ორი კვირის წინ, დავწერე სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანის გადაწყვეტილების შესახებ, შეუერთდეს საბაჟო კავშირს, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს, იმის ნაცვლად, რომ განაგრძოს მუშაობა სავაჭრო ხელშეკრულებაზე, რომლის თაობაზეც ერევანი სამი წელია მოლაპარაკებას აწარმოებს ევროკავშირთან.
სომხეთის მიერ კურსის ასეთი შეცვლა წარმოადგენს გამაფრთხილებელ სიგნალს ევროკავშირისთვის, იმასთან მიმართებით, თუ რამდენად სერიოზულად მუშაობს რუსეთი, რომ სომხეთის შემთხვევა უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთანაც გაიმეოროს. ევროკავშირის ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) სამიტი, რომელიც ნოემბერში გაიმართება და დამოუკიდებლ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტით, რომელიც 25 ოქტომბერს არის დანიშნული, მიმდინარეობს გეოპოლიტიკური ბრძოლა ევროკავშირსა და რუსეთს შორის. ევროკავშირისთვის, ეს არის ბრძოლა, რომელიც მან არ უნდა წააგოს, თავისი წარმატებული სამეზობლო პოლიტიკის თვალსაზრისით.
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობა არასდროს ყოფილა მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთი თავის დასავლეთ სამეზობლოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ იმპერატივს და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობა შეკავების იარაღად მიაჩნია. ამიტომაც, ის ინტეგრაციის საკუთარ პროექტებს ქმნის. რადგან არ არსებობს საბაჟო კავშირთან შეერთების კრიტერიუმები თუ პირობები, ქვეყნებს, რომლებიც ამ კავშირს შეუერთდებიან, მოუწევთ, დათმონ არამარტო მოზრდილი ლუკმები, თავიანთი ბიუჯეტიდან, ახალი მაკონტროლებელი დაწესებულებებისთვის, არამედ - თავიანთი სუვერენიტეტიც. ამრიგად, ერთადერთი გზა, რომლითაც მოსკოვს შეუძლია, ისინი ამ კავშირში შეიყვანოს, მკლავების გადაგრეხვა და ძალადობაა.
მაშინ, როცა უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის უშუალო მეზობლები არიან, და უკრაინას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, მისი ზომის, რეგიონალური როლისა და ეკონომიკური პოტენციალის გამო, საქართველო არ უნდა დაგვავიწყდეს. ამრიგად, იმედი გამიცრუვდა, როცა ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ, თავის ბოლოდროინდელ გამოსვლაში, განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვასთვის იბრძოლებდა, მაგრამ როცა მას საქართველოს შესახებ ჰკითხეს, განაცხადა, რომ საქართველომ ორივე არჩევანით დაინტერესებაზე მიანიშნა. ეჭვი არაა, რომ ის გულისხმობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კომენტარებს საბაჟო კავშირის წევრობასთან დაკავშირებით, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გაიმეორა, რომ ევროინტეგრაცია მათ პრიორიტეტს წარმოადგენს.
საქართველო შეიძლება უფრო შორს იყოს და უფრო რთულ სამეზობლოში, მაგრამ ის არანაკლებ მნიშვნელოვანია. რადგან ყველაფერი კარგად არ არის, საქართველო ბევრს მუშაობს, რომ ევროკავშირის კრიტერიუმები დააკმაყოფილოს. გარდა ამისა, ამჟამად, ის ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, სადაც ევროკავშირს ნამდვილად აქვს გავლენა. სომხეთი დაკარგულია, ხოლო ბერკეტი აზერბაიჯანზე თითქმის არ არსებობს. რუსეთმა საქართველოსთან მათრახი უკვე ბევრჯერ გამოიყენა. ის ამ ქვეყანას თავს დაესხა, მოახდინა მისი ორი რეგიონის ოკუპაცია, გააძლიერა საომარი კონტინგეტი, შეუწყვიტა გაზის მიწოდება და აკრძალა ქართული ღვინისა და წყლის შემოტანა. საქართველოს სურს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ ეს ურთიერთობა ორმხრივ პატივისცემას მოითხოვს. მეეჭვება, რომ ქართველები დაივიწყებენ თბილისისკენ მომავალ რუსულ ტანკებს, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ. მიუხედავად ამისა, მოსკოვს კვლავაც უპირატესობა აქვს და შეძლებს თბილისი აცდუნოს თაფლაკვერებით, ჭორებით, რომ რუსეთი უარყოფს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას, ან დადებს გარიგებას, რომ რომელიმე აღნიშნული რეგიონი საქართველოს დაუბრუნდება.
ევროკავშირმა რეაგირება მოახდინა რუსეთის ახალ თავდასხმით მიდგომაზე, მაგრამ, ჯერჯერობით, მხოლოდ სიტყვით. ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ "ევროპარლამენტის წევრებმა წუხილი გამოხატეს იმ მიუღებელი ზეწოლის გამო, რომელსაც რუსეთი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე ახორციელებს, ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მიდგომის თანახმად. ისინი მოუწოდებენ მოსკოვს, პატივი სცეს დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენიტეტს და არ ჩაერიოს მათ საშინაო საქმეებში, როგორც ამას საერთაშორისო კანონი მოითხოვს." სამწუხაროდ, ეს მოთხოვნა იმას ჰგავს, რომ ლომს სთხოვო, ხორცის ჭამა მოიშალოს.
მცირე და მოწყვლად სახელმწიფოებს, როგორიცაა საქართველო, სჭირდებათ იმის ცოდნა, რომ ევროკავშირი მათ ზურგს უმაგრებს და რომ ისინი მიიღებენ ადეკვატურ მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ევროკავშირმა თავი უნდა ანებოს იმას, რაც ხშირად განიხილება, როგორც პოზიტიური მიდგომა და გამოიჩინოს რეალური სტრატეგიული აზროვნება. მან უნდა აჩვენოს, რომ მის სამეზობლო პოლიტიკას შეუძლია, ბრჭყალები გამოაჩინოს და მისი ბოლომდე მიყვანა შესაძლებელია. ევროკავშირმა უნდა დაიწყოს თავისი ბაზრების გახსნა, გაზარდოს ფინანსური მხარდაჭერა და უფრო სწრაფად შეუდგეს სავიზო რეჟიმების მოხსნას. მეორე, მან უნდა დააჩქაროს თავისი ტექნიკური მზაობა, რომელიც, ხშირად ჩანს, რომ წინ კუს ნაბიჯებით მიიწევს. გარდა ამისა, მან უნდა აჩვენოს, რომ იმ ბილეთით, რომელიც მან თავის მეზობლებზე გასცა, საბოლოო დანიშნულების ადგილამდე მიღწევა შესაძლებელია, რასაც ის აჟამად არ აკეთებს.
http://www.todayszaman.com/columnists-326652-eu-vs-russia.html