17 სექტემბერს შედგა ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების პრეზენტაცია. გამოკითხვა ჩატარდა 5-15 აგვისტოს და მოიცავდა 3400 ადამიანს საქართველოს ყველა რეგიონიდან და თბილისიდან.
ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია, რომლის შედეგები რეალისტურად გამოიყურება. საქართველოს მოსახლეობა უკვე მიეჩვია იმ ფანტასტიკური „კვლევების“ შედეგების გამოყენებას ამავე მოსახლეობის ფსიქოლოგიურ განწყობაზე, რომლებიც წინა წლებში იდებოდა ხოლმე. ამ გამოკითხვების ჩამტარებელი ზოგიერთი ორგანიზაცია ლამის ანეკდოტების თემად იქცა, იმდენად ანგაჟირებულად და დაუჯერებლად გამოიყურებოდა მათი მონაცემები. ამ მხრივ ერთგვარი „რეკორდი“ მოხსნა „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ, ზ. ბიგვავას ხელმძღვანელობით.
ამათგან განსხვავებით, ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის მიერ ჩატარებული კვლევა გაცილებით უფრო სარწმუნო ჩანს, შეუიარაღებელი თვალითაც კი. ყველა ადამიანი, ვინც საქართველოში ცხოვრობს, ასე თუ ისე გრძნობს მოსახლეობის განწყობებს და დღეს არავის სჯერა იმის, რომ მარგველაშვილს თურმე ბურჯანაძეზე რვაჯერ უფრო მაღალი რეიტინგი აქვს (როგორც „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის ავტორები გვარწმუნებდნენ).
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს და კანდიდატების რეიტინგებს, კვლევამ შემდეგი სურათი აჩვენა: გ. მარგველაშვილი - 29,4%, ნ. ბურჯანაძე - 27,9%, დ. ბაქრაძე - 9,4%. დანარჩენი კანდიდატები, როგორც მოსალოდნელი იყო, უმნიშვნელო რაოდენობის ხმებს აგროვებენ. ამავე დროს, მეორე არჩევანის მიხედვით ასეთი სიტუაციაა: აქ ლიდერობს ბურჯანაძე - 20,1%, მეორე ადგილზეა მარგველაშვილი - 13,6%, ხოლო ბაქრაძეს 8,9% აქვს (მეორე არჩევანი ეწოდება იმ კანდიდატს, რომელსაც ამომრჩეველი ასახელებს პირველი არჩევანის შემდეგ).
შესაძლოა, „ქართული ოცნების“ და ნაციონალების ზოგიერთმა მომხრემ ამ შედეგებში ბურჯანაძის მიმართ მიკერძოება დაინახოს, მაგრამ შედარებით ნეიტრალური და ობიექტური დამკვრივებლის აზრით, ეს მონაცემები გაცილებით უფრო ახლოს დგას რეალურ სურათთან, ვიდრე წინა თვეებში გამოქვეყნებული ციფრები, როგორც NDI-ს, ისე „ქართული ოცნების“ კვლევის შედეგებში.
ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდა, პრაქტიკულად გარდაუვალი ჩანს მეორე ტურის ჩატარება. ჩვენი აზრით, ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკოსებსაც უნდა ესმოდეთ ეს და არ უნდა შეეცადონ ხელოვნურად სიტუაციის გამწვავებას, მათ შორის არჩევნების დროს სხვადასხვა მანიპულაციების საშუალებით, რადგან ეს ძირს გამოუთხრის არჩევნების სანდოობას და ლეგიტიმურობას.
კვლევამ კიდევ რამდენიმე საინტერესო შედეგი აჩვენა. ციფრების ანალიზი გვაჩვენებს, რომ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა, მათივე შეფასებით, არ გაუმჯობესებულა. გამოკითხულთა 64% ამ აზრს იზიარებს, 19,9%-ის ეკონომიკური სიტუაცია გაუმჯობესდა (მნიშვნელოვნად ან მცირედით), ხოლო 12,4%-ისთვის - გაუარესდა.
ამავე დროს, ჩანს, რომ ნაციონალების ხელისუფლებიდან წასვლის ეიფორია იმდენად დიდი იყო, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იმედიანად არის განწყობილი, მიუხედავად გასული თვეებში მომხდარი სერიოზული გულგატეხულობისა. გამოკითხულთა 62,1% თვლის, რომ ქვეყანა ძირითადად სწორი მიმართულებით მიდის, ხოლო 53,3%-ს იმედი აქვს, რომ ერთი წლის შემდეგ მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იმედიანად ყოფნა საერთოდ ქართველთა დამახასიათებელი თვისებაა, და წინა წლებში იმედები კიდევ უფრო მეტი იყო.
ძალზე საინტერესოა პასუხების განაწილება შემდეგ შეკითხვაზე: თქვენი აზრით, საქართველოს სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებისთვის რომელი გზა იქნება უფრო ეფექტური? გამოკითხულთა 44,2% აცხადებს, რომ ეს არის ნატო-ში გაწევრიანება, 27,1% მხარს უჭერს ნეიტრალიტეტს, ხოლო 18,1% რუსეთთან მოკავშირეობის მომხრეა. თუ ამ ბოლო ორ მონაცემს შევკრებთ, გამოდის, რომ ნატო-ში გაწევრიანების მომხრეების და მოწინააღმდეგეების რაოდენობა პრაქტიკულად თანაბარია, რაც ეწინააღმდეგება ქართულ მას-მედიაში ფართოდ გავრცელებულ მითს, თითქოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ნატო-ს პანაცეად აღიქვამს.
გამოკითხვაში მონაწილეებს ასევე დაუსვეს შეკითხვა 17 მაისის მოვლენების შესახებ. მათმა 78,7%-მა მოიწონა ე.წ. სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერი აქციის მოწინააღმდეგეთა რეაქცია, ამავე დროს, 51,5%-მა უარყოფითად შეაფასა სასულიერო პირთა მოქმედება იმ დღეს. ამ შედეგში, როგორც ჩანს, აისახა მას-მედიაში გაჩაღებული კამპანია სასულიერო პირების წინააღმდეგ, რომლებსაც უწოდებდნენ „ტაბურეტიანებს“, მოძალადეებს და ა.შ. თუმცა, იმავე გამოკითხულთა უმეტესობა (57,4%) წინააღდეგია 17 მაისის აქციაში მონაწილე სასულიერო პირთა დაკავების.