქვენ არაერთხელ განაცხადეთ, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებასდატოვებთ, რა ვადებში აპირებთ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას?
- ჯერ კიდევ პარლამენტის სხდომაზე ოფიციალურად განვაცხადე, რომ ამ ეტაპზე უმრავლესობის და ფრაქციის სხდომებში მონაწილეობას არ მივიღებდი და როგორც კი ბიძინა ივანიშვილი წავა პოლიტიკიდან, მეც კოალიციიდან გავალ. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ ჩვენი, „მწვანეთა პარტიის“ მიმართ არაკოლეგიალური დამოკიდებულებაა კოალიციაში.

გარდამწვანეთა პარტიისდაუფინანსებლობისა იყო თუ არა სხვა პრობლემური საკითხები თქვენსა და კოალიციაქართულ ოცნებაშიშემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის?
- მარტო დაფინანსებასთან დაკავშირებით არ გვქონია პრობლემა. როდესაც ჩვენი პარტია კოალიციასთან ერთად პარლამენტში შევიდა, თავიდანვე იყო პრობლემები, თუმცა ამას არ ვამჟღავნებდით. ჩვენი პარტიის გაკეთებულია ყველაფერი გარემოს დაცვით სფეროში, მათ შორის გარემოს დაცვითი კანონმდებლობით დაწყებული, რომელიც, რა თქმა უნდა, ნაციონალებმა დაანგრიეს. ეს ჩვენთვის მეოთხე პარლამენტია. ჩვენ გვეგონა, რომ როგორც პროფესიონალებს, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, რაღაც ფუნქციას მოგვცემდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ვერაფერი მოხერხდა. როდესაც დელეგაციების დაკომპლექტების საკითხი წავიდა, ევროპის მმართველი პარტიის საბჭოს წევრებს, როგორებიც ჩვენ ვართ, ევროპის პარლამენტში ერთ-ერთი უდიდესი ფრაქცია გვყავს, რომელიც საქართველოს დღევანდელ მთავრობას თავქუდმოგლეჯილი იცავს და იქ ნაციონალების მიერ ლობირებულ „სახალხო პარტიას“ ებრძვის. ჩემთვის კი არ არის პრობლემა, რადგან მე ისედაც ვახერხებ სხვადასხვა უცხოურ ქვეყნებში ჩასვლას და იქიდან ჩემი ქვეყნის დახმარებას, მაგრამ მუდმივმოქმედი დელეგაციების დაკომპლექტებისას მიღებული გადაწყვეტილებები არასახელმწიფოებრივი იყო. შემდეგ იყო 18 პოლიტიკური პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებით... დაფინანსდა 18 პოლიტიკური ორგანიზაცია, მათ შორის არარსებული პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც მხოლოდ ქაღალდზე არსებობენ, ხოლო ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში წარმოდგენილი პარტია ვართ, გვაქვს ევროპული იდეოლოგია, ვართ ინტეგრირებული ევროპის პოლიტიკურ სისტემაში და შევდივართ „ევროპის მწვანეთა პარტიის“ მმართველი საბჭოს შემადგენლობაში, აბსოლუტურად გაურკვეველი მიზეზების გამო დაგვტოვეს დაფინასების გარეშე. ამ კანონის შედეგად, რომელსაც ბუნებრივია, მე მხარი არ დავუჭირე, რადგან ეს იყო დამამცირებელი და არასამართლიანი, პარლამენტში მყოფმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა სერიოზულად გაიზარდეს დაფინანსება და გარეთ დარჩენილ პარტიებს, რომლებსაც კანონის მიხედვით არ ეკუთვნოდათ დაფინანსება ერთჯერადად, ბონუსის სახით მისცეს გარკვეული თანხა, რომ ამ პარტიებს არსებობა გაეგრძელებინათ. აქ პრობლემა იყო დამოკიდებულებაში, სხვა კი არაფერში. და, თუ არ უნდათ ჩვენი ყოფნა კოალიციაში და, თუ ასეთი პრობლემაა „მწვანეთა პარტიასთან“ ყოფნა, შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ.


როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი საპარლამენტო მოღვაწეობა კოალიციიდან გასვლის შემდეგ? მმართველი კოალიციის დატოვებასთან ერთად, დეპუტატის მანდატზეც ხომ არ აპირებთ უარის თქმას?
- როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ისე ვიქნები წარმოდგენილი. ბევრი საქმეები მაქვს გასაკეთებელი და მანდატის დატოვებას არ ვაპირებ. საკანონმდებლო ინიციატივები მაქვს მომზადებული და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პარლამენტის მიერ მუშაობის განახლების და ახალი მთავრობის დაკომპლექტების შემდეგ, დავიწყებ ამ საკანონმდებლო ინიციატივების წარმოდგენას. მე მინდა, პოლიტიკიდან ისე წავიდე, რომ მყარი გარემოს დაცვითი კანონმდებლობა დავტოვო და ჩემი მიზანია, ადამიანის ეკოლოგიურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მყარი კანონი დავტოვო.

