"ჩვენს ამომრჩეველს უფრო მძაფრი ემო­ცია სჭირდება"

ადამიანები ყველაზე ხშირად არჩევნების წინ და ნადირობის შემდეგ იტყუებიანო, ამბობდა ერთი ცნობილი პოლიტიკოსი. წინასაარჩევნო კამპანია, რომლის შედეგადაც ამომრჩეველმა 5 წლით ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი უნდა აირჩიოს, თანდათან იკრებს ტემპს. მის მიმდინარეობასა და თავისებურებაზე პიარექსპერტი, სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო "პერიტუს გრუპის" ხელმძღვანელი ელდარ პირმისაშვილი გვესაუბრება:

- მიმდინარე კამპანია წინა კამპანიისგან პიარტექნოლოგიების თვალსაზრისით, დიდად არ განსხვავდება, ესეც ერთგვარი სვლაა - ამომრჩეველს აწვდიან იმას, რასაც შეჩვეულია, კომუნიკაციის გზას არ ცვლიან; განსხვავება ის არის, რომ ეს კამპანია ნაკლებად აგრესიული და ნაკლებად ემოციურია, რაც კანდიდატებისთვის არცთუ მომგებიანია, რადგან ქართველ ამომრჩეველს, როგორც წესი, მეტი ემოცია, მუხტი სჭირდება არჩევანის გასაკეთებლად, მეტი აქ­ტივობა, რაც კანდიდატებს შორის განსხვავებას დაანახვებს; მხოლოდ შეხვედრები მოსახლეობასთან, ისიც, ძირითადად, რაიონებში, ბევრი არაფრის მომტანია; ყველა კანდიდატი ერთნაირად, სტანდარტულად ჩაცმული, სადა კოსტიუმში გამოწყობილი გამოდის, ამომრჩეველს ხელს ართმევს, ეკითხება და მერე იწერს, რა პრობლემები აქვთ. შესაძლოა, კამპანიაში ერთგვარი მუხტი სატელევიზიო დებატებმა შეიტანოს, რასაც ადრე ნაკლები ყურადღება ექცე­ოდა და რაც ამერიკული მოდელია, იქ დებატები გადამწყვეტ როლს თამაშობს ამომრჩევლის არჩევანში. ჩვენში კი კამპანიას ხშირად ამა თუ იმ პოლიტიკოსის თავიდანვე შექმნილი იმიჯი უფრო განაპირობებს. მარგველაშვილის შემთხვევაში ეს, როგორც პიარტექნოლოგები ვუწოდებთ, ორთქლმავლის პრინციპია - მარგველაშვილის ლოკომოტივი ბიძინა ივანიშვილია; საგულისხმოა, რომ დავით ბაქრაძემ ახლახან კლიპი შეცვალა, ჯერ საკუთარი თავის გაც­ნობაზე იმუშავა და მერე "ქართული ოცნების" კრიტიკაზე გადავიდა, რაც წინა კლიპთან შედარებით ეფექტიანია, მაგრამ მკვეთრი მაინც არ არის, ჩვენში ამომრჩეველი უფრო მძაფრ ემოციებს ითხოვს. ამომრჩეველთან ღია ცის ქვეშ შეხვედრებზე აკეთებს აქცენტს ნინო ბურჯანაძეც, ყველა ერთნაირ სტრატეგიას ირჩევს, თან რატომღაც სოფელს, რეგიონებს ანიჭებენ უპირატესობას, ფიქრობენ, რომ იქაურ ამომრჩეველზე ზეგავლენა უფრო ადვილია, ვიდრე სხვადასხვა თემატურ ჯგუფთან შეხვედრა, სადაც მწვავე შეკითხვები, მეტი მოთხოვნა, კრიტიკა იქნება და სადაც მეტად დაიხარჯებიან, ამით ცდილობენ საქმის გაიოლებას. ერთადერთი შანსი (რაც ამომრჩევლის ანუ მომხმარებლის მოთხოვნაცაა,) რომ კამპანიის ბოლოსკენ კულმინაციური მომენტი დადგეს, ყველაზე მწვავე საკითხის წინწამოწევაა, როგორიც საპარლამენტო არჩევნების წინ ციხის კადრები იყო, თუმცა, საამისოდ სულ უფრო ნაკლები დრო რჩება.

