თავდაცვის მინისტრი და „ჯარის მეგობართა საზოგადოების“ წევრები ავღანეთში

თავდაცვის მინისტრი და „ჯარის მეგობართა საზოგადოების“ წევრები ავღანეთში

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფება. ირაკლი ალასანიასთან ერთად,  33-ე და 42-ე ბატალიონების სამხედროების მოსანახულებლად ავღანეთში ჩავიდნენ ასევე, „ჯარის მეგობართა საზოგადოების“ წევრები - ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე, ანსამბლი „შვიდკაცა“,  ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი, მამუკა მიქელაძე და გოჩა ტყეშელაშვილი.

ბაზა „ლეზერნიკზე“  დისლოცირებულ ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრმა. მან ჯარისკაცებს საერთაშორისო მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა: „თქვენ ჩვენი ქვეყნის გმირები ხართ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აქ თქვენი სამსახური ბოლომდე იყოს უზრუნველყოფილი, ხოლო თქვენი ოჯახები - სამშობლოში იყვნენ უზრუნველყოფილი. თქვენ ავღანეთში  საქართველოს ღირსებასა და საერთაშორისო უსაფრთხოებას იცავთ“.

„ჯარის მეგობართა საზოგადოების“ წევრებმა ქართველ სამხედროებთან თბილ და მეგობრულ გარემოში გამართეს შეხვედრა. პაატა ბურჭულაძემ 33-ე და 42-ე ბატალიონების ჯარისკაცებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მოკითხვა გადასცა და საჩუქრად ღვთისმშობლის ხატები და ქართული ნობათი ჩაუტანა. ქართველი სამხედროებისთვის ანსამბლმა „შვიდკაცამ“ კონცერტი გამართა. ისტორიკოსმა და დრამატურგმა გურამ ქართველიშვილმა ქართულ კონტინგენტს „გიორგი XI“-ის ეპოქის შესახებ ჩაუტარა ლექცია. „ფონდ „იავნანასი“ და ყველას მადლიერი ვარ, ვინც დღეს ჩვენთან ჩამოვიდა და  კიდევ ერთხელ უთხრეს ჩვენს მეომრებს, როგორ უყვართ ისინი სამშობლოში. ეს ჩვენი ჯარისკაცების მიმართ  მადლიერების გამოხატვა იყო“ -  განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

წარმატებული სამხედრო ოპერაციებისა და ფართომასშტაბიანი სწავლებების დაგეგმვისა და მართვისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის, საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის, თავდაცვის მინისტრმა  ქართველ და ამერიკელ სამხედროებს მედლები „გენერალი მაზნიაშვილი“  და „გენერალი კვინიტაძე“ გადასცა.  ირაკლი ალასანიამ ბრწყინვალების ორდენით ISAF-ის მისიაში ქართული სამხედრო კონტინგენტის მეთაური, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძეც დააჯილდოვა.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ შეხვედრა გამართა ოპერატიული დაჯგუფება „ბელავუდის“ მეთაურთან პოლკოვნიკ სულ-ლაივანთან. საუბრის ძირითადი თემა ავღანეთის საერთაშორისო მისია და პოსტ-ISAF-ის პერიოდი იყო.