შუახევში ჰესის მშენებლობას თურქული კომპანია power-ი და Ciean Energy Group-ი განახორციელებენ. პრემიერ მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ შუახევში ასეთი მასშტაბური მშენებლობის დაწყება მშვიდად და უხმაუროდ მოხდა. აქვე მან თხოვნით მიმართა სვანებს, რომ გაგებით მოეკიდონ ხუდონჰესის მშენებლობის საკითხს. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ენერგოდამოუკიდებლობა ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იქნება.
როგორც პრემიერმა შუახევჰესის მშენებლობისთვის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიალზე განაცხადა, პატრიარქს ორი ჰესის მშენებლობის შეჩერების თხოვნით მიმართეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ილია მეორეს მან ამ ჰიდროელექტროსადგურების უსაფრთხოების და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, საკითხს უწმინდესიც გაგებით მოეკიდა.
„ენერგოდამოუკიდებლობა ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იქნება. პარასკევს მოწვეული მყავდა მისი უწმინდესობა პატრიარქი. პატრიარქიც კი შეაწუხეს და ორი თხოვნა გამოატანეს, რომ ჰესები ორ ადგილზე არ აგვეშენებინა. ერთ ადგილზე - ღვთის ხეობაში, სადაც თურმე ხეობას წყალი დააკლდება და მეორე ისევ ხუდონჰესზე იყო თხოვნა, რომ იქ წყალი მოემატება. პატრიარქს კარგად ავუხსენი და მისმა უწმინდესობამ ძალიან კარგად გაიგო, რომ პირიქით, მხარი დაეჭირა ჩვენი ქვეყნის განვითარების საფუძვლისთვის.
ჩვენ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი, რომ საქართველოში გამოიმუშავებოდეს მეტი ენერგია. ეს იმის საფუძველს შექმნის, რომ მრავალი ტიპის სხვადასხვა საწარმო დაფუძნდეს. ეკონომიკაც და სამუშაო ადგილებიც ენერგიას საჭიროებს და ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. მინდა მივმართო სვანებს, გაგებით მოეკიდონ ხუდონჰესის მშნებლობის საკითხს, რადგან ეს სჭირდება სვანეთს და სრულიად საქართველოს. რა თქმა უნდა, ბუნება დაიფარება, რა თქმა უნდა, სადღაც დაიფარება წყლით. ხუდონჰესი არის ასაშენებელი, ისევე როგორც სხვა ბევრი ჰესი და ეს ბუნებას არ დააზიანებს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერმა ის პოლიტიკოსებიც გააკრიტიკა, რომლებიც ჰესების თემებით მანიპულირებდნენ და მოსახლეობას მოუწოდა, მათ საუბარს შვეიცარიის, ავსტრიის და ნორვეგიის მაგალითები დაუპირისპირონ.
„არავინ მოგატყუოთ, რომ საქართველოში ბუნებას ანადგურებენ. ჩვენ ოქროს შუალედს მოვძებნით. ბევრი პოლიტიკოსი სპეკულირებდა ჰესების მშენებლობით და ხშირად, მოკლე ვადით ახერხებდა მოსახლეობის გულის მოლბობას, მაგრამ ჩვენ სტრატეგიულად გვჭირდება ჰესების მშენებლობა და ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. ჩვენ არ გვაქვს ისეთი საექსპორტო საშუალებები, რომ ელექტროენერგია გარედან ვიყიდოთ. ენერგოდამოუკიდებლობა კი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი საფუძველი იქნება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შუახევის მოსახლეობა ჰესის მშენებლობაზე დასაქმებას ითხოვს. ამ მოთხოვნით ისინი იმ ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, სადაც პრემიერ-მინისტრმა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ჰესის მშენებლობაზე დასაქმების პირობით მათ გადამზადების ორთვიანი კურსი გაიარეს, თუმცა მუშაობა მხოლოდ 10-მა პირმა დაიწყო.
„ჩვენ გვპირდებოდნენ დასაქმებას, თუმცა აღარ დაგვასაქმეს. მოსახლეობა არის უკიდურეს მდგომარეობაში. მოვედი, რომ პრემიერ-მინისტრს შევხვდე და ჩვენი პრობლემის შესახებ ვუთხრა“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ზებურ თავდგირიძემ, რომლის განცხადებით, პროტესტის ნიშნად მოსახლეობა გზის გადაკეტვასაც აპირებს.
ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე თვლის, რომ თუ კი თანამედროვე ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული და ეს სახელისუფლებო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელდება, ცხადია, გარემოს არანაირი ზიანი არ მიადგება. რადგან, თანამედროვე მძლავრი ტექნოლოგიები გამორიცხავს ამის დაშვებას.
„ამ კონკრეტულ პროექტს რაც შეეხება, მე არ ვიცნობ ამ პროექტს, გააჩნია, როგორია პროექტი, როგორია მშენებლობის ტექნოლოგია. აჭარა თავისთავად პრობლემური მხარეა ბუნებრივი პრობლემებით და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მშენებლობის ტექნოლოგიას. ორი ჰესი ისიც აჭარაში არ წარმოადგენს იმ ღერძულ სერიოზული მასშტაბის ჰესებს, რომელიც რაიმე სერიოზულ პრობლემას აგვარებს ქვეყანაში. თუ ენერგეტიკული ერთიანი სტრატეგია ხორციელდება, გაცილებით უფრო კარგ ადგილებზე, გაცილებით უფრო სხვა შესაძლებლობის ჰესების მშენებლობაა შესაძლებელი.
არსებობს შესანიშნავი პროექტები, თუმცა მე არ ვიცი რამდენად ეს აკუმლირებულია ენერგეტიკის სამინისტროში. ოღონოდ ჰესი აშენდეს და სამინისტრო ყველაფერზე თანახმა იყოს, ეს, რა თქმა უნდა, მცდარი მიდგომაა. ერთიანი პოლიტიკა ენერგეტიკაში აუცილებელია, ვფიქრობ, რომ თუ სწორი გადაწყვეტილება იქნა, ამას შეუძლია კარგი ბიძგი მისცეს ეკონომიკურ განვითარებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დემურ გიორხელიძე.
მისივე თქმით, თუ კი სტრატეგიის ფარგლებში იქნა განხორციელებული ენერგეტიკული განვითარების საკითხი, ცხადია, ეს ენერეგოდამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს მისცემს საქართველოს. როგორც გიორხელიძე ამბობს, პრობლემად რჩება ენერგეტიკის სამინისტრო.
„ეს არის საკამოდ ჩაკეტილი სამინისტრო, გავლენების ქვეშ იმყოფება. ეს არაა გახსნილი სამინისტრო, რომელიც ქვეყანაში არსებულ საუკეთესო პროექტებს უკეთებდეს აკუმლირებას და შემდეგ უკვე ერთიანი სტრატეგიის შესაბამისად ალაგებდეს. გასაგებია, რომ კერძო ინვესტორი რაღაცას აშენებს, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. დიახ, საქართველოს შეუძლია მაღალი ხარისხის ენერგოდამოუკიდებლობა ჰქონდეს, რაც ძლიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას, ალბათ, გაკეთება უნდა“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.