დიდ ბრიტანეთთან სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობა ღრმავდება (ვიდეო)

დიდ ბრიტანეთთან სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობა ღრმავდება (ვიდეო)

დღეს, საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ორი ქვეყნის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის რექტორებმა ზურაბ აგლაძემ და პიტერ ვოტკინსმა მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო აკადემიებს შორის შეხვედრები ინტენსიურად გაიმართება, რაც აკადემიური და ადმინისტრაციული პირადი შემადგენლობის უნარ-ჩვევების დახვეწას გულისხმობს. დღეიდან, ორი ქვეყნის უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებს შორის სამხედრო და სამოქალაქო პროგრამების შემუშავება, ხარისხის მართვისა და საგანმანათლებლო მეთოდების შესახებ იდეების გაცვლა დაიწყება. აკადემიების პირადი შემადგენლობა ერთმანეთს პუბლიკაციების მომზადების საკითხებში გაუწევენ რეკომენდაციებს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ასევე, ითვალისწინებს ენობრივი მომზადების უზურნველყოფას და სპეციალისტების მიერ სასწავლო კურსების ჩატარებას.

დღესვე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა ბრიტანელ სტუმრებს სამხედრო სასწავლებელში მიმდინარე რეფორმები და სასწავლო პროგრამები გააცნო. მხარეებმა პოტენციური პარტნიორობის საკითხებიც განიხილეს. შეხვედრის დასასრულს, ბრიტანელმა სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.