„ქართული საზოგადოება მზად არის, უფრო მეტად დაეყრდნოს დემოკრატიულ ინსტიტუციებს, ვიდრე ერთ კონკრეტულ ლიდერს“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა, რომელმაც წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.
„ივლისში, პრაიმერის დროს გვქონდა ბოთლებისა და ქვების სროლის შემთხვევა, მაგრამ დაახლოებით ერთი კვირის წინ გამართულმა შეხვედრამ მშვიდობიანად ჩაიარა. მოსმენილი შეფასებებიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, არჩევნების პროცესი მშვიდობიანად ჩაივლის. ამაში საზოგადოებაც დარწმუნებულია. ძალიან მოხარული ვარ პოლიციის დამოკიდებულებით ამ არჩევნებისადმი, იმ თვალსაზრისით, რომ პოლიცია მზად არის, აღკვეთოს შესაძლო დარღვევები. თუმცა, თავისთავად პოლიცია შეინარჩუნებს სრულ ნეიტრალიტეტს და არჩევნების პროცესში პოლიციის მხრიდან სრული ჩაურევლობა იქნება. რამაც ყველაზე მეტად გამახარა, არის ქართველი ხალხის რწმენა – ქართული საზოგადოება მზად არის, უფრო მეტად დაეყრდნოს დემოკრატიულ ინსტიტუციებს, ვიდრე ერთ კონკრეტულ ლიდერს ან ერთ არჩეულ პირს“, - განაცხადა ელჩმა და აღნიშნა, რომ საქართველოს სრული დემოკრატიულობის მიზნის მისაღწევად ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
გადადგა თუ არა საქართველომ ნაბიჯი წინ დემოკრატიისკენ და შეიქმნა თუ არა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუციები, ამ თემაზე ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.
ბატონო ვახტანგ, თქვენი შეფასებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა საქართველოს სახელმწიფო, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა კვლავ ერთ ლიდერზე არ არის ჩამოკიდებული, ქართულმა საზოგადოებამ უკვე გაიარა ეს პერიოდი?
- ლაპარაკი არ არის საზოგადოებაზე, ლაპარაკია, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ელიტაზე. თუ ეს ელიტა მზად არის იმისათვის, რომ გადადგას ნაბიჯები ინსტიტუციონალური უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო მართვის სისტემაში, ჩავთვალოთ, რომ მაშინ ყველაფერი რიგზეა. დარწმუნებული ვარ, რომ არა თუ დღეს, არამედ გუშინაც და გუშინწინაც საზოგადოება ამისათვის მზად იყო, რასაც ვერ ვიტყვით პოლიტიკურ ელიტაზე.
არის თუ არა დღეს მზად? - თუ ვიმსჯელებთ იმის მიხედვით, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში გაკეთდა, ვერ ვიტყვით, რომ პოლიტიკური ელიტის, მაინც და მაინც, დიდი სურვილი იყოს ინსტიტუციებზე გადასვლა. ვგულისხმობ ისეთი დემოკრატიული სტრუქტურების შექმნას, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული გარემოს ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.
ის, რაც დღეს ხდება, უფრო იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანა პერსონალიებზეა დამოკიდებული, ქვეყანაში დემოკრატიულობის რა ხარისხი იქნება და არა იმაზე, თუ რომელი ინსტიტუტი როგორ მუშაობს. ალბათ, ვერავინ ვერ დაასახელებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში გატარებულ ისეთ რეფორმას, რომელზედაც იტყვი, რომ აი, რომელიღაც მდგრადი ინსტიტუტი ჩამოყალიბდა, რომელზე დაყრდნობაც საზოგადოებას შეუძლია. პირადად მე, ასეთს ვერ ვხედავ.
თუ ლაპარაკია კონსტიტუციაში შეტანილ რაღაც ცვლილებებზე, ეს იყო ნაღმის განეიტრალება და არა ახალი ინსტიტუციონალური სქემის ჩამოყალიბება. თუ ლაპარაკია სასამართლოსა და იუსტიციის საბჭოზე, იქაც ანალოგიური მდგომარეობაა.
