რუსული პროვოკაცია პრაღის შეხვედრის წინ

რუსული პროვოკაცია პრაღის შეხვედრის წინ

ბოლო ინფორმაციით, სოფელ დიცის განაპირას რუსი სამხედროები ე.წ. სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაოებს აღარ აწარმოებენ. ქართული მხარე ცდილობს, მოსახლეობამ ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავოს, რომ არ მოხდეს რაიმე ინციდენტი. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსშია საერთაშორისო საზოგადოება და ორი დღის განმავლობაში დიცში იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები. რაც შეეხება სამართალდამცავებს, ქართველი პოლიციელები უკვე ორი დღეა, სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პერიმეტრზე იმყოფებიან.

დიცში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე გამოეხმაურა, საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას და რუსეთის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად შესაბამისი ზომები მიიღოს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გუშინ უკვე გაავრცელა განცხადება და მხარეებს მოსახლეობის პრობლემებზე კონცენტრირებისკენ მოუწოდა.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საერთშორისო თანამეგობრობასთან. კიდევ ერთხელ ჩავაყენეთ საქმის კურსში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ყველა ფორმატს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ საერთაშორისო რეაგირება იყოს ძალიან მწვავე“, - აცხადებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილე, ქეთევან ციხელშვილი.

სოფელ დიცში განვითარებულ მოვლენებს საქართველოში აშშ-ს ელჩიც ეხმაურება, როგორც რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოება აკვირდება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებულ მდგომარეობას. რაც შეეხება საოკუპაციო ზოლთან გადმოწევას, ნორლანდის განცხადებით, ეს საკითხი ჟენევის დისკუსიებში განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანია. 

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი კი შეშფოთებას გამოთქვამს სოფელ დიცთან რუსი ჯარისკაცების მიერ ღობეების აღმართვის განახლების თაობაზე. ამის შესახებ განცხადება აპატურაიმ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა. 
„შეშფოთებული ვარ რუსი სამხედროების მიერ საქართველოში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან ღობეების აღმართვის განახლების შეტყობით. ეს კიდევ ერთხელ არღვევს შეთანხმებას და ართულებს პოლიტიკურ წინსვლას. როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აცხადებს, ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება“, - წერს ჯეიმს აპატურაი.

შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს, პრაღაში, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

„ჩემსა და კარასინს შორის შეხვედრების წინ ცხინვალის რეგიონთან, ადმინისტრაციულ საზღვარზე ვითარება იძაბება,იქ ყოველთვის რთული ვითარებაა, მაგრამ ასე ხაზგასმით ჩვენი შეხვედრის წინ ხდება ძალიან რთულია დაიჯერო, რომ ეს სპეციალურად არ ხდება“,- აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.

ცნობილია, რომ შეხვედრაზე განიხილება სავაჭრო კავშირების აღდგენა, სატრანსპორტო კავშირების აღდგენა და ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ ურთიერთობები.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო შეხვედრების წინ ასე იძაბება ვითარება ადმინისტრაციულ საზღვარზე, ცხინვალის რეგიონთან.. ძალიან რთულია დაიჯერო, რომ ეს სპეციალურად არ ხდება“, - აცხადებს აბაშიძე. 

საგარეო საქმეთა ყოფილი ექსპერტი ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ ამაში ახალი არაფერია და უკვე მერამდენედ, სასაზღვო ზოლში რუსეთის მხრიდან პროვოკაციას აქვს ადგილი.

„ის, რაც ხდება რომ პროვოკაციაა, ეს ეჭვს არ უნდა იწვევდეს. რა თქმა უნდა, ვიზიარებ ბატონი ზურაბ აბაშიძის მოსაზრებას, ვთვლი, რომ საფუძვლიანია და ორ მხარეს შორის მოსალოდნელ შეხვედრას უკავშირდება. პირველი არ არის, როდესაც მსგავსი შეხვედრის წინ ხდება ასეთი ინციდენტი“, -აცხადებს მენაღარიშვილი.

მისივე შეფასებით, ამით ხაზგასმა ხდება, ვინ არის მათი აზრით, სიტუაციის ბატონ-პატრონი - სხვაგვარ გზავნილს რუსეთის მხრიდან არც ერთი საქციელი არ შეიძლება შეიცავდეს.

