ვლადიმერ პუტინის ოცნება ევრაზიული კავშირის შექმნაზე სულს ღაფავს
ბოლო კვირეებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა კვლავ დაიწყეს წერა იმის თაობაზე, თუ როგორ აშინებს მოსკოვი უკრაინას, რადგან ამ უკანასკნელს გადაწყვეტილი აქვს ნოემბერში ხელი მოაწეროს ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან. რუსეთი სასოწარკვეთილი ცდილობს რა უკრაინის შენარჩუნებას, რომელიც ევრაზიის კავშირის ყველაზე ძვირფას შენაძენად შეიძლება გადაიქცეს, ბოლო თვეებში აქტიურად ამოწმებს უკრაინიდან შესულ ყველა საქონელს. მან აკრძალა უკრაინული შოკოლადის იმპორტი და კიევი გააფრთხილა, რომ ის დაკარგავს „სტრატეგიული პარტნიორის“ სტატუსს და სერიოზული „თავდაცვითი ზომების“ წინაშე აღმოჩნდება, თუკი ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერს.
რუსეთს შესანიშნავად ესმის, რომ თუკი უკრაინა ხელს მოაწერს ასოცირების შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან, მოსკოვს აღარ დარჩება ამ ქვეყნის საბაჟო კავშირის შემადგენლობაში ჩართვის რესურსი, ხოლო კიევისთვის ამით ევრაზიულ კავშირში ინტეგრაცია შეუძლებელი გახდება.
ევრაზიის კავშირი, რომლის შექმნასაც პუტინი აქტიურად ცდილობს, უნდა იქცეს ორგანიზაციად, რომელიც თავისი ქოლგის გვეშ გააერთიანებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს. ის უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ კეთილდღეობას და კულტურულ კავშირებს.
რუსეთის ახალი გეოპოლიტიკური ცენტრის ღერძად გარდაქმნის იდეა, ღერძის, რომელიც აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის ხიდის ფუნქციას შეასრულებს, დიდ ხანია, რაც ბევრი რუსისთვის მიმზიდველია. რუსი მმართველები ამ პროექტის განხორციელებას საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ. დიდი რუსეთის იდეა ისტორიაში ორჯერ განხორციელდა: პირველად რუსეთის იმპერიის (1721-1917 წწ) და მეორედ, საბჭოთა კავშირის (1922-1991 წწ) სახით. პუტინი იმედოვნებს, რომ რუსეთი ძელ პოზიციებს კვლავაც დაიბრუნებს, ის ოცნებობს გეოპოლიტიკურ გიგანტზე, რომელიც 21-ე საუკუნეში ერთგვარ ბალანსს შექმნის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და ჩინეთს შორის.
ის გეგმავდა, „მსურველი“ ქვეყნების გაერთიანებას უკვე მოქმედ საბაჟო კავშირში, რომლის წევრები არიან რუსეთი, ბელორუსი და ყაზახეთი, ხოლო შემდეგ, ევროპული ინტერგაციის მსგავსად, მის გარდაქმნას პოლიტიკურ გაერთიანებად. მაგრამ ეს მოსკოვური პროექტი დასაწყისშივე უმწიფარი და არასრულფასოვანია.
ჯერ ერთი, ევრაზიის კავშირს არ აქვს ის მძლავრი იდეოლოგია, რომელიც საფუძვლად ედო საბჭოთა პროექტს. ბოლშევიზმის იდეები და დიად კომუნისტურ მომავალთან დაკავშირებული იმედები, ენერგიით მუხტავდა ელიტასაც და რიგით ადამიანებსაც ყოფილ რუსეთის იმპერიაში. ეს მათ ეხმარებოდა სირთულეებისა და პრობლემების გადალახვაში ამ ურთულეს გზაზე; ისინი ეგუებოდნენ მათი პოლიტიკური და პირადი თავისუფლების და დამოუკიდებლობის უგულებელყოფას. მაგრამ ევრაზიის კავშირს ასეთი გამაერთიანებელი იდეოლოგია არ აქვს. ევრაზიული კონცენფცია ეფუძნება რუსეთის დაპირისპირებას დასავლეთთან კულტურის, ძალაუფლების მხრივ, ასევე ეგზისტენციალური თვალსაზრისით, მაგრამ მას არ აქვს პასუხი არცერთ იმ მთავარ პრობლემაზე, რომელიც აწუხებს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს. როგორც ჩანს, ევრაზიული იდეოლოგია პუტინს მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ რუსეთის იმპერიული პროექტის და რუსული იდეის პირდაპირი პროექტირება მოახდინოს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაზე.
