აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა. ვახტანგ ყოლბაია, რომელიც მოვალეობის შემსრულების რანგში ახალი პრეზიდენტის არჩევამდე დარჩება, ყველა მინისტრის შეცვლას გეგმავს.
აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარემ გია გავაზავამ for.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ ვახტანგ ყოლბაიას მიერ წარდგენილი მინისტრობის კანდიდატთა განხილვა დღესვე დაიწყება.
მისი თქმით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პოსტზე წარდგენილია სოხუმის თეატრის ყოფილი ხემძღვანელი დიმიტრი ჯაიანი, ფინანსთა მინისტრის პოსტზე ხორავა, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ავთანდილ ძაგანია, ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე იქნება,
დევნილთა საქმეების დეპარტამენტს დავით გვაზაბია უხელმძღვანელებს, იუსტიციის დეპარტამენტს გივი კაცია, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტს ვასილ ბასარია, მინისტრი ზემო აფხაზეთის საკითხებში ისევ მევლუდ ჯაჭვლიანი იქნება, განსაკუთრებულ დავალებათა ხელმძღვანელი აბესალომ მიქელაძე და რეგიონალური განვითარების სამსახურს კონსტანტინე კუჭუხიძე უხელმძღვანელებს.
„უმაღლეს საბჭოში მათი განხილვა დღესვე დაიწყება და დამტკიცება მოხდება ყველა პროცედურის გავლის შედეგად. სავარაუდოდ ეს მომავალი კვირის ბოლოს მოხდება“. - აღნიშნა გია გავზავამ.
იგეგმება თუ არა სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში, ამ ეტაპისთვის გია გვაზავა ვერ აკონკრეტებს, თუმცა მომავალში ამ საკითხის დასმას არ გამორიცხავს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელად ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნაზე კატეგორიული უარი განაცხადა, იგი დღეისათვის თავმჯდომარის ყველა უფლებამოსილებით სარგებლობს. მიხეილ სააკაშვილის მიერ კოლაბორაციონალისტად წოდებული ვახტანგ ყოლბაიასთვის აფხაზეთის უმაღლეს საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები 20 აგვისტოს განახორციელა, რომლის თანახმადაც, მას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის ყველა უფლებამოსილება მიენიჭა.