გენერალ-ლეიტენანტი ქართველი სამხედროების მომზადების დონით კმაყოფილია (ვიდეო)

გენერალ-ლეიტენანტი ქართველი სამხედროების მომზადების დონით კმაყოფილია (ვიდეო)

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ევროპაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი გენერალ-ლეიტენანტი რიჩარდ ტრეიონი იმყოფება. დღეს, ამერიკელი სამვარსკვლავიანი გენერალი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრა. მას მასპინძლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთინებული შტაბის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ გაუწია.

სამხედრო მაღალჩინოსნები სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების ISAF-ის მისიისთვის მზადების პროცესს დაესწრნენ. გენერალ-ლეიტენანტი ტრეიონი კმაყოფილი დარჩა ქართველი და ამერიკელი სამხედროების მომზადების დონით. „ძალიან მნიშვნელოვანია საზღვაო ქვეითების გენერალ-ლეიტენანტის სტუმრობა ჩვენთან. ის ძალიან გამოცდილი გენერალია. მისი საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საკუთარი თვალით ნახოს, თუ როგორ ემზადებიან ქართველი სამხედროები ამერიკელებთან ერთად მისიისათვის ავღანეთში“ - განაცხადა ბრიგადის-გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ.

დღესვე, გენერლები ქართველ და ამერიკელ ინსტრუქტორებს გაესაუბრნენ, რომლებიც ქართველ სამხედროებს ავღანეთში საერთაშორისო მისიისთვის ამზადებენ. მათ ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისი“-ის სიმულაციური ცენტრი და სხვა ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ევროპაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლის შეხვედრები თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელ პირებთან.