მაგრამ, რადგან ეს რუსული კონცეფციაა, ევრაზიულ კავშირში ჩაიდება ყველა ის ხარვეზი, რაც დღევანდელ რუსეთშია. ესენია, ადამიანის უფლებების უგულებელყოფა, შერჩევითი მართლმსაჯულება და ტოტალური კორუფცია. ევროკავშირთან შედარებით, რომლის დარადაც უნდოდა პუტინს მისი ევრაზიული კავშირის შექმნა, რუსეთს არ ახსიათებს დადგენილი წესების დაცვა. რაც, მსგავსი გაერთიანიების პოტენციურ წევრებში, რომლებიც საკუთარ სუვერენიტეტზე შიშობენ, ბუნებრივია ეჭვებს წარმოშობს. ხოლო, რაც შეეხება უკრაინას, ეს უბიძგებს მას უფრო სანდო, უსაფრთხო და სრულად ჩამოყალიბებული ალტერნატივებისაკენ. დღეს უკრაინა თავის ეკონომიკურ მომავალს ევროპასთან კავშირში ხედავს. ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცის მეორე ბოლოში მდებარე ყირგიზეთი შეცდება, თუკი ევრაზიის კავშირში გაწევრიანდება, რადგან ასეთ შემთხვევაში ის დაკარგავს იმ პრივილეგიებს, რაც ჩინეთთან ვაჭრობით აქვს.
ევრაზიული გეგმის კიდევ ერთი ნაკლია – კოლოსალური სხვაობა რუსეთის და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკურ პოტენციალს შორის. ცენტრალური აზიის ხუთი სახელმწიფოდან, ყაზახეთი, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე განვითარებულია, უკვე არის საბაჟო კავშირის წევრი. უზბეკეთი და თურქმენეთი რუსეთთან ინტეგრაციის მიმართ დაინტერესებას არ ამჟღავნებენ. შესაბამისად, რჩება ორი ღარიბი, მაგრამ „მსურველი“ ქვეყანა – ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ევრაზიული კავშირის შექმნით, რუსეთი პასუხისმგებელი იქნება აღმოფხვრას დისბალანსი ამ ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაში, რის გამოც მას მოუწევს მსხვილი ფულადი გადარიცხვების განხორციელება მათ ანგარიშებზე, რასაც ბოლო დროს აკეთებს ევროკავშირი სამხრეთ ევროპის ქვეყნების, მაგალითად საბერძნეთის მიმართ და რასაც წარსულში აკეთებდა – აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების უმრალესობის მიმართ. ასეთი გადარიცხვების გამო, სიტუაცია შეიძლება თავად რუსეთში გაუარესდეს, შენელდეს მისი ეკონომიკური ზრდა და მოსკოვს გაუჩნდება უზარმაზარი სოციალური ვალდებულებები. დამატებითი ხარჯების მიმართ ძალიან ნეგატიურად განეწყობა მოსახლეობის ყველაზე კონსერვატიული ნაწილის უმრავლესობაც კი, რომლებსაც საბჭოთა დროზე ნოსტალგია აქვთ.
კიდევ ერთი დაბრკოლებაა, ნაციონალიზმი, რომელიც რუსეთში ძალას იკრეფს. ძველი საბჭოთა იდეა „ხალხთა შორის მეგობრობის“ შესახებ, დიდი ხნის წინ გაქრა. ბოლო ათწლეულში, ნაციონალური განწყობები რუსეთში და ნეგატიური დამოკიდებულება ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მიგრანტების მიმართ, გაიზარდა, რასაც დიდ ქალაქებში სიტუაციის დაძაბვა, იმიგრანტებზე რადიკალი ნაციონალისტების სისტემატიური თავდასხმები მოსდევს, რაც მთლიანობაში მათ მიმართ შეუწყნარებელ ატმოსფეროს აყალიბებს. გარდა ამისა, ეს ართულებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ინტეგრაციის საკითხის გადაწყვეტას.
ევრაზიული პროექტი გულისხმობს სასაზღვრო კონტროლის სერიოზულ გამარტივებას და უარს მუშა მიგრანტებისათვის დაწესებულ კვოტებზე, რომელიც განსაზღვრულია რუსეთს და ცენტრალური აზიის მინიმუმ სამ ქვეყანას შორის არსებულ შეთანხმებებში. ეს ქვეყნებია, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. რაც შეეხება ყაზახეთს, იქ ცხოვრების და განათლების დონე რუსეთთან მიახლოვებულია, რაც ამცირებს ამ ორ ხალხს შორის ეთნიკური პრობლემების წარმოქმნის შესაძლებლობებს. მიგრაციაზე, ყაზახების მხოლოდ 13% ფიქრობს, ხოლო იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც ეს ქვეყანა დატოვა, რუსია.
