„თუკი ფარული დაავადება არსებობს, ის შემდგომში აუცილებლად განვითარდება და ამას ვერსად ვერ წაუვა ადამიანი. ამიტომ რაც უფრო ადრეულ ეტაპზე გამოვლინდება პათოლოგია, მით უფრო შედეგიანი და წარმატებული იქნება მკურნალობა. ზაფხული არ არის ძალიან დატვირთული, სამსახურიც უფრო მოქნილია, ამიტომ ეს პერიოდი უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ ადამიანმა საკუთარი თავისთვის მოიცალოს და ჯანმრთელობის კონტროლის მიზნით ჩაიტაროს გამოკვლევა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი ეთერ კიღურაძე.
სკრინინგის პროგრამა ეფექტურია მაშინ, თუკი მიზნობრივი მოსახლეობის ჩართვის მაჩვენებელი 70%-ზე მაღალია. საქართველოში ამ საკითხის გაპიარების და ფილიალების გახსნის მიუხედავად, რომ გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი ყოფილიყო სკრინინგ კვლევები, მაინც დაბალია ეს მაჩვენებელი და სადღაც 20%-ს აღემატება. როგორია მომართვიანობა წელიწადის ამ სეზონზე, ზაფხულის პერიოდში, როცა ზღვაზე ყოფნა შეიძლება ონკოლოგიური დაავადებების მაპროვოცირებელი გახდეს?
- იმისთვის, რომ სკრინინგმა შეამციროს კიბოთი გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი, აუცილებელია სკრინინგის პროგრამის მოცვა, სამიზნე მოსახლეობის პროგრამაში ჩართულობა არანაკლებ 60-70% უნდა იყოს. საქართველოში სკრინინგ პროგრამაში ჩართვის მაჩვენებელი დაბალ ნიშნულზეა, თუმცა წლიდან წლამდე ვცდილობთ მთელი რიგი ღონისძიებებით ეს მაჩვენებელი გავზარდოთ. ამაში იგულისხმება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა, მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის მატება, სკრინინგის პროგრამის სარგებლის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება, ორგანიზებულ სკრინინგის მოდელზე გადასვლა, ოჯახის ექიმისა და სოფლის ექიმის მეტი რაოდენობით ჩართვა ამ პროცესში, რომ მათ მიაწოდონ მეტი ინფორმაცია პაციენტებს. ამით ვცდილობთ, მივუახლოვდეთ საერთაშორისოდ დადგენილ რაოდენობრივ მაჩვენებლებს. ამ ძალისხმევამ, ბევრმა საინფორმაციო კამპანიამ, მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებმა გარკვეული შედეგი გამოიღო. სამიზნე ჯგუფებთან, სტუდენტებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია, რომ მათ საკუთარ ოჯახსა და ახლობლებში გაავრცელონ ინფორმაცია. ეს მიღებული პრაქტიკაა, რადგან ადამიანები ახლობლების რჩევას ითვალისწინებენ, ასევე, თვითონაც უჩნდებათ ექიმთან ვიზიტის კულტურა და, როდესაც მიაღწევენ სკრინინგის ასაკს, უკვე ჩამოყალიბებული ექნებათ გარკვეული კულტურა სკრინინგის პროგრამაში მონაწილეობისთვის.
სკრინინგის ასაკი რომელია?
- სკრინინგის პროგრამა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-დან 70 წლის ქალბატონებისთვის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-დან 60 წლის ქალბატონებისთვის ყოველ სამ წელიწადში, მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი ყოველ ორ წელიწადში. აღნიშნული სარეკომენდაციო პერიოდების მიუხედავად, ექიმის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, პაციენტი დაბარებულ იქნას ვადაზე ადრე, რაც, ასევე, პროგრამის მიერ ფინანსდება. სახელმწიფო აფინანსებს სკრინინგის პროგრამას. კიბოს სკრინინგის პროგრამა დაფინანსების წყაროების მიხედვითაა გაყოფილია მუნიციპალურ და სახელმწიფო პროგრამებად, თბილისში რეგისტრირებული პირების მომსახურებას აფინანსებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო თბილისს გარეთ რეგისტრირებული პირები ფინანსდებიან დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ.
