თბილისის საქალაქო სასამართლოში, კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომლის, ნუგზარ ნაჭყებიას საქმის განხილვა სექტემბრამდე გადაიდო, რისი მიზეზიც თავად ნაჭყებიას შუამდგომლობა გახდა – როგორც აღმოჩნდა, მან და მისი უფლებების დამცველმა ადვოკატმა, პოზიციები ვერ შეაჯერეს, რის გამოც, ნაჭყებიამ მოსამართლე მაკა გველესიანს ორი შუამდგომლობით მიმართა – პირველით ადვოკატ ალექსნადრე ალადაშვილის აცილება მოითხოვა, ხოლო მეორით პროცესის გადადება, სანამ სასამართლო პროცესზე ახალი ადვოკატის წარმოდეგენას შეძლებს.
მოსამართლემ ორივე შუამდგომლობა დააკმაყოფილა და რადგან წინ ცხელი ზაფხული და შვებულებების პერიოდია, პროცესი სექტემბრისთვის გადაიდო.
სხდომის დასრულების შემდეგ, პრესა.გე–მ ნუგზარ ნაჭყებაის სთხოვა განემარტა, კონრეტულად რატომ ვერ შეაჯერეს მან და ადვოკატმა, ალექსნადრე ალადაშვილმა პოზიციები. “ამას სექტემბერში განვმარტავ, ამჯერად მეტს ვერაფერს გეტყვით“, – – გვითხრა ნაჭყებიამ, რომელიც არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის, მაგრამ ბოლო წლებში გამართული საპროტესტო აქციების ძალიან აქტიური მონაწილეა. ამბობს, რომ მის წინააღმდეგ პირადად მიხეილ სააკაშვილის დავალებით, პოლიტიკური ანგარისშწორება ხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატის ყოფილ თანამშრომელს, 5 წლის წინანდელი საქმე გაუხსენეს. ერთგვერდიან საბრალდებო დასკვნაში აღნიშნულია, რომ იგი ახლო კავშირში იყო ძებნილ ბიძინა გიორგობიანთან და რომ მან პროკურორზე ზეწოლა განახორციელა. თავად ნუგზარ ნაჭყებია ამბობს, რომ მას უშიშროება აიძულებდა, ხე–ტყის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა გიორგობიანის წინააღმდეგ აქტი შეედგინა, რაზეც უარი თქვა (ამაზე საჯაროდ ისაუბრა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის კონტროლის პალატაში, ერთ–ერთი დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო) და რაც მისი დევნის დაწყების მიზეზი გახდა.
ნუგზარ ნაჭყებიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში (სსკ–ის 333–ე მუხლის პირველი ნაწილი) ედება ბრალი, რაც ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 1 ივლისს, საქალაქო სასამართლოში პროცესი იმის გამო გადაიდო, რომ პროკურორმა გიორგი მიქაიამ, ბრალდების მოწმე ვერ წარმოადგინა. დღეს გამართულ სხდომაზე, პროკურორმა მოწმის – გიორგი ყავლაშვილის მოყვანა შეძლო, მაგრამ, მას ჩვენება არ მიუცია, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, პროცესი სექტემბრისთვის გადაიდო.
ნუგზარ ნაჭყებიას პროცესს ესწრებოდნენ:
“კონსერვატიულიპარტიიდან“ ბიძინა გუჯაბიძე და ლაშა ჩხარტიშვილი; “ხალხის პარტიიდან“ ალექსანდრე შალამბერიძე; ლეიბორისტული პარტიის ერთერთი ლიდერი სოსო შატბერაშვილი; საზოგადოებრივი მოძრაობიდან “გადაარჩინე სიცოცხლე“ იური ვაზაგაშვილი და ჯამბულ გამცემლიძე; გამსახურდიასდროინდელი უზენაესი საბჭოდან რობერტ პერტიაშვილი; მოძრაობიდან “რატომ“ მერაბ ჭიქაშვილი; ჟურნალისტთა კავშირ “ობიექტივიდან“ მამუკა გობეჩია; ასევე პროცესზე იყვნენ: ადვოკატთა ასოციაციის წევრები, ნუგზარ ნაჭყებიას მეგობრები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები.