რუსებმა სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაოები დაიწყეს

რუსებმა სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაოები დაიწყეს

კონფლიქტის ზონაში ვითარება იძაბება. თვენახევრიანი პაუზის შემდეგ დიცის ტერიტორიაზე რუსი სამხედროები სოფლის განაპირას კვლავ გამოჩნდნენ და ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები გააგრძელეს. სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაოების შემთხვევაში, არსებობს იმის საფრთხე, რომ 3 საცხოვრებელი სახლი მოყვეს ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, ასევე სასაფლაოც. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი მოსახლეობა შეეცადა რუსებთან გასაუბრებას, რომ სასაფლაოსკენ მიმავალი გზა არ გადაეღობათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი ილია ბერუაშვილი აცხადებს, ინციდენტების პრევენციის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებებში, ოსური ჯგუფის წარმომადგენელმა რობერტ გაზაევმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გაზაევი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ქართული მედიის წარმომადგენლების მიმართაც. მან ჟურნალისტებს მოსთხოვა დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ „ოსეთის ტერიტორია“ და გადასულიყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოსური მხარე მიიღებდა ქართული მედიის წარმომადგენლების დაპატიმრების გადაწყვეტილებას. 

მოგვიანებით სოფელ დიცში შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი ჩავიდა. დავით სუჯაშვილმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრაზე რუსმა ოკუპანტებმა ქართულ მხარეს განუცხადეს, რომ მათ დავალება აქვთ მიღებული და ამიტომ მავთულხლართების გაბმის სამუშაოებს მაინც გააგრძელებენ.

„შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დიცის მოსახლეობას სასაფლაომდე მისასვლელ ერთ გზას დაუტოვებენ. როგორც მოგეხსენებათ, ამ მავთულხლართების გაბმის გამო, ადგილობრივებს სასაფლაოებზე მისვლა უჭირთ, რადგან სწორედ მავთულხლართებს მიღმაა დარჩენილი ბევრი საფლავი“, - განაცხადა დავით სუჯაშვილმა.

სუჯაშვილის თქმით, შს სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე რჩებიან და მოლაპარაკებებს განაგრძობენ, რათა მოხდეს დაძაბული ვითარების დარეგულირება. სოფელ დიცში ფიზიკური დაპირისპირება შეწყდა, თუმცა რუსი მესაზღვრები ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების ზედამხედველობით ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს აგრძელებენ. ინფორმაციას for.ge-სთან საუბრისას დიცის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებული ზაქარია ვატიტაძეც ადასტურებს, რომლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური დაპირისპირება შეწყდა, ვითარება ისევ დაძაბული რჩება.

პრალამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობის ფარგლებში ახალი სტრატეგიით დაიწყო მუშაობა, რასაც გარკვეული პოზიტიური შედეგები მოჰყვა.

„თუმცა რუსეთის მიერ საოკუპაციო ზოლზე განხორციელებული მთელი რიგი სამუშაოები, რომელიც გამყოფ ზოლზე ღობეების მონტაჟს ახორციელებს, ჩემი აზრით, არის დესტრუქციული თავად პროცესისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ეს პრობლემა მშვიდობიანი გზით მოგვარდეს და იმედი მაქვს, საერთაშორისო საზოგადოების ჩარევით, პრობლემა დროულად მოგვარდება“, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

რუსი სამხედროების მიერ ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოების გაგრძელებას, ოკუპაციის თვალსაჩინო მაგალითს უწოდებს უმრავლესობის წევრი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომიტეტის თავმჯდომარე გია ვოლსკი, რომლის განცხადებით, ეს არის ოკუპაციის ყველაზე ცუდი გამოვლინება, როდესაც ადამიანები ერთმანეთისგან იყოფიან მავთულხლართებით.

„ის, რაც ხდება ამას ჰქვია ოკუპაცია და ეს ოკუპაციის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გამოვლინებაა. ოკუპაცია არ უნდა დაგვეშვა, ახლა ამითი პოლიტიკური სპეკულაციები მიდის, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ ეს ღობეები დროებითია. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ორი გზა, ერთია, რომ დაამშვიდოს სიტუაცია და საკუპაციო ხაზს აქეთ დარჩენილი მოსახლოების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მიხედოს. არის მეორე გზა, რომ იარაღი აიღოს ხელში და საომარი მოქმედებები გააჩაღოს. დღევანდელი მდგომარეობით მართებულია პირველი გზა, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ გააჩნია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ვოლსკი.