დედაქალაქში ექიმთან ვიზიტს ისე არ უფრთხიან, როგორც რეგიონებში. რეგიონებში შეუძლიათ წლობით იყვნენ ავად და არ მიაკითხონ ექიმს იმ შიშით, რომ კიბო არ აღმოაჩნდეთ. გადალახვადია ეს განწყობა რეგიონებში?
- სკრინინგ ცენტრი თბილისში ოთხი ფილიალითაა წარმოდგენილი, ეს არის გლდანის, ვარკეთილის, საბურთალოს და დიდუბის, თუმცა ჩვენ გვყავს მამომობილი, რომელშიც განთავსებულია მამოგრაფი და ამ მოძრავი, მობილური გუნდის საშუალებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ვაწარმოებთ გამოკვლევას. ამისთვის წინასწარ ვაწვდით ინფორმაციას მოსახლეობას, რომ გარკვეულ თარიღებში ჩადის მანქანა და მობილური გუნდი. თუმცა მომართვიანობა თბილისში გაცილებით მეტია, ვიდრე რეგიონებში. მაგალითად, თბილისში ძუძუს კიბოს სკრინინგის მოცვა გასულ წელს უკვე ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა, ცხადია, ეს არ არის საუკეთესო შედეგი, მაგრამ 27%-ს მიაღწია. ასევე, პროგრესი გვაქვს საშვილოსნოს ყელის მიმართულებით სკრინინგის თვალსაზრისით, თუმცა სამუშაო მაინც ძალიან ბევრია, რომ მომართვიანობა იმ ნიშნულამდე ავიდეს, რაც სკრინინგის პროგრამის ეფექტურობისთვისაა საჭირო, ანუ 60-70%-მდე.
ზღვის სეზონს რაც შეეხება, არსებობს რისკები, რომ საზღვაო პერიოდმა კიბოს რისკის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. რამდენად აუცილებელია ზაფხულის პერიოდში სკრინინგზე მომართვიანობა გაიზარდოს?
- რა თქმა უნდა, მზისგან მიღებული დასხივების რისკები არსებობს, განსაკუთრებით, ზაფხულში და დიდი დოზის შემთხვევაში, თუმცა ზაფხულის თემას გამოვიყენებდი შესაძლებლობად, რადგან ზაფხული არ არის ძალიან დატვირთული, ამ დროს არ არის სკოლები, ბაღები, სამსახური უფრო მოქნილია, ამ პერიოდში მოსახლეობამ საკუთარი თავისთვის უნდა მოიცალოს და ჯანმრთელობის კონტროლის მიზნით ჩაიტაროს კვლევები. ადამიანებში სწორი მოლოდინი უნდა გავაჩინოთ. სკრინინგს უნდა მიმართონ არა იმიტომ, რომ აუცილებლად რაღაც პათოლოგია უნდა დაუდგინდეთ, არამედ საკუთარი ჯანმრთელობის შესამოწმებლად. თუკი ფარული დაავადება არსებობს, ის შემდგომში აუცილებლად განვითარდება და ამას ვერსად ვერ წაუვა ადამიანი, ამიტომ რაც უფრო ადრეულ ეტაპზე გამოვლინდება, მით უფრო შედეგიანი და წარმატებული იქნება მკურნალობა.
მამაკაცებს განსაკუთრებით უჭირთ მედიკოსებთან მისვლა. ამ თვალსაზრისით მომართვიანობისას მამაკაცები უფრო „მორცხვობენ“, თუ ქალები?