ხომ არ გეგმავთ, რომ პარლამენტში მმართველი კოალიციიდან, ან ოპოზიციური პარტიიდან წასულ დამოუკიდებველ დეპუტატებთან რაიმე სახის შეთანხმება მოახდინოთ და ახალი საპარლამენტო ფრაქცია შექმნათ?
- ამ კუთხით არანაირი კონლულტაცია არც ყოფილა არც იქითა მხრიდან არც ჩემი მხრიდან.

როდესაც კოალიციის და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ განაცხადეთ, რა გამოხმაურება მოჰყვა ამასქართულ ოცნებაშიშემავალი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ?
- გაგიკვირდებათ, მაგრამ არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. როგორც ჩანს, ეს მათთვისაც საურველია. ასე გამოდის.

ხომ არ ფიქრობთ, რომ დამოუკიდებლად დარჩენილ დეპუტატს თქვენ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების გატანა გაგიჭირდებათ იმ პირობებში, რომ საპარლამენტო უმრავლესობასთან დაძაბული ურთიერთობა გექნებათ, საპარლამენტო უმცირესობასთან თავისთავად შეუთავსებელი დამოკიდებულება გაქვთ და არც დამოუკიდებელ დეპუტატებთან გეგმავთ ფრაქციაში გაერთიანებას..
- 21-ე წელია პოლიტიკაში ვარ და ჩემთვის მეოთხე პარლამენტია. მე არც უმრავლესობა მჭირდება და არც რაიმე რჩევა-დარიგებები. ჩემ ცხოვრებაში გადაწყვეტილებებს ყოველთვის სახელმწიფოებრივი და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებდი. ამიტომ, არავის რჩევა არ მჭირდება რა გადაწყვეტილება მივიღო კანონის ხმის მიცემის დროს თუ საკანონმდებლო ინიციატივის დროს. მე როგორც დამოუკიდებელი ისე ვიქნები.

როგორ ფიქრობთ, პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემთხვევაში რა ბედი ელის კოალიციაქართულ ოცნებას“?  რამდენად სავარაუდოა, რომ დღის წესრიგში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი დადგეს?
- მე ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით, კოალიცია არ დაიშლება. იმიტომ, რომ საფრთხის წინაშე დადგებიან, რადგან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არც-ერთს არ აწყობს. დამოუკიდებლად რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, მე არ მგონია ისეთ შედეგებს მიაღწიონ, რა შედეგიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის ხარჯზე მიიღეს. ამიტომ, შეეცდებიან კოალიციამ ბოლომდე ერთიანობა შეინარჩუნოს. პლუს ამას, უახლოეს მომავალში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დაგეგმილი და ძალიან კარგად იცის ყველამ, რომ დამოუკიდებლად დიდ შედეგებს ვერ მიაღწევენ და თუ რამეს მიაღწიეს, ისევ კოალიციურ რეჟიმში მოხდება. ამიტომ, წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით, საკუთარი პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, არ მგონია ასეთი ნაბიჯი გადადგან.

პირადად თქვენ, როგორც რიგით დეპუტატს, რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში, რომელი პოლიტიკური ძალებით დაკომპლექტებულად წარმოგიდგენიათ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაკომპლექტებული ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო?
- ამ ეტაპზე, მე ვფიქრობ არ არის მიზანშეწონილი და სასურველი პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. იმიტომ, რომ ისეთ პარლამენტს მივიღებთ, რომელშიც ძაღლი პატრონს ვერ იცნობს.

როგორ ფიქრობთ, რა შანსები ექნებანაციონალურ მოძრაობასვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში?
- რაც უნდა მცდელობა იყოს „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერაფერი ვერ გააცოცხლებს. რაც უნდა გააკეთონ მისმა ლიდერებმა ან ამ პარტიის გაცოცხლების მსურველმა პოლიტიკოსებმა, ეს გარდაუვალია. მიცვალებულის გაცოცხლების წამალი ჯერ არავის გამოუგონია. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ გაცოცხლება სურთ, თუმცა არაფერი გამოუვათ. ყველაფერი საზოგადოების განწყობაზეა დამოკიდებული. ამიტომ, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის გამოკვეთილ ლიდერ პოლიტიკურ ძალას ადგილობრივი არჩევნები დაგვანახებს. „ნაციონალური მოძრაობა“ მალე ჩაეწერება იმ 250 პარტიის სიაში, რომელიც იუსტიციის სამინისტროშია რეგისტრირებული და კაცმა არ იცის ვინ არიან.