თუმცა, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა. იქ ერთ სულ მოსახლეზე მშპ ერთგან 1070 და მეორეგან 837 დოლარია (რუსეთსი ის 14037 დოლარია). ამ ქვეყნებში ეკონომიკა სტაგნაციაშია, სამუშაო არ იშოვება, შობადობა მაღალია, რის გამოც ყირგიზებს და ტაჯიკებს რუსეთში გამგზავრება ურჩევნიათ, რის გამოც იქ მუდმივად იზრდება სამუშაოს მიღების მსურველთა განცხადებების რიცხვი. თუკი ეს სახელმწიფოები ევრაზიის კავშირში გაწევრიანდებიან, იმიგრანტების რაოდენობა, რომლებიც რუსეთში მუდმივად დარჩენას მოისურვებენ, სერიოზულად გაიზრდება, რაც კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას, რომელმაც ისედაც სახიფათო ზღვარს მიაღწია. იმიგრაციის ანალოგიური ზრდა მოჰყვებოდა ევრაზიის კავშირში უკრაინის გაწევრიანებასაც.
ამიტომ, მისთვის ევროკავშირთან ასოცირებისკენ აღებული კურსი არის არამხოლოდ ახალი შესაძლებლობების გაჩენა უკრაინელი მოქალაქეების საზღვარგარეთ გამგზავრებისა და ევროპაში ბიზნესის დაწყებისათვის, არამედ ბარიერი აღმოსავლეთიდან არასასურველი იმიგრაციის წინააღმდეგ.
ნებისმიერი კავშირის მიზანი წინააღმდეგობების და პრობლემების მოგვარებაშია, და არა მათ შექმნაში. თუმცა, ევრაზიული კავშირის ჩამოყალიბების იდეამ უფრო მეტი პრობლემა გააჩინა, ვიდრე სარგებელი. გასაგებია, რომ ზოგიერთი პრობლემის გადაწყვეტა დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ევრაზიული კავშირი ამოქმედდება, რადგან ნებისმიერი ინტეგრაციული პროექტი – პროცესია და არა მიზანი. ევროკავშირი, უამრავ დილემას და პრობლემას ებრძვის თითქმის 50 წლის განმავლობაში, და ამას მისი ინტეგრაციის თითოეულ ეტაპზე აკეთებს. მაგრამ წარმატება აიხსნება ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორით, რაც არ აქვს ევრაზიულ კავშირს: ეს არის თითოეული წევრის მხრიდან პასუხისმგებლობის გაზიარებისა და უფლებამოსილების დელეგირებისთვის მზადყოფნა და ამის სურვილი.
უკრაინის აშკარა დაკარგვისა და ყირგიზეთთან და ტაჯიკეთთან ინტეგრაციასთან დაკავშირებული სოციალური საფრთხეების გათვალისწინებით, რუსეთი საბაჟო კავშირში მხოლოდ დღეს მოქმედ წევრებთან – ბელორუსთან და ყაზახეთთან ერთად რჩება. მაგრამ, არც პრეზიდენტი ლუკაშენკო და არც პრეზიდენტი ნაზარბაევი, რომლებიც საკუთარ ქვეყნებს ერთი – ცხრამეტი, მეორე კი ოცდასამი წელი მართავენ, არ აპირებენ დიდი შრომის ფასად კონცენტრირებული საკუთარი ძალაუფლების მიტანას უცნობი ლევიათანის სამსხვერპლოზე. საღი აზრი მოითხოვს, რომ რუსეთმა უარი თქვას ევრაზიის კავშირის შექმნაზე და შეეგუოს ახალ რეალობას, რომ უკრაინა გამალებით მიისწრაფვის დასავლეთისაკენ, ასევე გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ ცენტრალურ აზიაზე დამოკიდებულება ძალიან სახიფათოა რუსეთის შიდა სტაბილურობისათვის.
ევრაზიული კავშირი – პუტინის განუხორციელებელი ოცნებაა. რაც უფრო მალე აღიარებს რუსეთის ლიდერი თავის მარცხს, მით უფრო კარგი იქნება ეს რეგიონის და თავად რუსეთის სტაბილური განვითარებისათვის.
ანტონ ბარბაშინი – მოსკოველი ანალიტიკოსი, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი. აქვეყნებს წერილებს გამოცემებში „მოსკოვსი კომსომოლეც“ და „ნეზავისიმაია გაზეტა“
ჰანა თობერნი – ვაშინგტონელი ანალიტიკოსი, ევრაზიის საკითხების მკვლევარი.
foreignpress.ge