- იქიდან გამომდინარე, რომ სკრინინგის სამი კომპონენტიდან ორი მხოლოდ ქალებს შეეხება, კოლორექტული სკრინინგი კი ქალებსაც შეეხება და მამაკაცებსაც, ქალები ჩვენს ცენტრს უფრო მეტად მომართავენ, თუმცა მამაკაცებიც აქტიურობენ.
2034 წლისთვის ონკოლოგიურ ახალ შემთხვევათა რაოდენობა 22 მილიონს გადააჭარბებს. იმის გათვალისწინებით, რომ განვითარებულ ქვეყნებში პროფილაქტიკის მაღალი დონეა და სიკვდილიანობის ტემპი შენელებულია, ონკოლოგიური მატების მთელი ტვირთი გადავა დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებზე. საინტერესოა, თუკი განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა მეტ-ნაკლებად იტარებს სკრინინგს, ცდილობს, ძვირი გადაიხადოს და ჯანმრთელი საკვები მიირთვას, მაინც რატომ არის მზარდი ონკოლოგიური შემთხვევები, ეს ეკოლოგიური დაბინძურებით, არაჯანსაღი კვებით აიხსნება?
- ზოგადად, სიმსივნესთან დაკავშირებით სტატისტიკა მთელ მსოფლიოში მზარდია. სწორად აღნიშნეთ, დაბინძურებული გარემო, ეკოლოგიური მდგომარეობა, განსაკუთრებით, დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებზე მოდის ეს ტვირთი. ჯანსაღ პროდუქტთან, ასევე, საკურორტო მომსახურებასთან ხელმიუწვდომლობა, ალბათ, ეს ყველაფერი მოქმედებს ამ თვალსაზრისით. თქვენ დაინტერესდით, რომ მთელ მსოფლიოში სკრინინგის პროგრამა განვითარებულია და მაინც ვერ ხორციელდება სრულყოფილი პრევენცია, ამ შემთხვევაში, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ სკრინინგში მონაწილე ერთი ადამიანის გადმოსახედიდან, უშუალოდ მისთვის 100%-იანი სარგებელია, მაგრამ სახელმწიფოს გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, თუკი სკრინინგის პროგრამამ შესაბამის მოცვის პროცენტს ვერ მიაღწია, კიბოთი გამოწვეული ავადობა და სიკვდილიანობა ვერ შემცირდება. ამიტომ ჯამურად უნდა გაიზარდოს სკრინინგ პროგრამაში ჩართულობა. მნიშვნელოვანია ორგანიზებულ სკრინინგზე გადასვლა, როდესაც მოსარგებლე პირი თავისი სურვილით კი არ ჩაერთვება პროგრამაში, არამედ განსაზღვრული, პერსონალური მოწვევა ექნება, უნდა მოხდეს მიზნობრივი მოსახლეობის გამოკვეთა, მათი კვლევებზე მოწვევა, პათოლოგიის შემთხვევაში, გაღრმავებული კვლევების ჩატარება, ანუ ბოლომდე უნდა მიჰყვეს ეს პროცესი პაციენტს და მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური.
ონკოსნეულებათა 1/3-ის აცილება შესაძლებელია მავნე ჩვევებზე უარის თქმის შემთხვევაში. თუკი შევადარებთ ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას, ეკოლოგიური თვალსაზრისით, სოფლად მყოფი ხალხი არც გამონაბოლქვის სუნს უჩივის და სუფთა პროდუქტითაც იკვებება. წესით, სოფლებში ნაკლებად უნდა იყოს გავრცელებული სიმსივნე. ზოგადად, საქართველოში რა სახის სიმსივნის მატება შეინიშნება?
- ქალებში პირველ ადგილზეა ძუძუს კიბო, ხუთეულში შედის საშვილოსნოს ყელის კიბო, საშვილოსნოს ტანის კიბო, ასევე, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეა მეორე ადგილზე, სტატისტიკურად გაიზარდა ფარისებრი კიბოს მაჩვენებელი, განსაკუთრებით, ქალებში.
