თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტს ბიძინა ივანიშვილი, ნაციონალების დროს დაწყებულ სხვა ბევრ უაზრო პროექტთან ერთად, ქვეყნისთვის არასასარგებლოდ მიიჩნევს. პრემიერი უშუალოდ მონაწილეობდა თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხილვაში და ადასტურებს, რომ მასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა არსებობს.
„აზრზე მოვიდეს პრემიერი, რას ნიშნავს რკინიგზის პროექტის გაჩერება, მართლა ჭორვილას საცალფეხო ბილიკი ხომ არ ჰგონია?!” - ასეთი იყო მიხეილ სააკაშვილის რეაქცია, როცა მან თბილისის შემოვლითი რკინიგზის დაკონსერვების გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო, რაშიც პრემიერი დაადანაშაულა.
მანვე, დედაქალაქის მერ გიგი უგულავასთან ერთად, ავჭალაში ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც პროექტის განხორციელების შემთხვევაში, რკინიგზას უნდა გაევლო. სააკაშვილი არ მალავს, რომ არასდროს ყოფილა ასე გაბრაზებული, რადგან ამ პროექტის 80% პრაქტიკულად დასრულებულია, ასობით მილიონია მასზე დახარჯული და ამას თბილისელებს ართმევენ. ეს მაშინ, როცა ამ პროექტის დამთავრებისთანავე სააკაშვილი თბილისში ავტომანქანების საცობების დასრულების ხანას ელოდა. ამდენად, გაკვირვებას არ ფარავდა, რომ მას არ უნახავს „მსოფლიოში არცერთი ავადმყოფი რეჟიმი, რომელიც ასეთ პროექტს გააჩერებდა - არც კომუნისტური, არც ფაშისტური, არც განვითარებული, არც განუვითარებელი, მართლა უნიკალურები ვართ ქართველები“.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების ყველაზე „დიდი პროექტი“ და თბილისის გადარჩენის „ერთადერთი გზა“, როგორც ამ პროექტს პრეზიდენტი უწოდებს, სინამდვილეში, წარმოუდგენლად უყაირათოა. საქართველოს მთავრობის მრჩეველი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტი აჭარბებს, რადგან სამუშაოების 80% შესრულებული არ არის. გარდა ამისა, ხარჯიანია არა მხოლოდ ამ პროექტის მშენებლობის, არამედ ექსპლუატაციის პროცესიც, რომელიც თავისი ღირებულების 10%-საც ვერ ამოიღებს.
ამდენად, გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა და ქალაქის მერმა თავის დროზე ასეთი აბსურდული პროექტი ჩაიფიქრეს და ფული გადაყარეს, რაც საზიანოა რკინიგზისთვის.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის მრჩეველი ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ვაგზალი ქალაქშია, რათა მგზავრების გადაადგილება მოსახერხებელი იყოს.
„გასაგებია პრეზიდენტის და ქალაქის მერის „ლოგიკა“ – ქურდს ქუდი ეწვის და ასევე, მათ იციან, რომ ეს პროექტი მათი პრესტიჟის საქმეა“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.
„საქართველოს რკინიგზამ“ განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი შეჩერებული არ არის და კონტრაქტორ მხარეს გააჩნდა სრული შესაძლებლობა, 2013 წლის 8 ივლისამდე განეხორციელებინა ნაკისრი ვალდებულებები. თუმცა პირობა დარღვეულ იქნა.
მეტიც, პროექტის არსებული ბიუჯეტის ფარგლებში უკვე დახარჯულია 213 მილიონი აშშ დოლარი. აქედან, დაახლოებით 40 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს პროექტის მიზნებისთვის შესყიდული სამშენებლო მასალების ღირებულება, რომელიც შეიძლება ათვისებულ იქნას სხვადასხვა პროექტების რეალიზაციის დროსაც. პროექტის დასასრულებლად დარჩენილია დაახლოებით 137 მილიონი აშშ დოლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინფორმაცია, თითქოს, პროექტის 80%-ია შესრულებული, არ შეესაბამება სიმართლეს.
გარდა ამისა, „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, პროექტ „თბილისის შემოვლით რკინიგზაზე“ მრავლად არის ეკოლოგიურად სენსიტიური ადგილები, კერძოდ: კვირიკობის ხეობა პკ-141 და სადგური კვირიკე; გლდანის ტბა; ხევძმარის ხეობა; ავჭალის დასახლება; ავჭალის დეპო; ამიტომ აღნიშნულ მონაკვეთზე მატარებელთა სრულყოფილი ოპერირებისათვის საჭიროა მშენებლობის შედეგად გამოვლენილ ეკოლოგიურ რისკებზე დამატებითი კვლევების ჩატარება.
„საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ ამჟამად მიმდინარეობს კვლევები პროექტის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც საბოლოო გადაწყვეტილების მიღება „თბილისის შემოვლითი რკინიგზის“ პროექტთან დაკავშირებით მოხდება საქართველოს მთავრობის მიერ.
მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ნაციონალებმა ასეთი ეკონომიკური პროექტები წამოიწყეს, ყველაფერში ჩადებული იყო კორუფციული ხვრელები. განსაკუთრებით, ეს შეეხებოდა მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის პროექტებს. უფრო მეტიც, საქართველოში არ განხორციელებულა არცერთი პროექტი, რომ პირადად სააკაშვილის ოჯახური კლანისთვის შემოსავალი არ ყოფილიყო.
ანზორ საკანდელიძის თქმით, კონკრეტულად ეს პროექტი არაფერს ავითარებდა, არც ეკონომიკას, არც ინფრასტრუქტურას, უბრალოდ, ფულის გათეთრების უდიდესი კომბინაცია გახლდათ. მისივე ინფორმაციით, ეს არც გზას და გადაზიდვის მანძილს ამოკლებდა, პირიქით, აზერბაიჯანიდან შემოსული ტვირთების სადგურამდე მიტანა და მანევრირება შემცირების ნაცვლად, კიდევ ორი საათით ხანგრძლივდებოდა.
ასე რომ, ანზორ საკანდელიძე კორუფციული სქემის ორი გზით ამუშავებაზე საუბრობს - ერთი, თვითონ დედაქალაქის ცენტრიდან რკინიგზის გადატანის სამუშაოები და, მეორე, ფულის გათეთრება უკვე განხორციელებული პროექტის შედეგად.
„უგულავამ თქვა, 100 ჰექტარი მიწა რჩებოდაო. რა თქმა უნდა, როცა რკინიგზა იქით გადაიწევდა, ქალაქის ცენტრიც უკვე იქით განვითარდებოდა. თუმცა მთავარი ის იყო, რომ ბიზნესინტერესები ნაწილდებოდა სააკაშვილისა და უგულავას მიერ. ფაქტობრივად, ეს ტერიტორია გაყიდული იყო, ისევე, როგორც სხვა ტერიტორიები. საქართველოში ისიც არ ვიცით, რა არის და რა არ არის გაყიდული. პროექტი როცა კეთდებოდა, ისინი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მათი ხელისუფლება ასე უცებ დასრულდებოდა, თორემ, ალბათ, ასეთ თამაშს არ წამოიწყებდნენ. მაქვს ინფორმაცია, რომ ისინი ახლა რთულ მდგომარეობაში არიან, რადგან თანხები უკვე წინასწარ ჰქონდათ აღებული და, ალბათ, ამის დაბრუნება მოუწევთ. შემოვლითი რკინიგზის არათუ 80% გაკეთებული არ არის, არამედ მე ვფლობ ინფორმაციას, რომ 50%-იც არ არის გაკეთებული“, - აცხადებს ანზორ საკანდელიძე და მიესალმება ამ პროექტის დაკონსერვებას.
მისივე თქმით, წყალში გადაყრილი ფული ქალაქს არაფერს აძლევდა და, თუ ეს განხორციელდებოდა, ერთი ამდენი კიდევ იქნებოდა დასახარჯი. საუბარია 300 მილიონზე, რადგან მთლიანობაში ეს პროექტი 600 მილიონი ჯდებოდა.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნულ პროექტს საინტერესოს უწოდებს. ამასთან, არ გამორიცხავს, რომ გარკვეული პროცედურული დარღვევები ან კიდევ, ფინანსურ ნაწილში პრობლემები იყოს, მაგრამ ექსპერტი გრძელვადიან პერსპექტივაში ამ პროექტის არსებობას გამართლებულად მიიჩნევს.
ამის არგუმენტად ირაკლი ლექვინაძეს საქართველოს, როგორც ლოჯისტიკური ცენტრის, ფუნქცია მოჰყავს და ფიქრობს, რომ ის ტვირთები, რომლებიც დღეს დედაქალაქში შემოდის, უნდა გადიოდეს დედაქალაქის გარეთ. უფრო მეტიც, ეს ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ დედაქალაქის დატვირთულობიდან გამომდინარე და ის სივრცე, რომელიც ქალაქის ცენტრშია ასათვისებლად, იმავე დეველოპერებისთვის ან ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის საკმაოდ საინტერესო სივრცე იქნება ქალაქის განვითარებისთვის.
„თუ თვლიან, რომ ეს პროექტი ხარჯიანია, შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს, ან იქ არის ნიუანსები, რომლებიც უსაფრთხოების თვალსაზრისით, მიუღებელია, მაშინ ეს უფრო ცხადი უნდა გახადონ მოსახლეობისთვის, რათა არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ შუა გზაზეა შეჩერებული პროექტი, რომელშიც უკვე რამდენიმე მილიონია დახარჯული. ეს ფული, უბრალოდ, არ უნდა გადაიყაროს. თუ ეს პროექტი დაკონსერვდება, ნიშნავს, რომ ენერგია, შრომა და ფინანსები, რაც მასზეა დახარჯული, გადაყრილია. ამ გადასახედიდან მიმაჩნია, რომ ეს ძალიან საინტერესო პროექტია და უნდა გაგრძელდეს, რადგან მას ბევრი პლუსი აქვს და გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლია, საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს საქართველოს ეკონომიკაში“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.