„მერაბიშვილისა და ახალაიას გათავისუფლება, პროცედურებიდან გამომდინარე, შეუძლებელია“, - ამის შესახებ ექსპერტმა კახა კახიშვილმა განაცხადა, რომელიც მიიჩნევს, რომ დღეს არსებული რეალობიდან და სისხლის სამართლის საპროცესო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის და თავდაცვის ექსმინისტრის გათავისუფლება შეუძლებელია.
„ვანო მერაბიშვილი პასუხისგებაში სამ საქმეზეა მიცემული. მას აღკვეთის ღონისძიება ცალ-ცალკე აქვს შეფარდებული. ამდენად, იურიდიული პროცედურებიდან გამომდინარე, მისი გათავისუფლება ვერ მოხდება. რაც შეეხება ახალაიას, ერთ საქმეზე განაჩენი გამოტანილი არ არის, მეორე კი განხილვის სტადიაზეა. ასე, რომ, თუნდაც პოლიტიკური პროცესები იქით მიდიოდეს, ვიდრე ეს ეტაპები არ იქნება გავლილი, მათი გათავისუფლება ვერ მოხდება“, - განაცხადა კახიშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, ბევრი რამ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაირკვევა.
„27 ოქტომბრის შემდეგ გაირკვევა, რამდენად ინტენსიურად დაიწყებს პროკურატურა გამოძიებას და პასუხების გაცემას იმ კითხვებზე, რომელიც საზოგადოებას თუნდაც, რეზონანსულ საქმეებთან დაკავშირებით აქვს. 9 წლის განმავლობაში იყო საუბარი იმაზე, რომ იკვეთებოდა მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის, მძიმე დანაშაულებებში, თუმცა ამ ყველაფერზე პასუხები ჯერჯერობით არ გვაქვს. ფაქტია, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით დიდი აქტივობა არ განხორციელებულა“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.