ექსპერტი კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ რუსებს ეს სტილი აქვთ შემუშავებული, რომელიც დიპლომატიურ მოლაპარაკებებში დიდი ხანია მიღებულია, რათა გარკვეული ძალის დემონსტრირება მოხდეს მოლაპარაკებათა ყველა რაუნდის წინ.

„ყველა მოლაპარაკების წინ ეძებენ, ახლა რა ქმედება ან განცხადება გააკეთონ, რა აქცია მოაწყონ, რომ მოლაპარაკებებში მეორე მხარე ნერვიულობდეს“, - მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი.

მისივე შეფასებით, ეს არის იმის დემონსტრირება, რომ მათ გააჩნიათ ბერკეტები, რომლითაც შემდგომში პოლიტიკურ ზეგავლენას მოახდენენ.

„გასაგებია, რომ რუსებს უნდათ საზღვრის დაფიქსირება, მაგრამ თან - არ უნდათ, იმიტომ, რომ ვიდრე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ეს მუდმივად არის საქართველოზე ზეწოლის შესაძლებლობა. როცა ისინი საბოლოოდ გაიყვანენ საზღვარს და მესაზღვრეებს დააყენებენ, ეს საკითხი უკვე ამოწურული იქნება - საქართველოსთვის შიშის საფუძველი ვეღარ გახდება, რადგან უკვე მომხდარი ფაქტი იქნება“, - აცხადებს გოგოლაშვილი.

გოგოლაშვილი თვლის, რომ რუსები ასე ნახევრად აკეთებენ ყველაფერს და ზეწოლისთვის იყენებენ. მისივე შეფასებით, ერთადერთი, რაშიც თავისი პოლიტიკიდან გადაუხვიეს და ალბათ ახლაც ნანობენ, ეს არის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, რითაც თითქოს ეს საკითხი დახურეს. ამიტომ, ამ კუთხით, მათ საქართველოზე ზეწოლის ბერკეტი აღარ აქვთ, რომ თუ ჩვენ კარგად არ მოვიქცევით, ისინი ამ ტერიტორიების აღიარებას მოახდენენ და წაგვართმევენ.

„მაგალითად, ძალიან ხშირად მუსირებს თემა, როგორიცაა, სამხრეთ და ჩრდილო ოსეთის გაერთიანება, რასაც ასევე დროდადრო წამოწევენ ხოლმე. ეს თვითონაც არ აწყობთ, ან რა შედეგს მიიღებს ამით რუსეთი საბოლოოდ, თვითონაც არ იცის, რადგან შესაძლოა, გაერთიანებულ ოსეთს შემდეგ დამოუკიდებლობაც კი მოუნდეს. მოლაპარაკებები იქნება ეს თუ საქართველოს საგარეო ორიენტაციის საკითხი, რუსეთი ყოველთვის ეძებს ზეწოლის თემებს და ისეთ უსუსურ საკითხებს წამოსწევს-ხოლმე, როგორიცაა მავთულხლართების გაყვანა, ეკონომიკური სანქციები, ჩრდილო და სამხრეთ ოსეთის გაერთიანება, ვიზები და ა.შ.“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

მოახდენს თუ არა საერთაშორისო თანამეგობრობა მწვავე რეაქციას აღნიშნულ საკითხზე და დაუპირისპირდება რუსეთს, ექსპერტები თვლიან, რომ საერთაშორისო სიტუაციის გათვალისწინებით, ეს რთული იქნება.

ირაკლი მენაღარიშვილი თვლის, რომ გარკვეული რეაქციები უკვე გაჩნდა ბატონი აპატურაის და აშშ-ს ელჩის მხრიდან. საბოლოოდ რას მიიღებს რუსეთი და რას ელოდება, ძნელი სათქმელია, ირაკლი მენაღარიშვილი არ გამორიცხავს, რომ სირიაში გამწვავებული სიტუაციის ფონზე საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ მოიცლის რეაგირებისთვის.

ირაკლი მენაღარიშვილი: „ვერ გეტყვით რომ დღეს საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთთან დიალოგში უმთავრეს პრიორიტეტად საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენები ჰქონდეს. იცით, რაც ხდება სირიაში და რა დონის პრობლემებია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ ევროპა და აშშ ამ ფაქტს იგნორირებას არ გაუწევენ“.

