ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთად-ერთი უწყება რომელსაც ქვეყნის პირველი პირი არ აკრიტიკებდა სწორედ თავდაცვის სამინისტრო იყო. ქვეყნის პირველმა პირმა ტონი გაამკაცრა და თავდაცვის მინისტრს ურჩევს, მის ლანძღვას და ქიშპობას ნაკლები დრო დაუთმოს და სამხედროებზე იფიქროს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს ვიცე-პოლკოვნიკ ალეკო ტუღუშის მონახულების შემდეგ განუცხადა, რომელმაც ჰელმანდის პროვინციაში ნაღმზე აფეთქების შედეგად ორივე ფეხი დაკარგა, სამშობლოში დაბრუნებული კი, პრეზიდენტის ინფორმაციით, ავტოსადგომში ცხოვრობს.
„ჩვენი ეროვნული სირცხვილია, რომ ალეკო ტუღუში, პოლკოვნიკი, ომების გმირი, საქართველოს სიმბოლო, ცხოვრობდეს „გარაჟში“, მუხათგვერდის სასაფლაოს გვერდით. თავმოყვარეობა გვაქვს ჩვენ საერთოდ და ღირსება?! ღირსებაზე შეიძლება ამის შემდეგ საუბარი?! ახლა ველაპარაკე და ვთხოვე გიგი უგულავას, რომ ამ ადამიანს დაუყოვნებლივ გამოუყონ ბინა - კიდევ კარგი ეს ბერკეტები მაინც გვაქვს. ამასთან, ვავალებ და ვუბრძანებ თავდაცვის სამინისტროს, ეს კაცი დაასაქმონ. დაუყოვნებლივ, პროფესიის მიხედვით“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ქვეყნის პირველმა პირმა ალეკო ტუღუში წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა და აცხადებს, რომ მას სრცხვენია იმის, რომ საქართველოს გმირს წმინდა გიორგის ორდენი „გარაჟში“ უნდა გადასცეს.
„მაგრამ სადაც არ უნდა იყოს, გმირი არის გმირი. ერთი საყვედური არ დაცდენია ამ კაცს როცა ველაპარაკებოდი. საუბრობდა მარტო იმ ბიჭებზე, რომლებიც, პრაქტიკულად, დაფინანსების გარეშე არიან დარჩენილი და სახელმწიფოსგან დახმარება სჭირდებათ, რომ ელემენტარულად, სარეაბილიტაციო კურსი გაიარონ. ალასანიას მინდა ვუთხრა – ბოლო 5 დღეში 10 განცხადება გააკეთა ჩემი სალანძღავი. იქნებ ცოტა ნაკლები დრო დაეთმო ჩემი ლანძღვისთვის, ქიშპობისთვის და ერთხელ მაინც დაინტერესებულიყო ამით.
ალექსანდრე ტუღუშზე ვრცლად მესაუბრა პრეზიდენტი ობამა, რომელმაც ის საავადმყოფოში მოინახულა. მისი გმირობით აღტაცებული იყო ამერიკელი გენერალი პეტრიუსი, მასზე რამდენჯერმე მესუბრა ადმირალი სტავრიდისი, რომელმაც პირადად მოინახულა მერიკაში. ეს არის ქართველი კაცის წარმოუდგენელი გმირობის, თავდადების და განსაკუთრებულობის ნამდვილი სიმბოლო.
საქართველოს საუკუნეების განმავლობაში ესეთი შვილები თითზე დასათვლელად დაბადებია. ახლა ეს კაცი, რომელიც ამდენი წელი, ბოლო ამდენი თვეები ამერიკაში მკურნალობდა, ჩამოვიდა საქართველოში და მინდა გაჩვენოთ სად ცხოვრობს... მუხათგვერდის სასაფლაოს მიახლოებულ ტერიტორიაზე, ფარეხში. ამის შემდეგ თავმოყვარეობა გვააქვს ჩვენ საერთოდ?! ღირსებაზე შეიძლება ამის შემდეგ საუბარი ხალხნო?“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებას არ ადასტურებს თავდაცვის სამინისტრო და პრეზიდენტს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს.
„თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს, რომ ვიცე-პოლკოვნიკ ტუღუშს ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობა უკავია და ამ პოსტზე მისი ხელფასი საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენს“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
ანაზღაურების ზუსტ ოდენობას, კონფიდენციალობიდან გამომდინარე, თავდაცვის უწყება არ აკონკრეტებს. გარდა ამისა, ირაკლი ალასანიას უწყება აცხადებს, რომ ვიცე-პოლკოვნიკს დაწერილი აქვს პატაკი ბინით უზრუნველყოფის შესახებ და მისი ბინით დაკმაყოფილების გადაწყვეტილება სამინისტროს შესაბამისმა კომისიამ ერთი კვირის წინ უკვე მიიღო.
აღსანიშნავია, რომ როგორც ყველა დაჭრილ სამხედროს, ასევე ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშს ბინა თბილისში გადაეცემა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში 2011 წელს დაიჭრა, თუმცა საბინაო ფონდში მისი შეყვანა და მისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, ორი წლის შემდეგ, მხოლოდ ახლა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
ამასთან, თავდაცვის სამინისტროში აქტიურად მოქმედებს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების დახმარების კომპლექსური პროგრამა. ეს სისტემა მოიცავს, დაჭრილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას, მათ სამედიცინო დახმარებას, პროტეზირებას, პროფილურ დაზღვევას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას.
დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების დახმარების კომპლექსურ პროგრამაში აქტიურად არიან ჩართულები თავად დაჭრილი სამხედროები. ალექსანდრე ტუღუში ამ პროგრამის ერთ-ერთი კოორდინატორია და მას ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ დაჭრილ სამხედროებთან კოორდინაცია და მათ პრობლემებზე მუშაობა ევალება.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ სააკაშვილი იტყუება და მას უნდა ახსოვდეს როგორი პოლიტიკა იყო მისი გუნდის მმართველობის პერიოდში ავღანეთში დაჭრილი სამხედროებისა და ზოგადად სამშვიდობო მისიის წარმომადგენლების მიმართ.
„ძალიან უხერხულია პრეზიდენტის მხრიდან ამის განცხადება. ჩვენ გვახსოვს, რომ ავღანეთში ჩვენი ჯარიკაცების დაღუპვისა და დაჭრის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა. დაღუპულები მალულად ჩამოჰყავდათ საქართველოში. დღეს, როდესაც გამოდის და საუბრობს ალექსანდრე ტუღუშის გმირობაზე, მინდა შევახსენო საზოგადოებას და მათ შორის სააკაშვილს, რომ ალექსანდრე ტუღუშის გმირობის შესახებაც არაფერი იცოდა საზოგადოებამ რადგან წინა ხელისუფლება ამას მალავდა.
უნამუსობაა ის განცხადება, რაც სააკაშვილმა გააკეთა, ეს არის შავი პიარი, რომლესაც არანაირი გამართლება არა აქვს. ეს არაა ვიწრო პოლიტიკური ინტერესი, ეს არის შეიარაღებული ძალები და ჩვენი ბიჭები იქ არც ერთი მთავრობისა და პარტიის გამო არ არიან, ისინი არიან საქართველოსთვის. რაც შეეხება ალექსანდრე ტუღუშს და სხვა დაჭრილებს, ახალი ხელისუფლების ინიციატივით, 15 ათასის ნაცვლად დაღუპულ სამშვიდობოებს მიეცემათ 100 ათასი ლარი კომპენსაციის სახით, გარდა ამისა არის ძალიან მნიშვნელოვანი ისიც, რომ დაჭრილი სამხედროები დასაქმდებიან თავდასცვის უწყებაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თეონა აქუბარდია.