სამართალდამცველებმა სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას ინტერპოლის მიერ ძებნილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული უმიდ რამაზანოვი (Umid Ramazanov) დააკავეს.
აღნიშნული პიროვნება დაკავების და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაში 2013 წლის 11 სექტემბრიდან იმყოფებოდა.
უმიდ რამაზანოვს ბრალად ედება აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 177.3.2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს შეღწევით დიდი ოდენობით ჩადენილ ქურდობას. დაკავებულს, სავარაუდოდ, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მიმდინარე წლის 18 აგვისტოს უ.რამაზანოვმა ჩაამტვრია გ.რამაზანოვის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ფანჯარა, უკანონოდ შეაღწია სახლში, გატეხა კედელში ჩაშენებული რკინის სეიფი და უკანონოდ დაეუფლა 200 000 აზერბაიჯანულ მანათს (257 000 აშშ დოლარი).