„ტელევიზორში აჩვენეს ახლა პარლამენტში მათი მთავარი, რომელიც დარბის და ხმებს აგროვებს, ხმებს ყიდულობს ჩვენგან. აჩვენეს ერთი პარლამენტარი, რომელიც ჩვეულებრივი ქურდბაცაცა, დიდი მომპარავია. ეს ის ქალია, იუშენკოს რომ უთვლიდა საპნის ფულს.
მე ვნახე მერაბიშვილი, რომელსაც მილიარდების მოპარვას აბრალებენ და ოჯახი როგორც ცხოვრობს. გუშინ მთელმა საქართველომ ნახა მათი შემადგენლობა, როგორ ცხოვრობს და ეს ხალხი უკითხავს ლექციებს ვიღაცებს. მე მგონი ყველაფერი თავდაყირა დადგა“, - განაცხადა გუშინ სააკაშვილმა.
პრეზიდენტს თავის გამოსვლაში აღნიშნული დეპუტატი ქალის სახელი და გვარი არ დაუსახელებია, თუმცა ცნობილია, რომ კვირას, „პოსტ სკრიპტუმში“ დეპუტატ ირინე იმერლიშვილის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ სიუჟეტი გავიდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ვანო მერაბიშვილის მშობლებთან იმყოფებოდა, სადაც საკუთარი თვალით ნახა, როგორ მოკრძალებულად ცხოვრობენ ისინი. როგორც მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე განაცხადა, „მერაბიშვილის მშობლებს პატარა მიწის ნაკვეთი აქვთ, ძალიან მაგრად მოვლილი და ძალიან უბრალოდ და ხელმოკლედ ცხოვრობენ“.
ბრალდებას პასუხობს უმრავლესობის ლიდერი ირინა იმერლიშვილი და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს მოუწევს იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც თავად გაასაჯაროვა.
For.ge-სთან საუბრისას იმერლიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებისგან განსხვავებით, დასამალი არაფერი ჰქონია და ამიტომ გადაწყვიტა, რომ დეკლარაცია ღიად დაეფიქსირებინა.
უმრავლესობასთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა დიდი დრო დაუთმო თქვენს ქონებრივ დეკლარაციას, ის ამბობს, რომ თქვენ ხართ ქურდბაცაცა...
- სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ოფიციალურად იყვნენ ბიუჯეტის კანონიერი ქურდები. 1 კილოგრამი შაქარი არ გაიყიდებოდა ისე, რომ წილი არ მისვლოდა სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილს. ეს მე ოფიციალურად, დოკუმენტებით დავადასტურე, როცა სააკაშვილის საბიუჯეტო ხარჯებზე ვისაუბრე. სააკაშვილს შევახსენებ, რომ მისგან განსხვავებით სახელმწიფო ქონება დედაჩემისთვის 1 ლარად არ გამისხვისებია.
ჩემდა სამწუხაროდ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად არაა კარგი, რაც უფრო ახლოვდება მისი თანამდებობოდან წასვლის დრო, სულ უფრო კომიკურ ფიგურას ემსგავსება პრეზიდენტი. ძალიან სასცილოა როდესაც ის მე და ვანო მერაბიშვილს გვადარებს ერთმანეთს. ძალიან კარგად ხედავს ყველა ყველაფერს, მათ შორის - ჩვენი ამომრჩეველიც. მე რამე დასამალი რომ მქონოდა, არავინ მაძალებდა ამ გადაცემაში მონაწილეობის მიღებას. ძალიან ნათლად შეგვიძლია ვნახოთ რა ფასად არის შეძენილი ესა თუ ის ქონება.