რით აიხსნება?
- ალბათ, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი კვლევებია ჩასატარებელი, რადგან განსაკუთრებული ცვლილება არ აღინიშნება, თუნდაც ეკოლოგიური თვალსაზრისით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღინიშნა ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის მატება. თუმცა კონტროლი მნიშვნელოვანია და ადრეულ ეტაპზე დაავადების გამოვლენას დიდი როლი აქვს. კიბო აღარ არის განაჩენი იმ შემთხვევაში, თუ ის დროულად გამოვლინდება. სკრინინგის ჩატარებაც მაშინაა მნიშვნელოვანი, როცა ადამიანი არაფერს უჩივის, არაფერი აწუხებს.
მამოგრაფიულ გამოსხივებასთან დაკავშირებული შიში, ერთი პერიოდი, ჩვენს მოსახლეობაში სერიოზულ გამოწვევად რჩებოდა. დღეს რა ვითარებაა?
- მამოგრაფიის დროს დასხივება რისკის შემცველად ითვლებოდა. რა თქმა უნდა, დასხივება გარკვეული რისკის შემცველია, თუმცა მამოგრაფიული კვლევის სარგებელი ბევრად აჭარბებს მის შესაძლო უარყოფით გავლენას. თანამედროვე აპარატები კი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ მინიმალური დასხივების პირობებში მაქსიმალურად კარგი გამოსახულება მივიღოთ იმისთვის, რომ პაციენტის მდგომარეობა შეფასდეს.
,,ჩუმი კიბოს“ მოულოდნელ სიმპტომებად შეიძლება ჩაითვალოს მუცლის შებერილობა, წონის უეცარი ცვლილება და ა.შ. თუ არის კიდევ რაიმე მიმანიშნებელი, რითაც ადამიანს შეიძლება ეჭვი გაუჩნდეს სიმსივნეზე? ასევე, რამდენად შეიძლება ვენდოთ ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სიმსივნისგან დაგვიცავს ბროკოლი, ავოკადო, ზღვის მცენარეები, თხილეული?
- ზოგადად, ეს დამტკიცებულია შესაბამისი კვლევებით, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჯანსაღი კვება ხელს უწყობს, ადამიანმა თავიდან აიცილოს გარკვეული რისკები, ოღონდ მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჯანსაღი საკვები ამას არ შველის. სხვადასხვა სიმსივნის განვითარება მეტ-ნაკლებად განსხვავებულად მიმდინარეობს, გასათვალისწინებელია ოჯახური ანამნეზი, ასევე, მნიშვნელოვანია ყოველდღიური ეკოლოგიური გარემო, რა გარემოში იმყოფება ადამიანი, იტარებს თუ არა სკრინინგს. ყველაფერი ერთად, მათ შორის, პრევენციული ღონისძიებები და სკრინინგი ხელს უწყობს ჩვენი ჯანმრთელობის გაკონტროლებას, რომ, მინიმალური პათოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში, სწრაფად მოვახდინოთ მათი ლიკვიდაცია. ადრეულ ეტაპზე დაავადების გამოვლენა აგვაცილებს შორს წასულ ფორმებს, გართულებებს, ხელს შეუწყობს მკურნალობის ეფექტურობას და საუკეთესო გამოსავალს, რომელიც ხშირად სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება და ხარისხიანი ცხოვრების გარანტიას იძლევა. საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შესაბამის ასაკობრივ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ჯერ არ უსარგებლია სკრინინგ პროგრამით, ან წინა ვიზიტიდან გასულია სარეკომენდაციო პერიოდი, შეუძლია დარეკოს ეროვნული სკრინინგ ცენტრის ცხელ ხაზზე, საინფორმაციო სამსახურში 032 220 35 35, ჩაეწეროს სასურველ კვლევაზე, ან ჩვენი ცენტრის ნებისმიერ ფილიალს მიმართოს.