თავდაცვის მინისტრი ბაზა „ერედვზე“ (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრი ბაზა „ერედვზე“ (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ქართულ ბაზა „ერედვს“ ესტუმრნენ და 42 ბატალიონის ჯარისკაცები მოინახულეს.

ქართველ სტუმრებს ISAF-ის მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა პირადად მოახსენეს ადგილზე არსებული სიტუაცია. თავდაცვის მინისტრი დეტალურად გაეცნო ქართული შენაერთის პასუხისმგებლობის რაიონში არსებულ ოპერატიულ ვითარებას. „დღეს ჩვენ 42-ე ბატალიონში ჩამოვედით. ეს ის შენაერთია, რომელმაც ყველაზე დიდი და მძიმე დანაკლისი განიცადა, მაგრამ ურთულესი ამოცანის შესრულება მაინც შეძლო. დღეს რომ მტერი იოლად ვეღარ უტევს ჰელმანდის რაიონის ამ კუთხეს, ამ ბიჭების დამსახურებაა. საქართველოში მუდმივად გვემახსოვრება ჩვენი ვაჟკაცები, რომლებიც ამ ბრძოლაში დაიღუპნენ. რაც მთავარია, ეს ჯარისკაცები არიან საქართველოს სახელმწიფოებრიობის სტაბილურობის საფუძველი ავღანეთიდან. დიდი სიამაყით ვართ სავსე, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ასეთ რთულ ვითარებაში წარმატებით და პროფესიონალურად ართმევენ თავს დაკისრებულ ამოცანებს. ისინი ახლო კავშირში არიან ამერიკელ სამხედროებთან და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ოპერაციებში უკვე ჩართეს ავღანური უსაფრთხოების ძალები, რაც პასუხისმგებლობის გადაბარებით უნდა დასრულდეს“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

42-ე ბატალიონის მონახულებისას, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ქართველი სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით „გენერალი მაზნიაშვილი“ და „სამშობლოსათვის თავდადებული“ პირადად დააჯილდოვა.

ვიზიტის ფარგლებში, ბაზა „ლეზერნიკზე“ რეგიონალური სარდლობა სამხრეთ-დასავლეთის მეთაურთან გენერალ-მაიორ ვოლტერ მილერთან გაიმართა შეხვედრა. მხარეებმა ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კოალიციის სარდლობამ ქართველ სტუმრებს ოპერაციაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

ამ დროისთვის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ავღანეთში 1600-მდე ქართველი მსახურობს. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ის საზღვაო ქვეითების მხარდაჭერით სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებენ. მათი მთავარი ამოცანა ტერორიზმთან ბრძოლა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობაა.