მას შემდეგ, რაც რუსეთი შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმებიდან გავიდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვარაუდით, მარცვლეულზე ფასი შესაძლოა, 15%-ით გაიზარდოს. ასეთი სცენარის შემთხვევაში, ძნელი სათქმელია, რა მოხდება საქართველოში, სადაც ფქვილის იმპორტზე დროებითი გადასახადია დაწესებული, რომელიც ნოემბრის შუა რიცხვებამდე იქნება ძალაში.
„ნათელია, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შარშან მსოფლიოში მარცვლეულის საკმარისი მარაგის უზრუნველსაყოფად. იგივე მექანიზმი ახლა საწინააღმდეგო მიმართულებით მუშაობს, რაც ფასებზე ზეწოლას მოახდენს“, - განაცხადა სსფ-ს მთავარმა ეკონომისტმა.
მისივე თქმით, შეთანხმების მეშვეობით, ერთი წლის განმავლობაში უკრაინიდან დანარჩენ მსოფლიოში გაიგზავნა, დაახლოებით, 33 ტონა ხორბალი და ამან ხელი შეუწყო სურსათის ფასებზე ზეწოლის შემცირებას.
უკრაინამ და რუსეთმა 2022 წლის 22 ივლისს სტამბულში გააფორმეს შეთანხმებები თურქეთთან და გაეროსთან, უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის გათავისუფლების შესახებ. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას შემდეგ, რაც გასული წლის თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
შეთანხმება მსოფლიოში არსებული სასურსათო კრიზისის საპასუხოდ გაფორმდა, რადგან რუსეთიც და უკრაინაც მარცვლეულის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან. თავის მხრივ, რუსეთმა მიიღო გარანტია, რომ საკუთარი მარცვლეულისა და პესტიციდების ექსპორტსაც განახორციელებდა. შეთანხმების მოქმედების ვადა 17 ივლისს ამოიწურა.
რას ნიშნავს საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენცია საქართველოსთვის და უნდა ველოდოთ თუ არა ხორბალზე ფასის ზრდას. ამ საკითხზე „აგროექსპორტის“ დამფუძნებელმა ლევან ჯანაშიამ ისაუბრა.
„როდესაც მსოფლიო ბაზარზე ფასი იზრდება და მერყეობს, თავისთავად ცხადია, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი. რუსეთში დიდი ხანია საუბრობენ, რომ მოსაკრებელი პერმანენტულად მცირდება, ხოლო მეორე საკითხად განიხილება „მეგობრულ ქვეყნებთან“ საექსპორტო მოსაკრებლის დროებით მოხსნა.
საქართველო რუსეთს „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში არ ჰყავს შეყვანილი. აქედან გამომდინარე, შედეგი არ ვიცი რა იქნება. მოსაკრებელი ფასის დანამატია, როდესაც ექსპორტს ახორციელებ, თუმცა ნედლეულის ფასი სტანდარტულად დგინდება ბირჟაზე. ამიტომ ბუნებრივია, თუ ეს ვითარება შენარჩუნდა, ამ შემთხვევაში, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი რომ აქ იაფი ხორბალი შემოვიდეს და სხვაგან - ძვირი“, - განმარტა ჯანაშიამ.
ამის მიუხედავად, არის შანსი ფასი ქვეყნებისთვის სხვადასხვა თანაფარდობით გადანაწილდეს და საქართველოში ხორბალი შედარებით იაფად შემოვიდეს.
„რა თქმა უნდა, ეს ჯერ დამდგარი ფაქტი არ არის და მხოლოდ განცხადებებია, რომლებიც დაახლოებით 9-10 თვეა კეთდება“, - დასძინა მან.
მარცვლეულის შეთანხმების შეწვეტამდე საქართველოში ფქვილის იმპორტზე დროებით საიმპორტო საფასური დაწესდა. გადაწვეტილება ძალაში 12 ივნისიდან შევიდა და 5 თვე იმოქმედებს. შედეგად, უკვე გაიზარდა ქვეყანაში ხორბლის იმპორტი და შემცირდა ფქვილის შემოტანა. სწორედ ეს იყო სამინისტროს მიერ რეგულაციის დაწესების საფუძველი.
ადგილობრივი მემარცვლე ფერმერები და წისქვილკომბინატების წარმომადგენლები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ ნორმების ამოქმედებას, რაც მათი თქმით, ფქვილის იმპორტს ისეთ ჩარჩოს შეუქმნიდა, რომ კონკურენციის თანაბარი პირობები ყოფილიყო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველომ ივნისში 2.5 მლნ აშშ დოლარის 9 887 ტონა ხორბალი იყიდა, გასული წლის ანალოგიურ თვეში კი, 2.1 მლნ აშშ დოლარის 5 671 ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა.
რაც შეეხება ფქვილს, რომელზეც ამრეკლი გადასახადი გასულ თვეში დაწესდა, იმპორტი შემცირებულია. ივნისში საქართველომ 3.5 მლნ აშშ დოლარის 13 953 ტონა ფქვილი იყიდა, 2022 წლის ივნისში კი, 6.5 მლნ აშშ დოლარის 15 076 ტონა ხორბალი.