შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერებას საქართველოზე გავლენა არ ექნება. არც ხორბალი, არც ფქვილი და მით უფრო არც პური არ გაძვირდება. ქვეყანაში მოსავალიც ნორმალურია, რომლის აღების პროცესი სწორედ ახლა მიმდინარეობს, ფქვილის მარაგიც რამდენი თვისაა, ხოლო ხორბლის იმპორტი ამ მომენტისთვის საერთოდაც არ ხორციელდება.
ფოთის მარცვლეულის ტერმინალის დირექტორის ქეთევან კუბლაშვილის ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის და, დიდი ალბათობით, წინა შემთხვევის მსგავსად, სიტუაცია მალევე დარეგულირდება. ხორბლის უმსხვილეს მწარმოებლებს რუსეთი და უკრაინა წარმოადგენენ. თუმცა, მსოფლიოს წელს მარცვლეულის საკმაოდ კარგი მოსავალი აქვს, შესაბამისად, მასზე ხელმისაწვდომობა საკმაოდ თავისუფალი, ხოლო წლევანდელი ხორბლის ფასი სტაბილური იქნება.
„ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ რუსეთმა რამდენიმე პირობა დააყენა. თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემა პირობების დაკმაყოფილების გარეშე მოგვარდება. გარდა ამისა, საქართველოში ამ მომენტისთვის ხორბლის იპორტი არც ხორციელდება. ქვეყანა ფქვილი შემოტანაზეა გადასული, რომელიც რუსეთიდან სამანქანო გზით შემოდის. ასე რომ, საქართველოზე რაიმე გავლენას არ ველოდები“, - განაცხადა კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, დარეგულირდა საკითხი ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებსაც რუსეთის გასვლით მწვავე პრობლემა ექმნებოდათ. როგორც კუბლაშვილი აცხადებს, ალტერნატიული გზა უკვე ნაპოვნია, რომელიც უკვე 5 თვეა არსებობს.
ფოთის მარცვლეულის ტერმინალის დირექტორის მტკიცებით, რუსეთმა გასული წლის მოსავლის დიდი ნაწილის ბაზარზე გატანა ვერ შეძლო, ამასთან წელსაც მოსავლის კარგი მაჩვენებელი აქვს. იგი ვარაუდობს, რომ საბოლოო ჯამში, რუსეთი იძულებული გახდება დათმობაზე წავიდეს.
ყველაფერთან ერთად წელს საქართველოში კარგი მოსავალიცაა. წისქვილკომბინატები ქართულ ხორბალს ინტენსიურად იბარებენ, არის მარაგებიც. საერთაშორისო ბირჟებზეც ფასი სტაბილურია. „ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას ინფორმაციით, არც ისე ცუდი მდგომარეობაა ფასთან მიმართებაში, რადგან მოსავალი საკმაოდ მაღალია.
„მიმდინარეობს კულუარული მოლაპარაკებები, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის დაბრუნებას მარცვლეულის შეთანხმებაში. რუსეთი ათი თვის წინაც გავიდა ამ შეთანხმებიდან, მაგრამ მაშინ თურქეთმა მაინც გამოიყვანა გემები უკრაინის პორტებიდან. როდესაც რუსეთმა დაინახა, რომ ეს საქმე უმისოდაც კეთდებოდა, დაუბრუნდა ამ შეთანხმებას. ახლაც, ზელენსკიმ მიმართა ერდოღანს, რომ რუსეთის გარეშე გაეგრძელებინათ გარიგება, ამიტომ, დიდი ალბათობით, შეთანხმება გაგრძელდება და ამიტომ ბირჟებზე ფასებმა კვლავ დაიკლო.
დიდ როლს თამაშობს ის, რომ რუსეთს შარშანაც და წელსაც კარგი მოსავალი ჰქონდა, ამიტომ მათი მოტივაციაც არის, რომ მოსავალი გაიყიდოს.
არის იმისი მოლოდინიც, რომ რუსეთი, როგორც ამას ხშირად აკეთებს ხოლმე, არაორდინალურად, არალოგიკურად მოიქცევა. არ გამოიტანოს ეს ხორბალი, მაგრამ მაინც მგონია, რომ 50/50-ზეა გაგრძელება-არგაგრძელების საკითხი“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.
როგორც „ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, დიდი ალბათობით, ფასების მხრივ სტაბილიზაცია მთელს მსოფლიოში იქნება.
რაც შეეხება საქართველოში მოსავალს - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, წისქვილკომბინატებში ხორბლის მიღების პროცესი აქტიურ ფაზაშია და შეუფერხებლად მიმდინარეობს. მოსავალს 20-მდე წისქვილი იბარებს.
„პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად. ყოველდღიურად დაახლოებით 250-300 ტონა ხორბალს ვიბარებთ. რა თქმა უნდა, სტანდარტების შესაბამის სასურსათო ხორბალზე გვაქვს საუბარი. ხარისხიან ხორბალს ჩაბარების პრობლემა არ აქვს“, - განაცხადა შპს „ჯეომილის“ ხელმძღვანელმა ბესიკ ბეჟაშვილმა.
მეხორბლე ფერმერების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობამ იმპორტირებულ ფქვილზე, დროებით, 5 თვის ვადით, საიმპორტო საფასური დააწესა. გადაწყვეტილება ძალაში 10 ივნისს შევიდა.