საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩაგდება ემუქრება

საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩაგდება ემუქრება

მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისთვის ემზადება და 20 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე დეპუტატთა მობილიზაციას ითხოვს, სადაც კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისთვის ქვორუმის 3/4-დან 2/3-მდე დაწევის საკითხი დადგება. შესაძლოა, ეს საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდეს, რადგან for.ge-ს ინფორმაციით, ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ აგროვებს.

უფრო მეტიც, შესაძლოა, ქვორუმის საკითხს მხარი კახა ოქრიაშვილის ფრაქციამაც არ დაუჭიროს, რომლის წყალობითაც, უმრავლესობამ, რამდენჯერმე, პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

რაც შეეხება უმრავლესობის მიერ მომზადებულ მეორე საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის გათვალისწინებითაც, მთავრობის უფლებამოსილების შემცირება ხდება, ამ საკითხზე დეპუტატები დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ და ცვლილებების მხარდაჭერას უმცირესობაც აპირებს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეს საკონსტიტუციო ცვლილება 20 სექტემბრის სხდომაზეც გავა, მაშინ, „ნაციონალური მოძრაობა“ საკითხს მხარს აღარ დაუჭერს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, ქვორუმის 3/4-მდე დაწევა იმისთვის კეთდება, რომ კონსტიტუციაში კიდევ მრავალი ნორმაა გამოსასწორებელი და თუ ქვორუმი 3/4-მდე იქნება გაზრდილი, მაშინ „ნაციონალურ მოძრაობას“ დარჩება შესაძლებლობა, საკითხებზე ივაჭროს - ცვლილებებს მხარი იმ შემთხვევაში დაუჭიროს, თუ პოლიტიკურ სარგებელს მიიღებს.

„ასეთი ვაჭრობის შესაძლებლობა მინიმუმადე რომ შემცირდეს, საჭიროა, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების ქვორუმი 3/4-მდე არ იყოს გაზრდილი და 2/3-ის დონეზე დარჩეს. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, კანონპროექტებს 2/3-ით იღებენ და ჩვენ ¾-ის შემოღებას ვაპირებთ და დაფიქრდით, რატომ? - ჩვენ ყველაზე ჭკვიანები ვართ და დემოკრატიული სახელმწიფოები სულელები არიან?! მაღალი ქვორუმის შემთხვევაში, ოპოზიციას შესაძლებლობა ეძლევა სარგებლის მისაღებად ვაჭრობა დაიწყოს. ჩვენ კი, ამ ვაჭრობას არ დავუშვებთ!

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი ამას იმის გამო აკეთებს, რომ რაღაც თავის თავზე მოირგოს, მისი კომენტარები კურიოზებს ემსგავსება. როგორც ჩანს, პრეზიდენტს დაავიწყდა, რომ ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თანამდებობიდან გადადგომას აპირებს. მთელი ცხრა წლის განმავლობაში, თავის თავზე ვინ ირგებდა კონსტიტუციას, ამას ყველა ხედავდა!“, - აღნიშნავს ხმალაძე, რომლის პოზიციასაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიც იზიარებს.

დავით საგანელიძე დარწმუნებული არ არის, რომ ქვორუმის საკითხი 100 ხმას მიიღებს, თუმცა იმედოვნებს, რომ უმცირესობაში გამოჩნდება რამდენიმე ადამიანი, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარებას მხარს დაუჭერს.

დეპუტატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის შემდეგ თავისთვის პრემიერ-მინისტრის პოსტს იმზადებდა და ამიტომ გადაწყვიტა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალაში შესულიყო საკონსტიტუციო ცვლილებების 3/4-იანი ქვორუმი.

„ეს შესაძლებელს ხდის ხელისუფლების უზურპირებასა და მონოპოლიზებას, რაც დაუშვებელია. დარწმუნებული არ ვარ, ჩვენს მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ინიციატივა 100 ხმას მიიღებს, მაგრამ მეორე მხრივ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა საზოგადოებამ დაინახოს რამდენად მნიშვნელოვან ცვლილებებს ეხება საქმე“, - აღნიშნავს დეპუტატი.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე კი, უმცირესობას მოუწოდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს.

„ცვლილებებით, პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობები დარეგულირდება. რაც შეეხება ქვორუმის საკითხს, ევროპული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ 2/3 ქვორუმი ადეკვატურია და პასუხისმგებლობით აღსავსე დეპუტატებმა მას მხარი უნდა დაიჭირონ, რადგან ეს არ არის კონკრეტული პარტიისთვის და პოლიტიკოსებისთვის, არამედ ეს განსაზღვრავს კონსტიტუციურ სტაბილურობასა და ქვეყნის განვითარებას“, - განუცხადა for.ge-ს აბაშიძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ ხელისუფლება იმ დეპუტატთა პასუხს ელოდება, რომელთა მიმართაც ზეწოლა ხორციელდება.

ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, ცალკეულ ორგანოებს დავალებული აქვთ იმ დეპუტატების მოკითხვა, რომელთაც ძველ საქმეებს შეახსენებენ.

„წინა კვირაში განსაზღვრული იყო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები 18-20 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე გავიდოდა, მაგრამ ამ დროისთვის, კონკრეტული თარიღი არ არის განსაზღვრული თუ როდის იმსჯელებენ ცვლილებებზე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უმრავლესობა იმათ პასუხს ელოდება, ვისი დაკითხვა, გასაუბრება და მოკითხვაც ხდება. ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს და ინიციატივას მხარს ნეიტრალური სტატუსის მქონე დეპუტატებიც არ უჭერენ, რადგან ქვორუმის დაწევის შემთხვევაში, მათი ფასი კნინდება“, - განუცხადა for.ge-ს ბეჟაშვილმა.

for.ge-ს ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე უმრავლესობის სხდომაზეც ისაუბრეს, სადაც ფრაქციის ხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დეპუტატთა მობილიზაცია მოსთხოვა.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის 3/4-იან კვორუმს აუქმებს. კერძოდ, საუბარია წინა მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებულ კონსტიტუციურ ნორმაზე, რომელიც ძალაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის. ამ ცვლილების თანახმად, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას პარლამენტი ორ თანამიმდევრულ სესიაზე, სულ ცოტა, სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს და მიიღებს სრული შემადგენლობის 3/4-ით, ანუ საუბარია 113 ხმაზე. ასევე რთულდება და იზრდება ქვორუმი, რომელიც პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას სჭირდება.

ხოლო მეორე წინადადებით, პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება ერთმევა, პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღება მთავრობის ნდობის საკითხს მიაბას. კერძოდ, ნორმის მიხედვით, რომელიც ძალაში 2013 წლის ოქტომბრიდან შედის, პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის საკითხი დასვას. თუკი პარლამენტი კანონპროექტს არ მიიღებს, ეს მის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებად ჩაითვლება და კონსტიტუციის იმ პროცედურების ამოქმედება იწყება, როცა პარლამენტის წინაშე ახალი პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის არჩევის საკითხი დგება. ამავე ნორმით, თუ პარლამენტი კონსტიტუციის დადგენილი წესით და გათვალისწინებულ ვადებში მთავრობას უნდობლობას არ გამოუცხადებს, კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება.

მმართველი უმრავლესობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ინიციატივით გამოდის, რომლის თანახმად, თუ პარლამენტი ბიუჯეტს დროულად - ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში, ვერ მიიღებს, ეს უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრად ჩაითვლება, ხოლო, თუ ასეთ შემთხვევაში, პარლამენტი კონსტიტუციით დადგენილ ვადებში ახალ მთავრობას ვერ შექმნის, პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.