დღესდღეობით ქართული ხელისუფლება, სამწუხაროდ, უფრო მეტად არის დაკავებული სტრუქტურებს შიგნით რეფორმით, ვიდრე მთლიანად სტრუქტურული რეფორმით. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ცსკ ახლა კარგად იმუშავებს, ამის არგუმენტად მოგვყავს ის, რომ ახალი თავმჯდომარე იქნება ობიექტური. სხვა რაიმე ფაქტორი არსებობს, რომ კარგად იმუშაოს?- მე მგონი, არაფერი.
როგორ ფიქრობთ, ნორლანდს რა აძლევს ამგვარი განცხადების გაკეთების საფუძველს? მისი განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, აშკარა პროგრესს ხედავს...
- ის ხედავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელზედაც ჩამოკიდებულია მთელი ქვეყნის სტაბილურობა, მიდის, ხოლო ქვეყანაში სტრუქტურები არ არის. შეიძლება ითქვას, რომ ამით ნორლანდი მოგვიწოდებს, დროულად განვახორციელოთ გარკვეული ინსტიტუციური ცვლილებები, რომ სტაბილურობას ინსტიტუციებმა შუქმნას გარანტია და არა პიროვნებებმა. მგონია, რომ ეს უფროა, ვიდრე ის, რომ ქართული საზოგადოება რაღაც ნაბიჯებს დგამს აქეთკენ.
ძალიან მალე ივანიშვილი დატოვებს პოლიტიკას, ქვეყანას ეყოლება ახალი პრემიერი, რომლის ვინაობა სავარაუდოდ, არჩევნებამდე არც დასახელდება. საქართველოს ყველა შემთხვევში მოუწევს პირისპირ დარჩენა ინსტიტუციებთან და ვერ იქნება მის მიერ არჩეული ლიდერის იმედად. როგორ ფიქრობთ, ხომ არ გართულდება სიტუაცია ქვეყანაში?
- ვფიქრობ, სიტუაცია უკეთესობისკენ ვერ წავა, უფრო დიდი შანსია, რომ უარესობისკენ წავიდეთ, თუ იგივე სტრუქტურა დარჩა. ვფიქრობ, შესაძლოა, მოვიდეს ახალი გუნდი, რომელიც სერიოზულ რეფორმებს დაიწყებს. ასეთ შემთხვევაში ივანიშვილის წასვლა, რა თქმა უნდა, გავლენას მაინც იქონიებს, მაგრამ არა იმდენს და არა ისეთს. თუ არ დაიწყო რეფორმა, დამერწმუნეთ, სამი წლის შემდეგ ისეთივე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, რა მდგომარეობაშიც ერთი წლის წინ ვიყავთ.
ახალ გუნდში ვის გულისხმობთ, ფიქრობთ, რომ შესაძლოა მთავრობის წევრები შეიცვალნენ?
- ძირითადად, ვგულისხმობ ახალ პრემიერს, რადგან ახალი კონსტიტუციით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება პრემიერი. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩემი შეფასებით, მარგველაშვილი, ალბათ, იქნება პრეზიდენტი და თუ ამუშავდება ეს ტრიადა, რასაც ჰქვია, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი და პრეზიდენტი ერთი მიმართულებით, მაშინ რეალური შესაძლებლობები გაჩნდება, რომ არა მარტო სტაბილურობა შევინარჩუნოთ და ინსტიტუციები შევქმნათ, არამედ ქვეყნის ამოყვანა დავიწყოთ ჭაობიდან. მაგრამ, ჯერჯერობით, კიდევ ვიმეორებ, ასეთ სურვილს, მაინც და მაინც, მმართველ კოალიციას ვერ ვამჩნევ. ღმერთმა ქნას, რომ არჩევნების შემდეგ ეს სიტუაცია შეიცვალოს, ამ მიმართულებით წავიდეს საქმიანობა და არა სხვა მიმართულებებით.
თქვენ ამბობთ, რომ სურვილი არ იგრძნობა, მხოლოდ სურვილზეა საუბარი თუ შესაძლებლობებსა და გამოცდილებაზეც?
- საქართველოში გამოცდილებაც საკმარისია და ინტელექტიც. როგორც ხშირად ვამბობთ-ხოლმე, მისი უდიდებულესობა პოლიტიკური ნება არ არსებობს. არც ამ ხელისუფლებას ვატყობ ამ ნების არსებობას - თუ გაჩნდება, მაშინ არ არის საჭირო ახალი ველოსიპედის გამოგონება. საკმარისია, აიღო ერთი თაბახის ფურცელი, შუაზე გაყო, ერთ მხარეს ჩამოწერო პრობლემები, რაც აქვს ქვეყანას და მეორე მხარეს - მექანიზმები მათი გადაჭრისთვის, ამ ყველაფერს კი იურიდიული სახე მისცე - უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ ეს ასე უნდა გაკეთდეს, შედეგად მიიღებ კონსტიტუციას, რომელიც ამ პრობლემებს მოსპობს და შესაბამისად, ყველა სტრუქტურა მიიღებს იმ სახესა და ფორმას, რომელიც ჩვენს რეალობაზე იქნება მორგებული.
ეს ყველაფერი ახალი პრემიერის სურვილზე იქნება დამოკიდებული თუ ის უბრალოდ, იძულებული იქნება ასე მოიქცეს?
- თუ პოლიტიკური ნება ექნება და შეძლებს, ამ მიმართულებით წაიყვანოს პოლიტიკური კოალიცია, მაშინ პრობლემა არ შეიქმნება. გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან მინდა, რომ ეს გაკეთდეს. ეს არ არის დიდ სირთულესთან დაკავშირებული, არც ნატოა და არც ევროკავშირი, ჩვენზეა დამოკიდებული, თუმცა არც მთლად ჩვენზე, რადგან რეალური დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება ამ რეგიონში არ მგონია, რომ დიდ სიხარულს გამოიწვევს ჩვენს ირგვლივ. თუმცა, ეს ის საკითხია, რომელიც მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული და შეგვიძლია, ამ მიმართულებით ნაბიჯები გადავდგათ.
ჩვენ ირგვლივ გასაგებია, მაგრამ მეზობლების გარდა არის დასავლეთიც, რომელიც მუდმივად მოგვიწოდებს ამისკენ, თუმცა იმასაც ვხედავდით, რა მხარდაჭერას უცხადებდა იმ ერთ კაცს, რომელზედაც ჩამოკიდებული იყო ეს ქვეყანა...
- ისინი ყოველთვის ამბობდნენ, რომ გასაკეთებელი იყო ეს რეფორმა. ხშირად რაღაცეებს საკუთარი პრიზმიდან ვუყურებთ-ხოლმე და არ გვინდა გვერდზე გახედვა. ღირებულებებსაც თავისი იერარქია გააჩნია, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე - დასავლეთის ინტერესებს ვგულისხმობ. ისინი ჩვენთან მიმართებაში, პირველ რიგში, თვლიან, რომ უნდა იყოს სტაბილურობა და ამაში ვერც გაამტყუნებ, რადგან თუ სტაბილურობა არ იქნება, მაშინ ინსტიტუციებზე ლაპარაკიც ზედმეტია. მაგრამ იყოს სტაბილურობა და დიქტატურა, ეს უკვე ჩვენ არ გვინდა - ამაშია წინააღმდეგობა.
თუ დავიწყებთ ინსტიტუციების შენებას, ამაში აუცილებლად დაგვეხმარებიან, ამაში ეჭვი არც უნდა შეგვეპაროს. დაფინანსება იქნება ეს თუ სხვა ტიპის მხარდაჭერა, მაგრამ ჩვენს ნაცვლად ისინი ამას არ დაიწყებენ.
