ბერნი – საქართველო მტკიცედ მისდევს დასავლურ ორიენტაციას. კონფლიქტები მოსკოვთან და სეპარატისტულ აფხაზეთსა და ოსეთთან, ქვეყნის პოლიტიკას განსაზღვრავს.
საქართველო განაგრძობს მუშაობას დასავლურ ინსტიტუციებთან ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისათვის. ევროკავშირის „აღმოსავლური პარტნიორობის“ სამიტზე ნოემბერში, ვილნიუსში, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისკენ პირველი ნაბიჯი უნდა გადაიდგას. „ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, აცხადებს შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტის დასასრულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. „მე ასევე ვიმედოვნებ, რომ უკრაინა და მოლდოვაც ლიტვაში აქტიურად ითანამშრომლებენ ბრიუსელთან!“
მოსკოვის მხრიდან ზეწოლის მცდელობები
რუსეთს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ევროკავშირთან დაახლოება ეკალივით ესობა თვალში. მოსკოვმა ცოტა ხნის წინ კიევსა და კიშინიოვზე ზეწოლა გააძლიერა, რათა ამ ორივე ქვეყანას ზურგი ექცია ევროკავშირისთვის. თუ ეს ქვეყნები ევროკავშირისკენ გააგრძელებდნენ სვლას, რუსეთის წარმომადგენლები დაუფარავად დაემუქრნენ ამ ზამთარს გაზის გათიშვით. მოლდოვური ღვინოების იპორტი უკვე აკრძალულია. რუსეთი სოფლის მეურნეობის მოლდოვური ნაწარმის ყველაზე მსხვილი მომხმარებელი იყო. საქართველოს მეზობელმა სომხეთმა, რომელიც საქართველოსთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად „აღმოსავლური პარტნიორობის“ პროგრამის წევრია, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ვილნიუსში ხელშეკრულების ხელმოწერის მაგივრად რუსეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანდება. „ჩვენ გვესმის სომხეთის სიტუაციის. თუმცა ვწუხვართ ამ ნაბიჯის გამო“, აცხადებს ფანჯიკიძე. სომხეთი, წიაღისეულით მდიდარი და ამით ეკონომიკურად უფრო ძლიერი მოსისხლე მტრის, აზერბაიჯანის პირისპირ, გარე დახმარებაზეა დამოკიდებული. ამ დახმარების შეთავაზება კი მისთვის მხოლოდ რუსეთს შეუძლია.
საქართველოს მიმართ ზეწოლის მცდელობებზე მინისტრი რიტორიკულად პასუხობს: „რა შეიძლება დაგვემართოს?“. საქართველო და რუსეთი ჯერ ისევ საომარ ვითარებაში იმყოფებიან, ამ ქვეყნების ინტერესებს ორივე დედაქალაქში შვეიცარია წარმოადგენს.
მსუბუქი განტვირთვა
გასულ სექტემბერს მთავრობის ცვლილების შემდეგ თბილისის დამოკიდებულება მოსკოვისადმი ოდნავ გაუმჯობესდა. პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი მისი მოწინააღმდეგე სააკაშვილისგან განსხვავებით, მოსკოვში პერსონა ნონ გრატად არ ითვლება. „რამდენიმე პოზიტიურ ცვლილებაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ“, ასე შეაფასა ფანჯიკიძემ გასული წლის მოვლენათა განვითარება. სავიზო რეჟიმის პირობები გამარტივდა, მოსკოვმა ქართულ ღვინოზე იმპორტის აკრძალვა მოხსნა, საქართველომ უარი თქვა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების დაბლოკვაზე და ასევე სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ბოიკოტირებაზე. სირიაში კრიზისის დროს მოსკოვმა საქართველოს მოქალაქეების სამოქალაქო ომში გახვეული ქვეყნიდან ევაკუაციაც კი შესთავაზა.
სააკაშვილის მომხრეებისათვის პროდასავლური კურსი ეწინააღმდეგება მოსკოვის მიმართ შემრიგებლურ ჟესტებს. სააკაშვილის ბანაკის მხრიდან ივანიშვილს მუდამ საქართველოს ინტერესების ღალატს აბრალებენ. ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნებისას ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მოწყობის საკითხი ასევე ითამაშებს როლს. ფანჯიკიძე მისი მთავრობის რუსეთისადმი ლოიალურობის ფაქტს უარყოფს. ეკონომიკურ თანამშრომლობაში წინსვლამ არაფერი შეცვალა მოსკოვთან ძირეული პრობლემის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხში. „რუსეთთან ურთიერთობა ჩვენთვის კვლავ რთულია“.
სიმპათიისათვის ბრძოლა
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა ჯერ ძალიან შორია, თუმცა ამაზე მუშაობა მიმდინარეობს, აცხადებს მინისტრი. დიპლომატიური სამუშაოს გარდა, აქ იგულისხმება მთავრობის მცდელობები, დაარწმუნოს სეპარატისტული რეგიონის მცხოვრებლები, რომელთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, საქართველოში ცხოვრების უპირატესობაში. ამიტომ, მაგალითად, ზრუნავენ იმაზე, რომ საქართველოს პასპორტი რუსულ პასპორტზე არანაკლებ მიმზიდველი იყოს. სავიზო რეჟიმის გასამარტივებლად, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება პირველი ნაბიჯია. შვეიცარიაში ვიზიტის დროსაც, სავიზო საკითხი გარკვეულ როლს თამაშობდა. შაბათს, სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერაა დაგეგმილი.
foreignpress.ge