რაც შეეხება სააკაშვილს და მერაბიშვილს, მათგან განსხვავებით, ბიუჯეტიდან ჩემი შვილებისთვის არ გადამიხდია სწავლის საფასური, არც მისი შს მინისტრისგან განსხვავებით არავინ არ გამომიგდია აგარაკიდან და ჩემი ოჯახი იქ არ შემიყვანია და არც დედაჩემისთვის არ გადამიცია სახელმწიფო ქონება 1 ლარად. ასე რომ, მან თავი უნდა იმართლოს და უპასუხოს იმ კითხვებს, რა საბუთებიც მას დაუდეს.
სწორედ ამ ფაქტის გახმაურებას ხომ არ უკავშირდება ის, რომ პრეზიდენტმა საჯაროდ დაგადანაშაულათ ქურდობაში?
- მართლა ძალიან რთულია მიშა სააკაშვილის გამოსვლების პროგნოზირება, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ მე დასამალი არაფერი მქონდა, მისგან განსახვავებით ყველა კითხვაზე მაქვს პასუხი, სააკაშვილმა კი დღემდე ვერცერთ კითხვას ვერ გასცა პასუხი. ის და მისი ხელისუფლება სახელმწიფო ხაზინის ოფიციალური „კანონიერი ქურდები“ არიან. ის სახელმწიფო ხაზინას უყურებდა როგორც საკუთარ საფულეს. ისე მოიხმარდა ამ ფულს და ისე არიგებდა საჩუქრებს აქიდან, თითქოს, მისი პირადი ყოფილიყო.
მისი და მისი ოჯახის წევრების პირად კეთილდღეობაზე ისე ხარჯავდა სახელმწიფო ფულს, რომ საერთოდ, ერთი წუთით არ ფიქრობდა ამაზე და დღემდე პასუხები არ აქვს ამ კითხვებზე, მაგრამ სააკაშვილს მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა. როგორც თავად ამბობს, იუშენკოს კი არ ვუთვლიდი ფულს, არამედ სააკაშვილს ვუთვლიდი სახელმწიფო ხაზინიდან დახარჯულ ფულს, რომელიც არამიზნობრივად აქვს დახარჯული. მე მესმის მისი გამწარება, მაგრამ ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი.
რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებას, პრეზიდენტი ამბობს, რომ პირადად თქვენ ხმებს ყიდულობთ „ნაციონალური მოძრაობისგან“, შეგიძლიათ ახსნათ რაზე საუბრობდა პრეზიდენტი?
- მგონია, მას სხვა რაღაცა აწუხებს. რამდენადაც მისი საუბრიდან მივხვდი, საუაბრი იყო პარლამენტარების ხმებზე, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით არიან პარლამენტში გასული და აპირებენ ხმა მოგვცენ ჩვენ, მათ შორის - საკონსტიტუციო ცვლილებებზე. გიორგი მარგველაშვილს და ბიძინა ივანიშვილს ხმების საყიდელი არაფერი სჭირს. მსგავსი არაფერი დაფიქსირებულა არც უცხოელი და არც ადგილობრივი დამკვირვებლებისგან. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საარჩევნო გარემო თვისობრივად არის გაუმჯობესებული და სრულიად სხვა რეალობაში გვიწევს ჩვენ დღეს საარჩევნო კამპანიის ჩატარება.
აპირებთ თუ არა სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას სასამართლოში?
- ნამდვილად არ ვაპირებ, რადგან მართლა კომიკურია მისი გამოსვლები. მართლა გული მწყდება, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ისეთ ფრაზებს ისვრის, რომელიც სასაცილოდაც კი არ ყოფნის მოსახლეობას და სხვათა შორის, მის მხარდამჭერებსაც კი. მე არ ვთვლი, რომ თავის მართლების რეჟიმში უნდა ჩავდგე სააკაშვილის წინაშე. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასის გარდა არცერთი თეთრი სარგებელი არ მაქვს არც მე და არც ჩემს ოჯახს. ვარ იპოთეკარი, ძალიან მაღალი სესხი მაქვს აღებული ბანკიდან. არ ვაპირებ თავის მართლებას, არა მგონია, რომ საამისოდ მქონდეს საქმე.