პრემიერობის სავარაუდო კანდიდატად კულუარებში სახელდება რამდენიმე მოქმედი მინისტრი, თუმცა არ ვიცით ვის დაასახელებს ივანიშვილი. როგორ ფიქრობთ, რამდენად მაღალი იქნება ახალი პრემიერის დამოუკიდებლობის ხარისხი. ის თავისუფალი იქნება თუნდაც ბიძიბნა ივანიშვილის გავლენისაგან?
- სიმართლე გითხრათ, დიდად არ ვემხრობი იმ აზრს, რომ ბიძინა ივანიშვილი მაინც და მაინც კულუარებიდან დაიწყებს ქვეყნის მართვას. ნებისმიერმა ხელისუფალმა, რომელიც მოვა საქართველოში (მას ივანიშვილი დატოვებს თუ თავად მოვა), ვფიქრობ, თვითონვე უნდა გადადგას აქეთკენ ნაბიჯი. როდესაც ერთადერთი ადამიანი გყავს ქვეყანაში, რომლის კაპიტალი ლამის შენი ბიუჯეტის ტოლია, ამ საკითხში რაღაცნაირად უნდა ჩართო და შენ თვითონ უნდა გინდოდეს ამ ქვეყნისთვის მისი გამოყენება.
ანგარიშს არ გაუწევენ-მეთქი, რომ ვთქვა, წარმოუდგენელია. ანგარიშს, რა თქმა უნდა, გაუწევენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველდღიურ მიმდინარე პრობლემების ირგვლივ იქნება მუდმივად საქმის კურსში ივანიშვილი. ასეც რომ მომხდარიყო, გულწრფელად გითხრათ, ცუდიც არ იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მგონია, ივანიშვილი იტყვის, თავი დამანებეთ, სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმე მაქვსო.
ანუ, იქით მიდის ყველაფერი, რომ ქვეყანა ერთ კაცზე ჩამოკიდებული ვეღარ იქნება? ვგულისხმობ იმას, არსებობს თუ არა იძულების მექანიზმი, რომ მმართველმა ძალამ ინსტიტუციების შექმნა ხვალისთვის არ გადადოს?
- გააჩნია, რას გააკეთებს პრემიერი. ივანიშვილი იმისთვის კი არ გვინდა, რომ მისი სახელი და გვარი მოგვწონს - ის სტაბილურობის გარანტია. თუ ვინმე შეძლებს ამ სტაბილურობის შექმნას, მაშინ ივანიშვილი წასვლა-არწასვლის საკითხიც მტკივნეულად არ დადგება.
სტაბილურობაც რომ შექმნას და იმ მიმართულებითაც რომ წავიდეს, რაც ქვეყანას სჭირდება, ეს არის პრობლემა. დღეს მაინც მმართველ ელიტაზე (რა მნიშვნელობა აქვს ერთზე თუ სამზე), იქნება დამოკიდებული, როგორ განვითარდება ქვეყანა, რადგან ინსტიტუციები არ მუშაობს.
თუ ახალმა პრემიერმა მოინდომა ოდესღაც მაინც და იმ სტილში დაიწყო მუშაობა, რა სტილშიც „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობდა, ამას ის გააკეთებს უპრობლემოდ. დღესდღეობით მაგალითად, საკმარისია ივანიშვილის ერთი სიტყვა და ისევ დაიწყება მოსმენები, ბიზნესის დაწიოკება - ამისი გაკეთების საშუალება ივანიშვილმა კი არა, უკვე მოქმედმა სტრუქტურებმა არ უნდა მისცეს ხელისუფლებას.
ასეთი სტრუქტუებია შესაქმნელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაინც იმაზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული, ვისაც ძალაუფლება ექნება. ივანიშვილი, ვხედავთ, რომ დიქტატურისკენ არ წავა და არც ფულის საკეთებლად არის მოსული - ის ახალი რას იზამს, რამდენად გაერკვევა იმ ურთულეს პოლიტიკურ ლაბირინთში რაც საქართველოშია, არ ვიცი. არადა ყველაფერი მასზე იქნება დამოკიდებული და ფაქტობრივად, შეიძლება, მარტოც კი აღმოჩნდეს მთელი ამ პრობლემების პირისპირ.