- ანუ კანდიდატები, შესაძლოა, ერთმანეთის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებაზე გადავიდნენ?
- ამ ეტაპზე, შესაძლოა ითქვას, რომ კანდიდატებს შორის ერთგვარი შეთანხმებაა, ერთმანეთის დისკრედიტაციისგან მეტ-ნაკლებად თავს იკავებენ, მოზომილად აკრიტიკებენ, მაგრამ ვნახოთ, რა მეთოდებს, პოლიტიკურ ილეთებს მიმართავენ ამ დღეებში, როცა კამპანია ყველაზე აქტიურ ფაზაში შევა.

- გამოირჩევიან თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატები ქარიზმით, რა ადგილი უკავია მიმდინარე კამპანიაში მათ ოჯახებს?
- ნაკლებად ქარიზმულები არიან და შესაბამისად, აუდიტორიაზე ზეგავლენაც უჭირთ, ჟესტების ენას ნაკლებად მიმართავენ. რაც შეეხება ოჯახს, ეს თემა სხვა ქვეყნებში მუშაობს - როგორია პოლიტიკოსის დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, რას აკეთებს შინ, როგორ ურთიერთობს შინაურ ცხოველებთანაც კი, რადგან ამაში მათი გარემოსადმი დამოკიდებულება ჩანს და შესაბამისად, ამომრჩეველი იგებს, როგორ შეიძლება მოიქცეს ესა თუ ის კანდიდა­ტი მომავალში. ჩვენთან კი მთავარი გზავნილია: აი, რას ვაპირებ მე. თუმცა, იმასაც აქვს მნიშვნელობა, როგორ ლიდერზეა მოთხოვნა, არჩევნები დიაგრამასავით არის, გამსახურდიას მერე ნაკლებად ქარიზმული შევარდნაძე იყო, ემოციური, ფეთქებადი სააკაშვილის შემდეგ უფრო გაწონასწორებულ პოლიტიკოსს მიანიჭებენ უპირატესობას, თუმცა, არა უემოციოს. რაც შეეხება ოჯახის თემას, ამომრჩეველი, ზოგადად, ლოიალურია ოჯახის მიმართ, ოღონდ, თუ ოჯახის წევრებმა თავისი ადგილი იციან. ჩვენში ოჯახის წევრების, მეუღლის ზეაქტიურობა ცუდ ტონად ითვლება და შედეგზე უარყოფითად აისახება, რისი მაგალითებიც იყო. საქართველო მაინც ტრადიციული ქვეყანაა, მიიჩნევენ, რომ კაცს თავისი ადგილი აქვს, ქალს - თავისი.

- თუ ჰყავთ პარტიებს ამ საარჩევნო კამპანიაში ჩართული უცხოელი პიარტექნოლოგები, ამართლებს მათი მოწვევა?
- უცხოელების მოწვევა გარკვეულწილად შედეგიანია, მიუხედავად იმისა, რომ მათ კოლოსალურ თანხას უხდიან. უფრო ეფექტიანი შერეული გუნდის შექმნაა, სადაც უცხოელებთან ერთად ქართველი "პიარისტებიც" არიან, ისინი უკეთ ერკვევიან პიარის ადგილობრივ თავისებურებებში, თუმცა, ამ წინასაარჩევნო კამპანიას ჯერჯერობით პიარტექნოლოგიებისა ბევრი არაფერი ეტყობა; ძირითადად, ასეთი დამოკიდებულებაა: მარგველაშვილის გუნდს მიაჩნია, რომ მაინც გაიმარჯვებს, რაკი ივანიშვილის მხარდაჭერა აქვს, რაც არასწორია, მარგველაშვილზე, ისე როგორც სხვა ძირითად კანდიდატებზე (ყველა გამოკითხვით, გაპრეზიდენტების შანსი მხოლოდ სამ კანდიდატს აქვს) ხალხს მეტი ინფორმაცია აინტერესებს, ვიდრე აწვდიან. არც სხვა კანდიდატები გამოირჩევიან წინასაარჩევნო პიარ-სვლების მრავალფეროვნებით, რაც არასწორი დამოკიდებულებაა - პიარზე უა­
რის თქმა ელექტორატთან საუბარზე უარის თქმაა, ხოლო იქ, სადაც ინფორმაციული შიმშილია, ჭორები ჩნდება. მხოლოდ კარგად ინფორმირებული ამომრჩეველი აკეთებს სწორ არჩევანსაც, ზუსტად იცის, რას და ვის აძლევს ხმას და ფუჭი მოლოდინისგანაც დაზღვეულია.