დღეს არსებული საზოგადოებრივი განწყობის გათვალისწინებით, რა პროგნოზების გაკეთება შეგიძლიათ 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების შანსებთან დაკავშირებით?
- ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ გიორგი მარგველაშვილს, რადგან კოალიციის და ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოდგენილი კანდიდატია, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ მხოლოდ ამიტომ არ ვუჭერ მხარს. უნდა გითხრათ, რომ სასურველია, რომ მარგველაშვილმა პირველ ტურშივე მოიგოს არჩევნები და იმ პოლიტიკური ძალის კანდიდატმა მოიგოს, რომელმაც თავისი დაპირებებით გარკვეული ვალდებულებები აიღო მოსახლეობის წინაშე. უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი ვერტიკალი, ერთიანი პასუხისმგებლობის ქვეშ, იმიტომ, რომ შემდეგ არ იყოს საუბარი, რომ სხვა მოვიდა, ხელი შეგვიშალა დაპირებების შესრულებაში და ა. შ. ერთიანი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ვერტიკალი გაცილებით მომგებიანი იქნება საქართველოს სახელმწიფოსათვის.
თქვენ ახსენეთ, რომ სასურველია, კოალიციაქართული ოცნებისკანდიდატმა პირველივე ტურში მოიგოს საპრეზიდენტო არჩევნები. ვარაუდობთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გახდება აუცილებელი?
- დიახ, რა თქმა უნდა, სასურველი იქნება პირველ ტურში გაიმარჯვოს მარგველაშვილმა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რამდენად უნდა ველოდოთ არჩევნების მეორე ტურს. სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, პირველ ტურში მარგველაშვილის გამარჯვება უკეთესი იქნება.

არც თუ დიდი ხნის წინ იყო საუბრები, რომ შესაძლოა, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიეღო, თუმცა ეს ვერსია მალევე გამოირიცხა. პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის შესაძლოა, კოალიცია ბუნებრივად დაიშალოს. დღეის მდგომარეობით, ამ გადმოისახედიდან, როგორ ფიქრობთ, კოალიციაქართულ ოცნებაშიშემავალი რომელი პოლიტიკური პარტია სარგებლობს საზოგადოების ყველაზე დიდი მხარდაჭერით და მათგან რომელი წარმოგიდენიათ მომავალში საქართველოს ხელისუფლების სათავეში?
- ირაკლი ალასანიას საკმაოდ დიდ პატივს ვცემ და სხვათა შორის, კარგი პარტია აქვს. პროფესიონალი დიპლომატები არიან და თავისი პოტენციალი 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც აჩვენეს. იმ დროს რომ არ გაყალბებულიყო არჩევნები და მაიმუნობები არ მომხდარიყო, შესაძლოა, ამ პარტიას საკმაოდ სერიოზული შედეგები ეჩვენებინა. მე ვფიქრობ, პოლიტიკურ სპექტრში ერთ-ერთი სერიოზული პოლიტიკური ორგანიზაციაა, თუ რა თქმა უნდა, შეცდომებს არ დაუშვებენ.

ხელისუფლებაში მოსვლიდან, თითქმის, ერთი წლის თავზე, გაწეული სამუშაოების შეფასების მიხედვით, რომელი სახელმწიფო უწყების საქმიანობას შეაფასებდით ყველაზე ეფექტურად და შესაბამისად, ყველაზე ნაკლებეფექტიანად?
- მე ვფიქრობ, იმ სიტუაციაში, რომელიც ქვეყნის გარშემო ტრიალებს, რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და საქართველოში შიდა პოლიტიკური მდგომარეობის არევის მცდელობების ფონზე, ყველაზე ეფექტურად შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის საშუალებას არ იძლევა, მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა „ნაციონალური მოძრაობის“ თუ გარე ფაქტორების მხრიდან. ასე რომ, ერთ-ერთი ეფექტური სტრუქტურაა შსს. ნამდვილად ვერ ვიტყვი რამე კარგს პროკურატურაზე. იმიტომ, რომ რაც ხდება ამ უწყებაში, აჩვენებს, რომ ძალიან სუსტია, რაც საზოგადოებაში უდიდეს აღშფოთებას და შეშფოთებას იწვევს. დანარჩენ სამინისტროების მუშაობას მეტნაკლებად შევაფასებდი.

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ვინ წარმოგიდენიათ საქართველოს მთავრობის მეთაურად და რამდენად დასაშვებია, რომ ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის პორტფელი ამჟამინდელი მინისტრებიდან ერთ-ერთმა ჩაიბაროს? ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო შემცვლელებად შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, ან ეკონომიკის მინისტრის და ვიცე-პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურები დასახელდა.
- ნამვილად ვერაფერს გეტყვით. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ ეს უნდა იყოს პიროვნება, რომელიც სადავეებს ხელში დაიჭერს და სახელმწიფო სისტემის ჩამოშლის საშუალებას არავის მისცემს. ამის ყოველწუთიერი საფრთხე არსებობს და არსებობდა ყოველთვის. ხსენებული კანდიდატურებიდან უფრო ღარიბაშვილს დავუჭერდი მხარს, რადგან ამ ახალგაზრდა კაცმა თავისი პოტენციალი საქმით აჩვენა. თუმცა კვირიკაშვილზეც ვერ ვიტყოდი რამე ცუდს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ვიცნობ.