კახა გოგოლაშვილის შეფასებით, თუ საქართველოს უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვეს, ამისათვის საჭიროა ძალზე სერიოზული მუშაობა საგარეო მიმართულებით.

„ევროპას და ამერიკას სირიის გარდა იმდენი პრობლემა აქვთ, რომ შესაძლოა ამ ინციდენტის გამო თავი იმდენად არ შეიწუხონ. ბოლო დროს განსაკუთრებით შერბილებულია დასავლეთის ტონი და ცდილობენ, არც გაამწვავონ, რადგან საქართველოს მხრიდანაც მოხდა ტონის გარკვეული შერბილება, რუსეთთან ორმხრივი  მოლაპარაკებების გამო. თუმცა ამის გამო უკვე გვიჭირს დასავლეთის დარწმუნება იმაში, რომ რაღაც საკითხებზე საჭიროა მწვავე რეაგირება“,-აცხადებს გოგოლაშვილი.

უკავშირდება თუ არა რუსეთის მხრიდან სიტუაციის დაძაბვის მორიგი მცდელობა საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებს, ექსპერტები რუსულ პოლიტიკას მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ცალსახად  ვერ უკავშირებენ, თუმცა თვლიან, რომ რუსეთისგან არაფერი არ უნდა გამოირიცხოს.

„ძალიან ძნელია, ამისი მტკიცება, თუმცა მოსკოვში თავიანთი გათვლები აქვთ და სულაც არ არის შეუძლებელი, რომ ამგვარი სიტუაციის გამწვავებით მდგომარეობაზე ზემოქმედებაც იყოს გათვალისწინებული, ოღონდ ამგვარ მტკიცებას ცოტა უფრო მეტი არგუმენტი და სიტუაციის მეტი ანალიზი სჭირდება. ის, რომ ყველა შემთხვევაში ეს არის ერთმნიშვნელოვნად დესტრუქციული ქმედება, მიმართული სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ, ეჭვს არ იწვევს“, - მიიჩნევს მენაღარიშვილი.

კახა გოგოლაშვილი კი თვლის, რომ ძნელია, რაღაც კონკრეტული აქტი პირდაპირ დაუკავშირო არჩევნებს. მისივე შეფასებით, თუ რუსეთს იმედი აქვს, რომ არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გამყარდება მისი პოზიციები კავკასიაში და საქართველოში თავიანთი პოლიტიკის გატარების მეტი შანსი გაუჩნდებათ, ეს ფაქტია, მაგრამ ამ არჩევნებთან პირდაპირ დაკავშირება რთულია.

კახა გოგოლაშვილი: ნებისმიერი აქტი მათი მხრიდან არის იმის შეხსენება, რომ მათ ხელში ძალიან ბევრი ბერკეტია. შესაძლოა არჩევნებთან დაკავშირებით სულ სხვა ქმედებებს ახორციელებენ და სხვა ტიპის მუშაობა მიმდინარეობს. ასეთ შემთხვევაში პირიქით, მათ უნდა აწყობდეთ საქართველოსთან შერბილებული ურთიერთობა, ჩვენება იმისი, რომ სიტუაციის დათბობა შესაძლებელია და ამით შეეცადონ, უფრო თბილად განაწყონ ამომრჩეველი პრორუსული ლოზუნგების მიმართ.

არ არის რუსეთისგან გასაკვირი. მათ აქვთ თავიანთი სქემები მაგრამ საქართველოში მოვლენები ვითარდება ძალიან სწრაფად და მრავალწახნაგოვნად, ამიტომ, არ არის გამორიცხული, რუსეთი სტრატეგიულ შეცდომებსაც უშვებდეს. ისე, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემთხვევაში - ომის შემდეგ რაღაც შანსები რომ მიეცათ საქართველოს მთავრობისთვის, არ ვიცით, როგორ შეიცვლებოდა საქართველოს მხრიდან რუსეთთან ურთიერთობა და რა პერსპექტივა გაუჩნდებოდა რუსეთს. მან თვითონ დახურა ეს პერსპექტივა და ნებისმიერი მთავრობა აუცილებლად არაპოპულარუილი იქნება, თუ ის ამ ვითარებაში პრორუსულ ტენდენციებს გამოავლენს“.